მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან სხვა პირისათვის ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა

1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, –

გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375).

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.