მუხლი 086. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – 

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და  წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4  ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული  ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტი ან ნადირობა აკრძალული სანადირო იარაღით ხორციელდება, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სანადირო იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.