მუხლი 085. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია

1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე.