მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება

1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას.

1-1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

შენიშვნა:

1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).

2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.

3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

3-1. ამ მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 -1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

5. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375).

6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.