მუხლი 059.-2. მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, კერძოდ, ორგანიზაციული სახის დარღვევები (დოკუმენტაციის წარმოების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუშაკის დასხივება დადგენილი დოზური ზღვრის გადაჭარბებით ან პაციენტის დაუსაბუთებელი სამედიცინო დასხივება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობაზე ან/და დააბინძუროს გარემო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილ ნორმაზე მეტად –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

6. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან (გარდა ბირთვული მასალისა ან მოწყობილობისა, რადიოაქტიური ნარჩენისა, რადიოაქტიური ნივთიერებისა) მოპყრობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.