მუხლი 016. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება

1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.

1-1. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით.

2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.