მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე , ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით , ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით .

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში (გარდა სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა, რომლის მოქმედების ვადაშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაატაროს სატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციაში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

3. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში მითითებული ცნობის ფორმას და მისი შევსების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6173).

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 -1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

7. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.