მუხლი 058. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა

1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.

3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე .