მუხლი 032. ადმინისტრაციული პატიმრობა

1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.