მუხლი 024. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;

ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;

ვ) გამასწორებელი სამუშაოები;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს .

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.