მუხლი 089.-3. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება

1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3. დაცულ ტერიტორიაზე (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია თევზჭერა) პირის ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.