მუხლი 035. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;

3) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;

4) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;

6) სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე შეუძლია არ ცნოს ეს გარემოება დამამძიმებლად.