მუხლი 034. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;

2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;

3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;

4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.

 საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.