მუხლი 038. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

1. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს, გარდა ამ კოდექსის 159-5–159-9 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 2-1. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს თვეს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.-

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

3 -1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და ამ კოდექსის 190-1 მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდებისას.