პირველყოფილობიდან სახელმწიფოებამდე

Отправлено 20 янв. 2010 г., 5:23 пользователем Davit Chumburidze
უძველესი დროიდან - საქართველოს გაქრისტიანებამდე

პირველყოფილობიდან სახელმწიფოებამდე
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ადამიანის გამოჩენა მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. სწორედ ამ ასაკით განისაზღვრება ჯერ 1991 წ. ხოლო შემდეგ 1999 წ. დმანისის ნაქალაქართან (ქვემო ქართლი) აღმოჩენილი რამდენიმე ადამიანის თავის ქალისა და სხეულის ძვლები, რომლებიც მეცნიერთა მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც ჰომოერეკტუსის ჯგუფის წარმომადგენელთა ნაწილები. ეს იმას ნიშნავდა, რომ დმანისელი ადამიანი აფრიკის შემდეგ უძველესი იყო დედამიწაზე.

კაცობრიობის ისტორია რამდენიმე დიდ ეპოქად არის დაყოფილი: ძველი ქვის ხანა (პალეოლითი), ახალი ქვის ხანა (ნეოლითი), სპილენძ-ქვის ხანა (ენეოლითი), ბრინჯაოს ხანა და რკინის ხანა. 

მათგან ყველაზე უძველესი ძველი ქვის ხანაა, რომელიც პირველი ადამიანის გაჩენიდან იწყება და გრძელდება დაახლოებით 12 ათას წლამდე. პალეოლითი, თავის მხრივ, კიდევ სამ პერიოდადაა დაყოფილი: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა და შუა პალეოლითის ხანის იარაღები ძირითადად ქვის (კაჟის, კირქვის, კვარცის, ობსიდიანის, ანდეზიტის, ბაზალტისა და სხვ.) მასალისგანაა დამზადებული - გაჩორკნილი, გათლილი. ზოგჯერ მიმართავდნენ მეორად დამუშავებასაც - რეტუშირებას, რომელსაც ღებულობდნენ ანატკეცის ნაპირზე ხელჩაქუჩის ან მოგრძო მოყვანილობის რიყის ქვის თანმიმდევრული, ხშირი და მკვეთრი დარტყმებით.

ამ პერიოდში ადამიანი 10-30 კაცისგან შემდგარ „ჯოგებად“ ცხოვრობდა, შემგროვებელი იყო და ამასთან მისდევდა ნადირობას, რასაც ძირითადად ჩასაფრებითა და ხაფანგის დაგებით აკეთებდა. თანდათან მან ისწავლა მეთევზეობაც. ქვედა პალეოლითის ბოლოსთვის ადამიანმა იცოდა ცეცხლის გამოყენებაც. ამავე დროიდან იგი საცხოვრისად იყენებს მღვიმეებს, ეხეებსა და ღია სადგომებს, რომელსაც ხურავდა ხის ძელებით, ტოტებითა და ცხოველთა ტყავით. თითოეულ ასეთ სადგომს ახასიათებდა სამეურნეო დანიშნულების ორმოები და კერა, რომელიც წარმოადგენდა პატარა ორმოს, ხშირად გარშემო შემოწყობილი ქვებით. სადგომების ერთი ნაწილი ხანგრძლივი საბინადრო იყო, ხოლო მეორე ნაწილს ადამიანი ნადირობისა და იარაღის დამზადების დროს იყენებდა. სადგომებში აღმოჩენილია როგორც ქვის იარაღები, ისე მონადირებული ცხოველის ძვლები. მათ შორის იყო არა მხოლოდ კურდღლის, მაჩვის, კვერნის, ჯიხვის, ირმის, ტახის, გარეული ცხენის, დათვის, ფოცხვერის, არამედ მღვიმის ლომის, მარტორქისა და პირველყოფილი ბიზონის ძვლებიც.

ქვედა პალეოლითის ბოლოსთვის ადამიანი იწყებს ტომის წევრის დაკრძალვას, რომელსაც აწვენდნენ ორმოსამარხში, მძინარე პოზაში, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე მწოლიარეს, ხელფეხმოკეცილს. მიცვალებულის ასე დამარხვა მიანიშნებს, რომ უკვე არსებობს პრიმიტიული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ცხოველთა კულტის არსებობა. ამავე პერიოდში ჩნდება სახვითი ხელოვნების პირველი ნიშნები - ქვასა და ცხოველის ძვლებზე გამოსახული ორნამენტული შტრიხები, კლაკნილი, სწორი, გადაჯვარედინებული ხაზები.

ქვედა პალეოლითის ხანის სადგომები აღმოჩენილია როგორც შავიზღვისპირა ზოლში აფხაზეთითურთ (იაშთხვა, ბზიფი, აფიანჩა, ეწერი) და რიონ-ყვირილას აუზში (კაცხი, ჯრუჭულა, საკაჟია, წონა, კუდარო, ძუძუანა), ისე შიდა ქართლში სამაჩაბლოს ჩათვლით (ხაშური, კასპი, დუშეთი, ქარელი, თამარაშენი, თბილისი), ქვემო ქართლში (დმანისი, სამშვილდე, წოფი), ჯავახეთის მთიანეთსა (კუმურდო, ახალქალაქი) და იორ-ალაზნის აუზში (ზიარი, მელაანი, ჭერემი, დავით-გარეჯა).

ცეცხლის გამოყენებამ, სისტემატურად ხორცით გამოკვებამ, თავდაცვითი უნდარის გამომუშავებამ, გამართულად სიარულის დაწყებამ ადამიანს თანდათან განუვითარა ცნობიერება და მეტყველება. იგი შედარებით მოქნილი და გონიერი გახდა. სწორედ ასეთმა ,,გონიერმა ადამიანმა” (ანუ ჰომოსაპიენსმა) განაგრძო ცხოვრება მომდევნო ხანაში - ზედა პალეოლითში.

ზედა პალეოლითში ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მღვიმეებში, იმოსება ცხოველის ტყავით, ისევ ნადირობს, თევზაობს და მცენარეულ საკვებს აგროვებს. შრომაც განაწილებულია: კაცები ნადირობენ, ქალები აგროვებენ, ხოლო მოხუცები ცეცხლის დარაჯნი არიან, რათა გაუქრობლად ენთოს კერა. საცხოვრებელი მღვიმის გასანათებლად უკვე იყენებს ცხოველის ქონისგან გაკეთებულ ჭრაქს. ამავე პერიოდში ყალიბდება წყვილთა ოჯახზე დამყარებული გვარი, რომელშიც ქალი წამყვან როლს ასრულებდა. საქმე იმაში იყო, რომ მაშინ ქორწინება ჯგუფურ ხასიათს ატარებდა და მამის ვინაობის დადგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ნათესაობა განისაზღვრებოდა და დგინდებოდა ქალის ხაზით. შემგროვებელიც ქალი გახლდათ, რაც განაპირობებდა გვარში მის წამყვანობას. ასე ჩამოყალიბდა დედათმთავრული გვარი ანუ მატრიარქატი. გვართა გამრავლების შედეგად მისგან გამოყოფილი ნაწილი ახლოსვე სახლდებოდა და ასე ჩნდებოდა მონათესავე გვარების ერთობა - თემი.

ზედა პალეოლითში მაღალ საფეხურზე ავიდა ქვის წარმოების ტექნიკა. ადამიანი უკვე აკეთებს პრიზმული, კონუსური, სოლისებური და სხვა მოყვანილობის იარაღებს, რომლებშიც წამყვანი ადგილი უკავია საფხეკებსა და საჭრისებს. საფხეკებს პირველყოფილი ადამიანი ტყავის დამუშავებისთვის, ხის, ძვლის გასაფხეკად ხმარობდა, ხოლო საჭრისებს ძვლის დასამუშავებლად იყენებდა. იარაღებში ჩნდება ძვლისა და რქისგან დამზადებული ნივთებიც. მაგალითად, ძვლისგან მზადდებოდა საპრიალებლები, სადგისები, სახვრეტები, ნემსები, ხოლო რქას ხმარობდნენ მიწის ასაჩიჩქნად.

ზედა პალეოლითში პირველყოფილი რელიგია ადამიანთა ყოველდღიურობაში იჭრება. ისინი უკვე აღმერთებენ მოვლენებს, ციურ სხეულებს, საგნებს, ქმნიან კულტებს. ამ პერიოდის ძეგლებში გამოჩენას იწყებს სხვადასხვა სახის სამკაული და ხელოვნების ნიმუშებიც, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ისევ რელიგიურ წარმოდგენებს უკავშირდებოდა. მაგალითად, საგვარჯილეს მღვიმეში ნაპოვნია ცხოველის ლულოვანი ძვლის ნატეხისგან გაკეთებული თევზის ფიგურა, რომელსაც თვალის ადგილას გამჭოლი ნახვრეტი აქვს. ალბათ იგი ავგაროზი უნდა ყოფილიყო, ხოლო საგვარჯილეში აღმოჩნდა ზღვის მოლუსკების ნიჟარებისგან გაკეთებული გულსაკიდი. მღვიმეთა კედლებზე ჩნდება ნახშირითა და სისხლით შესრულებული ნადირობის სცენებიც.

დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი ზედა პალეოლითის ხანის ნაბინადრევთა უმეტესობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული (ხერგულის კლდე, თარო კლდე, სამერცხლე კლდე, საკაჟია, საგვარჯილე, დევისხვრელი, მღვიმევი, იაშთხვა, აფიანჩა, სვანთა სავანე და სხვ.).

დაახლოებით 12-8 ათასწლეულებში მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოყოფს კიდევ ერთ - შუა ქვის (მეზოლითის) ხანას, რომლის დროსაც ადამიანის ყოფაში რაიმე გარდამტეხი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა იხვეწება და ვითარდება მისი იარაღები.

8 ათასი წლის წინ დაიწყო ახალი ეტაპი - ახალი ქვის ხანა (ნეოლითი), რომლის დროსაც ადამიანის ცხოვრებაში ძირეული ცვლილება მოხდა. ცნობიერების განვითარებამ ადამიანი წარმოებამდე მიიყვანა. თუ აქამდე ბუნებაში არსებულ მცენარეულ საკვებს იგროვებდა, ან ნადირობითა და თევზაობით საზრდოობდა, ახლა მან დაიწყო ცხოველების მოშინაურება (მესაქონლეობა), მარცვლეულისა და მცენარეების მოყვანა (მიწათმოქმედება), თიხის ჭურჭლის გაკეთება (მეთუნეობა) და ქსოვა. ამ პერიოდის სამოსახლოებზე მრავლად ჩნდება კვირისტავები, ნემს-მახათები, სადგისები, ანკესები, ბადის საწაფები და სხვა ნივთები. თიხის გამოწვის შესაძლებლობის მიგნებამ ადამიანს ერთი მხრივ სხვადასვანაირი ჭურჭლის გაკეთების საშუალება მისცა, მეორეს მხრივ კი უკეთესი და მრავალფეროვანი საჭმლის მომზადებისა.

ადამიანის საქმიანობის დანაწევრებამ და გამრავალფეროვნებამ ასახვა პოვა შრომისა და სანადირო-საბრძოლო იარაღებზეც. ამ პერიოდის იარაღებში გამოიყოფა ისრისპირები, შურდულის ქვები, ცულები, სატევრები, შალაშინები, სახნისისებრი, თოხისებრი, წერაქვისებრი იარაღები, დანები, საფხეკები და სხვ.

ნეოლითური ნამოსახლარები ძირითადად განლაგებულია ზღვიურ და მდინარეულ ტერასებზე, ბუნებრივ ბორცვებსა და წყალგამყოფ ზეგნებზე. ამ პერიოდის ნამოსახლარები მიკვლეულია აჭარაში (ხუცუბანი, ქობულეთი), გურიაში (ანასეული, გურიანთა, მამათი, ნაგომარი), სამეგრელოში (ოდიში, ურთა), აფხაზეთში (კისტრიკი), რაჭაში (საკაო), იმერეთში (თეთრამიწა, საგვარჯილე), კახეთში (ზემო ალვანი), რომელთაგან საგვარჯილეს გარდა, ყველა ღია სამოსახლოა. 

დაახლოებით ძვ.წ. VI-IV ათასწლეულში ადამიანთა ცხოვრებაში კიდევ ერთი გარდატეხა მოხდა, რამაც მისი ცხოვრება ახალ საფეხურზე აიყვანა. მან მიაგნო საქართველოს ტერიტორიის ზედაპირზე მძალვრად ამოსული სპილენძის მადნის ძარღვებს, მისი დამუშავების წესს, მიხვდა, რომ განსხვავებით ქვისგან სპილენძის ჭედვა შეიძლებოდა და დაიწყო მისგან სხვადასხვა ნივთების დამზადება. მაგრამ იმის გამო, რომ სპილენძი ადვილად დრეკადი გახლდათ, მან ვერ შეძლო მთლიანად ჩაენაცვლებინა ქვის იარაღები.

ენეოლითურ ხანაში ყველაზე ინტენსიური ცხოვრების კვალი დაბლობში მდებარე ნამოსახლარებზე შეინიშნება (ამირანის გორა (ახალციხე), ნაცარგორა, ხიზანაანთ გორა (შიდა ქართლი), შულავერი, არუხლო, იმირი (ქვემო ქართლი)). ამ პერიოდისთვის უკვე ჩნდება დასახლების სხვადასხვა ტიპი. ისევ გამოიყენება გამოქვაბულები, მაგრამ განსაკუთრებულად ჩნდება ალიზით (ნამჯანარევი გამოუწვავი თიხა) ან აგურით ნაგები სახლები. ისინი ძირითადად წრიული ან ოვალური ნაგებობებია, რომლებსაც გუმბათისებური გადახურვა აქვთ და გააჩნიათ სამეურნეო ხაროები და ღუმელი. თავიდან ამ ნაგებობათა ზომა მცირე იყო. მათი ფართობი საშუალოდ 12,5 კვ.მ უდრიდა, ხოლო სავარაუდო სიმაღლე 2,5 მ. თითოეულ ამ ნაგებობას ჰქონდა კარი და გუმბათში დატანებული ხვრელი, რომელიც კვამლის გამტარიც გახლდათ და სარკმლის როლსაც ასრულებდა. ამ სახლების უცილობელი ატრიბუტი გახლდათ კვერცხისებური მოყვანილობის კერა სახლის შუაში, რომელშიც უქრობლად ენთო ცეცხლი. როგორც ჩანს, ასეთი სახლები საცხოვრებლად მოუხერხებელი იყო, რის გამოც შრომითი პროცესები ნაგებობის გარეთ, დასახლების ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. თავდაცვისათვის ნამოსახლარებს, რომლებიც შემაღლებულ ადგილებზე (გორებზე) მდებარეობდა, როგორც წესი, შემოვლებული ჰქონდათ წყლით სავსე თხრილი, ანდა ქვის გალავანი. ხოლო, რაც შეეხება უფრო მაღალმთიან ადგილებში ადამიანთა სამოსახლოს აღმოჩენის ფაქტებს, იგი, ალბათ, ლითონით მდიდარი ადგილების ხელში ჩაგდების მიზნით უნდა აიხსნას.

დამჯდარი ცხოვრების დაწყებამ და მიწათმოქმედებამ თანდათან მოითხოვა ისეთი პირობები, რომელიც აუცილებელი იყო ნაყოფიერებისათვის. ამიტომ იქ, სადაც ნალექები მწირი იყო ადამიანმა დაიწყო ხელოვნური მორწყვა. ამ პერიოდის ნასახლარებზე დადასტურებული მარცვლეულის ნაშთები მოწმობენ, რომ ადამიანს მოყავდა ღომი, ქერი, მაგარი და რბილი ხორბალი. საინტერესოა ისიც, რომ გვალვის საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიების სახით ადამიანს გამოუყენებია ქერისა და ხორბლის ერთად დათესვის წესი.

განვითარება დაიწყო მსხვილფეხა და წვრილფეხა მესაქონლეობამ, რომლის კვალდაკვალ ჩნდება და მკვიდრდება ხარისა და ცხვრის კულტი. ისინი ნაყოფიერების მფარველი ღვთაების წმინდა ცხოველებად უნდა ქცეულიყვნენ. ასე წარმოიდგენდნენ ღვთაებას, რომელსაც ქალის სახე ჰქონდა.

ენეოლითის ხანა ქვის ხანის დამამთავრებელ ეტაპად იქცა. მის შემდეგ, ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, დაიწყო უფრო მაღალი საფეხური, ბრინჯაოს ხანა, რომლის დროსაც განვითარდა მეტალურგია, მამაკაცის შრომაზე დამყარებული მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ხელოსნობა. ხელოვნური შენადნობის ბრინჯაოს გამოყენებამ საფუძველი დაუდო სამეურნეო და საბრძოლო იარაღების სერიულ დამზადებასა და მეტალურგიის განვითარებას.

ბრინჯაოს პერიოდი საქართველოში სამ ნაწილად იყოფა: ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანად.

ადრე ბრინჯაოს კულტურის (ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევარი – III ათასწლეულის I ნახევარი) ძეგლები ძირითადად თავმოყრილია მტკვრისა და არაქსის აუზში. ამიტომ ამ ეპოქას მეორენაირად მტკარ-არაქსის კულტურასაც ეძახიან. მისი სამოსახლოები და სამაროვნები განლაგებულია პლატოებზე, მთის ფერდობებზე, მდინარეთა ნაპირებსა და კონცხებზე. ამ კულტურის სამოსახლოში ხდება რამდენიმე ძირეული ცვლილება: გაჩნდა პატარა საგვარეულო სამოსახლო, რომელთა შენობები ან ერთმანეთის გვერდით, ან პირისპირ და უკანაა განლაგებული. ცვლილება განიცადა საცხოვრებელმა სახლმაც: გუმბათოვანი გადახურვა შეცვალა ბრტყელმა გადახურვამ, რომელიც სახლის ცენტრში აღმართულ დედაბოძზე გახლდათ დამყარებული; გაჩნდა სახლის დერეფანი, რომელიც ან გარს უვლიდა შენობას, ანდა მასზე იყო მიდგმული. დედაბოძთან კეთდება მიწაში ჩადგმული თიხის საგანგებო ჭურჭელი - კერა-ზესადგრები, რომლებიც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების კულტთან და შესაბამისად, საცხოვრისის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენდა. მის უკან გაკეთებული იყო სპეციალური შემაღლება ე.წ. ზედაშე, რომელიც ხშირად იმკობოდა სხვადასხვა საკულტო გამოსახულებებით. ამგვარად, სახლი იმავე დროს საოჯახო სამლოცველოსაც წარმოადგენდა. დასახლებებს უჩნდებათ საგანგებო მოედნები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები (ბოსლები), მთის წვერზე მდებარე მსხვერპლშესაწირი ადგილი სამლოცველოებით. იქვე იმართებოდა სამაროვანიც.

ცვლილებები მოხდა დაკრძალვის წესშიც. ინდივიდუალური სამარხების გვერდით ჩნდება საოჯახო (კოლექტიური) სამარხები – ქვისგან ნაგები აკლდამები. ადამიანებს დაუწყიათ მამაკაცებისთვის იარაღის, ხოლო ქალებისთვის სამკაულის ჩატანება. ამასთან, სამარხებში ჩნდება შეწირული ცხოველის - ხარის ძვლებიც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადამიანი ეგუება გარემოს, ავითარებს ,,გუთნურ” მიწათმოქმედებას (იმდროინდელი გუთანი ირმის რქისგან გაკეთებული მარტივი სახნისი იყო), მისდევს სეზონურ მესაქონლეობას, რომელიც გულისხმობდა როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტვყის, ისე მეცხვარეობის განვითარებასაც, და მასიურად ჩეხავს ტყეებს.

განსაკუთრებით განვითარდა ლითონწარმოება, რაც შესაძლებელი გახდა ბრინჯაოს შენადნობის მიღების მიგნების შემდეგ. სპილენძის გამოყენების შემდეგ ადამიანმა თანდათან ისწავლა, რომ სასურველი ნივთის მისაღებად საჭირო იყო სპილენძის ცხელ მდგომარეობაში ჭედვა. შემდეგ მას სპეციალურ ყალიბებში ასხამდნენ, მიღებულ სასურველ ნივთზე აკეთებდნენ ამოტვიფრასა და მირჩილვას, რის შედეგადაც იღებდნენ სხვადასხვა სახის შემკულობის საჭირო ნივთებს. მტკვარ-არაქსის ადამიანმა, როგორც მასალიდან ჩანს, კარგად იცოდა როგორც სპილენძ-კალის შენადნობის, ისე სპილენძ-დარიშხანის შენადნობის გზით ბრინჯაოს მიღება. უფრო მეტიც, მისთვის ცნობილი იყო ის თავისებურებაც, რაც გამოარჩევდა დარიშხნიან ბრინჯაოს კალიანი ბრინჯაოსგან (დიდი პროცენტულობის დარიშხანი ლითონს მეტ ბზინვარებასა და მოთეთრო ფერს სძენდა). ამ პერიოდში ბრინჯაოსგან ამზადებდნენ არა მხოლოდ საბრძოლო და სამუშაო იარაღს, არამედ სამკაულს, ტანსაცმელთან დაკავშირებულ ნივთებს, საკულტო ფიგურებს (მაგალითად, ვერძის მცირე ზომის ფიგურები).

გარკვეული ცვლილებები განიცადა კერამიკამაც. განსხვავებით წინა პერიოდისაგან, ჭურჭლის უმეტესობა შავპრიალა ზედაპირიანი (შავპრიალა ჭურჭელი მიიღებოდა უკვე გამომწვარი ჭურჭლის ღუმელში საგანგებოდ შებოლვის გზით) და მოვარდისფრო სარჩულიანია, ჭურჭელს უჩნდება ყურები, ზედაპირი იმკობა ორნამენტით, რომელშიც ფართოდ გავრცელდა ორმაგი სპირალები, ტეხილხაზოვანი და სამკუთხედისებური ზოლები, წეროებისა და ირმების თუ ჯიხვების ფიგურები. იწყებენ სადღვებლების გაკეთებას, რაც რძის ნაწარმის გამოყენებაზე მიანიშნებს.

მიწათმოქმედების, მეტალურგიის, მესაქონლეობის განვითარებამ, დასახლებებს შორის დაწყებულმა შეტაკებებმა, რომელსაც ბუნებრივია მამაკაცი აწარმოებდა, წინ წამოწია მისი როლი. დედათმთავრული გვარი მამისეულმა გვარმა შეცვალა და შედეგად პატრიარქალური ეპოქა დაიწყო.
ადრე ბრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურა, როგორც აღინიშნა, ამ მდინარეთა აუზებს მოიცავდა, მაგრამ მის მიღმა ასევე გრძელდებოდა ადამიანთა გვარების განვითარება. მაგალითად, ამ პერიოდში იწყება კოლხეთის ბარის ათვისებაც. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო შავიზღვისპირეთში (აფხაზეთის ტერიტორიაზე) გავრცელებას იწყებს დოლმენური კულტურა. დოლმენი მთლიანი ქვისაგან შედგენილ მიწისზედა (მეგალითურ) ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც საგვარეულო საკრძალავად იყენებდნენ. ისინი გავრცელებული გახლდათ ჩრდილო შავიზღვისპირეთში, მაგრამ ამ დოლმენებში აღმოჩენილი მასალის მიხედვით, აფხაზეთის დოლმენური კულტურა დასავლურ ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილად მოჩანს (განსაკუთრებულად შეინიშნება კავშირი ყვირილას ზემო წელის მეტალურგიულ კერასთან). მათი აგების ტრადიცია ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებისათვის შეწყდა.

ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში დასრულდა მტკვარ-არაქსის ხანა და მის ნაცვლად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელდა ადრეყორღანული კულტურა, რომლის დროსაც მომზადდა საფუძველი ქართველური ტომების და მათი ენის თანდათანობითი დაშლისა.

ადრეყორღანულ პერიოდში, რომლის კულტურის გავრცელების უკიდურესი დასავლეთი საზღვარი ლიხის ქედამდე აღწევს, მიტოვებულ იქნა ძველი საცხოვრებლები, მაგრამ სად და როგორ წარიმართა ადამიანთა შემდგომი ცხოვრება უცნობია, რადგან დღემდე არაა აღმოჩენილი ამ პერიოდის სამოსახლოები. ამ პერიოდში კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე სტეპური ზოლიდან ამიერკავკასიაში შემოდიან ინდოევროპული მოდგმის მომთაბარე-მეჯოგე ტომების გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც თან მოაქვთ მათთვის დამახასიათებელი სტეპური კულტურის ელემენტი - საკრძალავის ახალი სახე - ყორღანი. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რომელიც მათმა გამოჩენამ გამოიწვია, ინდოევროპული ჯგუფები შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას, აითვისეს მათი ენა და კულტურა და მათში გაითქვიფნენ. ამიტომაცაა, რომ ადრეყორღანული და შემდგომ თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურები აგრძელებენ წინა ეპოქების კულტურებს.

ინდოევროპელებთან, როგორც ერთ-ერთ ფაქტორთან, უნდა იყოს დაკავშირებული ამიერკავკასიის მოსახლეობაში მეცხოველეობის, მათ შორის წვრილფეხა საქონლის როლის ზრდა, რომელიც სწრაფად იძლეოდა ნამატს და შესაბამისად, ხელს უწყობდა სოციალურ დიფერენცირებას. ამასთან, იგივე მეცხოველეობის ზრდა უბიძგებდა მოსახლეობას ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისაკენ. მას და ასევე ინდოევროპული ტომების შემოჭრას უნდა ებიძგა მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი მოსახლეობის ნაწილის უფრო სამხრეთით, ანატოლიისკენ გადანაცვლებისთვის, რომლებიც უკვე დასახლებულ, განსხვავებულ გარემოში იჭრებიან და მკვიდრდებიან, მაგრამ არ კარგავენ საკუთარი კულტურის სახეს.

ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი თრიალეთის ,,დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურის” (ასე მას უწოდა არქეოლოგმა ბ. კუფტინმა, რომელმაც პირველად გამოყო კულტურული განვითარების ეს ეტაპი წინა და მომდევნო კულტურებისგან) განვითარების ზენიტია, რომლის ყველაზე მკაფიო მახასიათებელი დაკრძალვის სპეციფიკური წესის არსებობაა. ყორღანი წარმოადგენდა ქვის ან ქვა-მიწაყრილიან ორმოიან ან ორმოს გარეშე სამარხებს, რომელთა საკრძალავი სენაკი იგებოდა ან მშრალი ფილაქვით, ან ხის ძელებით. მათ აღმოსავლეთიდან შესასვლელი (დრომოსი) ჰქონდათ. დადასტურებულია ასევე საკრძალავ სენაკამდე მიმავალი გრძელი მოკირწყლული გზები, რომლებიც უეჭველად რიტუალური მსვლელობისთვის იყო განკუთვნილი და რომლის გავლითაც გარდაცვლილი შეყავდათ საკრძალავში. ამ ტერიტორიაზე ლოკალიზებული კულტურისთვის დამახასიათებელი ჩანს მიცვალებულთა კრემაცია (დაწვა), რომელსაც შემდეგ ხის ოთხთვალა ეტლზე, ურემზე ან სარეცელზე დასვენებულს კრძალავდნენ. ფერფლი კი ყორღანის საკრძალავ სენაკში ხარებშემბული ეტლით ან ურმით შეჰქონდათ. ყორღანის “დასაკრძალავი სენაკის” ან სამარხეული ორმოს კედლების გასწვრივ, როგორც წესი, განლაგებული იყო თიხის ჭურჭელი. ყორღანები, რომელთა ფართობი ზოგჯერ ჰექტრამდე აღწევდა, ტომის ბელადების საკრძალავს წარმოადგენდა.

ყორღანების ეპოქაში მეტალურგიული ნაწარმი ჯერ ისევ სპილენძ-დარიშხნის შენადნობისგან მზადდება, თუმცა უკვე თავს იჩენს კალისგან ნამზადი იარაღიც. ამ პერიოდის ყველაზე გავრცელებულ იარაღად მოჩანს სატევრის პირი და შუბის პირი, ასევე ბრინჯაოს გრძელი მახვილები და ცულები, რომელთა უმეტესობას ამ პერიოდში დამახასიათებელი შუაქედი უჩნდება. სამკაულიდან ხშირად ჩნდება საკინძები, სასაფეთქლე რგოლები, სამაჯურები, საკიდები, მძივები.

რაც შეეხება ლითონდამუშავებას, მაღალ დონეზე ავიდა ოქრომჭედლობა. ამ დროის ოსტატებისთვის ცნობილი ყოფილა ყველა ტექნოლოგიური საიდუმლო - დარჩილვა, ფილიგრანი, გავარსი, ცვარა. ყორღანების დიდი კულტურის ბრწყინვალე ნიმუშებადაა მიჩნეული ფერადი თვლებით ინკრუსტირებული ოქროს სასმისი 1 და ვერცხლის სასმისი 2 რელიეფური გამოსახულებით.

თრიალეთურ კულტურაში გავრცელებულ ფორმად მოჩანს ყელდაბალი და ყელმაღალი დერგები და ქილები. ისინი ძირითადად იმკობოდა ამოკაწრული ორნამენტით (ურთიერთმკვეთი ხაზებით, ბადეებით, რომბებით, სამკუთხედებით და სხვ.), რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურაში გაჩენილი ორნამენტის გაგრძელებას წარმოადგენდა. იმავე დროს, თავს იჩენს რთული გეომეტრიული ორნამენტიც სვასტიკის, ჯვრის, სამკუთხედების, რომბების და სხვა ფიგურების სახით, რომლებიც გამოიყვანებოდა თრიალეთური კულტურისათვის დამახასიათებელი წვრილი წერტილოვანი ხაზებით.

მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთური კულტურის მახასიათებლებში შეინიშნება კავშირები შუამდინარულ, ხეთურ, ხურიტულ და წინა აზიის სხვა კულტურებთან, ის მაინც მტკვარ-არაქსის კულტურის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელმაც განაპირობა კიდეც თრიალეთური კულტურის აღმოცენება. გარემო კულტურებთან მჭიდრო ურთიერთობამ კი მისი სწრაფი დაწინაურება განაპირობა.

ასეთი კონტაქტები განსაკუთრებულად შესამჩნევია რიონის ზემო წელზე გამოვლენილ მეტალურგიულ კერასთან (ღებთან, ბრილის სამაროვანი, იგი დათარიღებულია შუა ბრინჯაოს ხანიდან ვიდრე ახ.წ. III-IV სს. პერიოდით), რომელიც სწორედ აღნიშნულ ხანაში იწყებს დაწინაურებას. ეს პროცესი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ერთი მხრივ მეტალურგიის განვითარებასთან, ხოლო მეორე მხრივ მეცხოველეობის როლის ზრდასთან. ფართოდ გაშლილი სამთამადნო წარმოება და მეტალურგია მაღალმთიან ზოლში მოსახლეობის ზრდას იწვევდა. როგორც ჩანს, რიონის კერის მეტალურგები მადნის ძარღვს ცეცხლით ახურებდნენ, შემდეგ შეასხამდნენ წყალს და ტემპერატურის მკვეთრი მერყეობის შედეგად ძარღვს დახეთქავდნენ, რის შემდეგაც დანაპრალებულ ძარღვს ქვის უროებით დატეხდნენ და ხის გობებით, ტყავის პარკებითა და სხვა საშუალებებით გამოიტანდნენ მაღაროდან. მადნის საბადოს მახლობელ ტყის ზოლში ხდებოდა მადნის გამოწვა და დაწურვა, ხოლო ლითონის შემდგომი დამუშავება და ნივთების ჩამოსხმა უშუალოდ სამოსახლო ადგილებში წარმოებდა. ამ იარაღიდან განსაკუთრებით გამოიყოფა ყუამილიანი ცულები, სატევრისპირები და მასრაგახსნილი შუბისპირები.

ამ პერიოდის ბოლოდან კოლხეთის ტერიტორიაზე გამოჩენას იწყებს ბრინჯაოს ნივთებისგან (ცულების, თოხების, ჭურჭლისგან) შემდგარი განძები, რომელთა გაჩენა, მეცნიერთა მოსაზრებით, დაგროვილი ქონების საიმედოდ დაცვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა, იქვე გასათვალისწინებელია ზოგიერთი ბრინჯაოს ნივთის ერთგვარ ფულად ერთეულად გამოყენებაც.
ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს შუა ბრინჯაოს ხანა გვიანმა ბრინჯაოს ხანამ შეცვალა, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა ორი დიდი კულტურული წრე: დასავლურ ქართული (ანუ კოლხური) და აღმოსავლურ ქართული (იბერიული). სწორედ ამ პერიოდში წინაურდება ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან ჭოროხის აუზში გაჩენილი მეტალურგიული კერა, რომლის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ტომებს უკავშირდება კავკასიაში ახალი ლითონის შემოტანა.

კოლხური კულტურის სამოსახლო მთელ კოლხეთში ხელოვნურად ან ბუნებრივად გამაგრებული კომპლექსების სახით გვევლინება. ნაგებობებიდან ბარში ბატონობს ხის ჯარგვალური სახლები, მთაში კი მათთან ერთად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქვის ნაგებობებიც, რომელთაც ძირითადად ორფერდა გადახურვა ჰქონდათ.

კოლხეთისგან განსხვავებით, სადაც სამოსახლოების მშენებლობა ხელოვნურ და ბუნებრივ ბორცვებზე გამოწვეული იყო როგორც ჭაობიანი გარემოს, ისე მტრისგან თავდაცვით, აღმოსავლეთ საქართველოში, გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში მათი გორებზე შეფენა ძირითადად თავდაცვისუნარიანობის გაზრდით იყო ნაკარნახევი. სწორედ ამავე მიზნით სამოსახლო ბორცვებს შემორტყმული ჰქონდათ თხრილები. ხშირ შემთხვევაში ასეთი გორები გამოყენებული იყო არა მუდმივ საცხოვრისად, არამედ როგორც დედაციხე, სადაც მოსახლეობა თავს აფარებდა შიშიანობის დროს და წარმოებდა კულტმსახურებაც (ასეთი სიტუაცია დადასტურებულია ხოვლეგორაზე, ყათლანიხევსა და ნაცარგორაზე).

ამ პერიოდის იბერიული კულტურის სახლებში სახურავი ძირითადად ეყრდნობოდა ხის სვეტებს, იატაკი მოტკეპნილი თიხის იყო და იდგა  თიხის რთული აღნაგობის ღუმელები. საკულტო სენაკების შემთხვევაში თავს იჩენს თიხის საკურთხევლები, რომლებსაც ხშირად ზურგიანი სკამის მოყვანილობა ჰქონდათ. სამლოცველო სენაკებში კულტისადმი შეწირულებათა შორის ხშირად ჩნდება ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, კერამიკა, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ან თიხისგან გაკეთებული ცხოველების ფიგურები (ვერძი, ხარი, ირემი), ზოგჯერ ანთროპომორფული ქანდაკებებიც. უმეტეს შემთხევევაში ეს ყველაფერი ნაყოფიერების დიდი დედის კულტს უკავშირდებოდა და მის სიმბოლოებს წარმოადგენდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, მელაანში გათხრილი მელიღელეს ძეგლი), შესაძლოა ომის ღვთაებასთანაც ყოფილიყო კავშირში.

კოლხური კულტურის ბარის მოსახლეობა, როგორც ჩანს, მიწათმოქმედებას მისდევდა, მთაში კი გავრცელებული იყო მესაქონლეობა, წიაღისეულით მდიდარ ადგილებში კი განვითარებული გახლდათ სამთამადნო წარმოება. ფართოდ იყო გავრცელებული მეტალურგია, რომლის ნაწარმი არა მხოლოდ დამზადების რეგიონებში მოიხმარებოდა, არამედ ფართოდ გადიოდა სამიწათმოქმედო ბარსა და უმადნო ხეობებში. აღნიშნული პერიოდის სამეურნეო იარაღის განსაკუთრებულ სახეობად ჩამოყალიბდა ბრინჯაოს ცულის ორი ტიპი, რომელთაგან ერთი ახლანდელი წალდის წინაპარს წარმოადგენს და სხვაგან არსად ყოფილა ხმარებაში. მეორე ტიპის ცული კი, რომელმაც მეტსახელად მიიღო კოლხური ცულის 3 წოდება (იგი გავრცელებული იყო ჩრდილო კავკასიიდან ვიდრე შავი ზღვის სამხრეთ ნაპირებამდე), ერთ-ერთ ულამაზეს და მარჯვე იარაღად ითვლება ბრინჯაოს ხანის მსოფლიოში.

აღმოსავლეთ საქართველოში ამას ემატება კიდევ ვაზის სასხლავი დანების აღმოჩენა, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ პერიოდის მიწათმოქმედების დარგებში მევენახეობაც უნდა ყოფილიყო ფართოდ გავრცელებული.

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში კოლხეთისა და იბერიის მოსახლეობაში ფართო გავრცელება ჰპოვა ტანსაცმელთან დაკავშირებულმა ისეთმა ნივთებმა, როგორიცაა სარტყლები 4 და მათთან დაკავშირებული აბზინდები, საკინძები, ბალთები და ღილები. ავი თვალისგან დასაცავად, ასევე საკულტო დანიშნულებით, ფართოდ უხმარიათ ჯვრისებური და ზოომორფული საკიდები, რომელთა შორის განსაკუთრებით სჭარბობს ირმის ფიგურული საკიდები.

აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობაში გავრცელებული ჩანს რამდენიმე ტიპის სამარხი: ორმოსამარხი, ქვევრსამარხი, ქვასამარხი, ხის ფიცრებისგან შეკრული სარკოფაგები და საკრემაციო მოედნები, რომლებშიც მიცვალებულებს ასაფლავებდნენ შემდეგი წესით: 1. ორმოსამარხებში მიცვალებულებს კრძალავდნენ გაშოტილ ან მოკეცილ მდგომარეობაში გვამის ნებისმიერი დამხრობით, 2. ქვის სამარხებში ასვენებდნენ მოკეცილ ან ზოგჯერ მჯდომარე მდგომარეობაში, 3. მეორედ მარხავდნენ ჭურებში, და 4. გვამს წვავდნენ საგანგებო მოედნებზე ინვენტართან ერთად. ამავე საკრძალავი წესის ნაწილი გახლდათ ,,საიმქვეყნიო” საჩუქრების ჩატანება, რომელთა შორის ყვითელი საღებავიც იყო.
ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს ადამიანთა ცხოვრებაში თანდათან იჭრება ახალი ლითონი, რომელიც ბრინჯაოსგან განსხვავებით ჭედვადი იყო. რკინის საბადოების მიგნებამ ადამიანი მის გამოყენებამდე მიიყვანა, რამაც ძვ.წ. VII-VI საუკუნეებიდან მთლიანად შეცვალა ბრინჯაო და მსოფლიოში ახალ ერას დაუდო საფუძველი.

ქართველ ტომთა უძველესი გაერთიანებები და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (დიაოხი, კოლხა, ,,უდაბნოს ცივილიზაცია”)
კოლხური კულტურის პერიოდში სწრაფად წარიმართა ქართველური ტომების კონსოლიდაციის პროცესი, რაც მალე სახელმწიფოებრივი გაერთიანებების შექმნაში აისახა. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება პირველი პროტოსახელმწიფოებრივი გაერთიანებები დიაოხი (ტაოხი, ტაო) და კოლხა (კოლხეთი), რომლებსაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ გარესამყაროსთან. სწორედ მცირე აზიის, ანატოლიის, მესოპოტამიისა და ურმიის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოთა წერილობითი წყაროებით გვექმნება წარმოდგენა ამ ქართულ გაერთიანებათა შესახებ.

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ ტომებს პირველად მოიხსენიებენ ძველასურული წერილობითი წყაროები, რაც დაკავშირებული იყო ამ ქვეყნის ინტერესებით ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხების მიმართ.

ძვ.წ. XIIIს. მცირე აზიის ტერიტორიზე დიდი ცვლილებები მოხდა. ამ საუკუნის ბოლოსთვის დასავლეთიდან მოსულმა ,,ზღვის ხალხებმა” ხეთების 5 ძლიერი სამეფო გაანადგურეს. იმავე დროს ასურელები 6 ანადგურებენ მათ ჩრდილოეთით მდებარე მითანის სახელმწიფოს და იწყებენ ჩრდილოეთში მისი მემკვიდრეობის ათვისებას. სწორედ ამ ტერიტორიაზე, ამ დროს ყალიბდება მრავალი მცირე გაერთიანება, რომლებიც მტერს ერთიანი ძალით უპირისპირდებიან. ამ გაერთიანებათა შორის იყო მდ. ყარა-სუს (დას. ევფრატი) და მურად-სუს ორმდინარეთში წარმოშობილი ,,ნაირის ქვეყნები”, რომელსაც სათავეში უნდა დგომოდა დიაოხი (ასურული წყაროებით დაიაენი). ძვ.წ. XIIს. ბოლოსთვის დიაოხი, რომლის ტერიტორია დღევანდელი არზრუმისა და ყარა-სუს სათავეებიდან ჩრდილოეთით უნდა გავრცელებულიყო, ერთ-ერთ ძლიერ გაერთიანებად ჩანს. ამაზე უნდა მეტყველებდეს მისი გამორჩეული როლი იმ ბრძოლებში, რომლებსაც ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I (ძვ.წ. 1115-1077 წწ.) ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ იხდის. მან ძვ.წ. 1112 წ. ილაშქრა ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში, როგორც ჩანს, ედგა დიაოხის მეფე სიენი. 23 ქვეყნის მეფეებისა და მათ დასახმარებლად წამოსული “ზემო ზღვის” (შავი ზღვის) მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების მეფეების დამარცხების შემდეგ ტიგლათფილესერ I-მა დატყვევებული მეფეები ასურული ღვთაების ერთგულებაზე დააფიცა და ადგილზევე გაათავისუფლა, დიაოხის მეფე კი, როგორც გამორჩეული და მნიშვნელოვანი სამხედრო ტყვე, ასურეთის დედაქალაქ აშურში მიიყვანა. ასურული წყაროს მიხედვით, სიენი მხოლოდ მას შემდეგ იქნა შეწყალებული, რაც ასურეთისადმი ერთგულების ფიცი დადო.

საინტერესოა, რომ მეფე ტიგლათფილესერ I, ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლისას მათ დასახმარებლად მოსულ “ზემო ზღვის” ხალხებს შორის ასახელებს კილხის ქვეყანას, რაც, ალბათ, იგივე კოლხა უნდა იყოს. მოგვიანებით, ძვ.წ. XI-IX სს., აღნიშნული კილხის ქვეყანა უნდა ქცეულიყო იმ ძლიერ სახელმწიფოდ, როგორადაც იგი მოიხსენიება ძვ.წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში, თავისი ,,მეფით”, ,,სამეფო ქალაქებით”, მეფისნაცვლებით და სხვ. აღნიშნულ პერიოდში მან თავისი ძალაუფლება განავრცო სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი შეუწყო აქ მოსახლე ტომების ერთ კულტურულ - ,,კოლხური კულტურის” ერთობად ჩამოყალიბებას.

ძვ.წ. XI საუკუნიდან ასურეთს უხდება თავდაცვითი ომების წარმოება არამეელებთან, ამიტომ მას აღარ აქვს ძალა ჩრდილოეთის მიმართულებით ექსპანსიისა. ძვ.წ. IX საუკუნიდან ასურეთი ხელახლა იკრებს ძალას და იწყებს დაპყრობით ომებს ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ. მაგრამ ამ პერიოდში ასპარეზზე გამოდის ორი სახელმწიფო - ურარტუ 7 და კოლხა, რამაც ვითარება საგრძნობლად შეცვალა. მტრების საფრთხის ქვეშ აღმოჩენილმა დიაოხმა არჩია ასურეთთან კავშირის გზით თავი დაეცვა შემდგომი საფრთხისაგან, ამით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი დიაოხის მეფის ასიას მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც მან ასურეთის მეფე სალმანასარ III-ს (ძვ.წ. 859-824წწ.) ერთგულება შეფიცა მას, შემდეგ რაც მდ. ევფრატზე ასურელებმა ურარტუ დაამარცხეს. მაგრამ დიაოხის მეფეს ამ კავშირმა ვერ უშველა. IXს. ბოლოსა და VIIIს. I ნახევარში გაძლიერებულმა ურარტუმ არა მარტო ჩრდილოეთის გზა გადაუღობა ასურეთს, რითიც ის რკინის საბადოებს მოსწყვიტა, არამედ სამხრეთითაც შეავიწროვა. დიაოხი ურარტუს წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდა.

ძვ.წ. IX ს. ბოლოსა და ძვ. წ. VIII ს. დასაწყისში დიაოხში ლაშქრობს ურარტუს მეფე მენუა, რომელსაც ურარტული წარწერის თანახმად დიაოხი გაუჩანაგებია. მისი მეფე უტუფურსი კი დაუმორიჩილებია. მაგრამ, როგორც ჩანს, დიაოხი არ ეპუებოდა მტერს და წინააღმდეგობას განაგრძობდა. უტუფურსი რამდენიმესგზის აჯანყებულა, რის გამოც მის წინააღმდეგ კიდევ ულაშქრია ახლა უკვე მენუას მემკვიდრეს არგიშთი I-ს. საინტერესოა, რომ ამ ბრძოლების დროს დიაოხს ჰყოლია მოკავშირე სხვა ქართული ტომები (ლოსები (ლაზები), ვიტერუხები (ოძრახენი), ქათარზები (კლარჯები)). ამ ორი მეფის მიერ განხორციელებული ლაშქრობის ამსახველი ურარტული წარწერები ცხადად მიუთითებენ, რომ მენუასა და არგიშთი I-ის დროს დიაოხი ძლიერი ქვეყანაა, სადაც კარგადაა განვითარებული მესაქონლეობა და მეტალურგია. ამავე წარწერების მიხედვით ცხადია, რომ ურარტუს მეფეებს არა მხოლოდ დიაოხის დახარკვა ჰქონიათ განზრახული, არამედ მისი ტერიტორიების მიერთებაც. საბოლოოდ, ამ ლაშქრობებმა დაასუსტა დიაოხი, რასაც იმავე ძვ.წ. VIII ს. შუა ხანებში მისი დაცემა მოჰყვა.

კოლხამ მისი ჩრდილოეთის ტერიტორიები მიიტაცა და ურარტუს უშუალოდ გაუმეზობლდა. ამიერიდან სწორედ ეს ორი ქვეყანა - კოლხა და ურარტუ უპირისპირდება ერთმანეთს.

ურარტული წარწერების მიხედვით ურარტუს მეფე სარდურ II-ს პირველი ლაშქრობა კოლხას წინააღმდეგ ძვ.წ. 750-748 წწ. მოუწყვია. მეორეჯერ იგი ძვ.წ. 747-741 წწ. დასხმია თავს ქართულ სახელმწიფოს. დაუპყრია კოლხეთის მეფის “სამეფო ქალაქი” ილდამუსა, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და შესაძლოა, საკულტო ცენტრი, სადაც მეფისნაცვლები მსხდარან. დაურბევია და გაურეკია მოსახლეობა და საქონელი. შემდეგ კი გამარჯვების აღსანიშნავად რკინის ბეჭედი გაუკეთებია და წარწერა დაუდგამს ილდამუსაში.

ურარტუელთა დაინტერესება კოლხეთის სამეფოთი გასაგებია. მის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხი საკმაოდ განვითარებული ჩანს. განსაკუთრებით ეს დაინტერესება უნდა გამოეწვია ახალი ლითონის – რკინის საბადოებით მდიდარ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებს, სადაც ფიქსირდება კიდეც უძველესი კერები რკინის დამუშავებისა. ამას გარდა, კოლხეთის სიძლიერე, რომელიც ბერძნულ მითოსშიც აისახა, ურარტუს უბიძგებდა კოლხას დამორჩილებისკენ.

სწორედ ამ პერიოდში გაეცნენ ბერძნები პირველად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს. ამ ქვეყნის ძლიერებამ და ბრწყინვალებამ, რომელმაც მოხიბლა ბერძნები, ასახვა ჰპოვა კიდეც მითში არგონავტების 8 შესახებ.

მაგრამ უკვე ძვ.წ. VIII ს. 20-იან წლებში ამიერკავკასიას ქარიშხალივით გადაუარეს ჩრდილოეთიდან შემოსულმა კიმირიელთა ტომებმა, რომელთან შეტაკებასაც კოლხას სამეფო შეეწირა. 

კიმირიელთა და შემდეგ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გზით (დარუბანდის კარით) სკვითების კავკასიაში შემოჭრის დროისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უკვე არსებობდა რამდენიმე პოლიტიკური გაერთაიანება. მათში ერთი გაერთიანების (მას ,,უდაბნოს ცივილიზაციას” ეძახიან) ცენტრი მდინარე იორსა და მტკვარს შორის არსებულ ზეგანზე მდებარეობდა. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე აქ უკვე არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლებები, რომლებიც რკინის წარმოების დიდი ცენტრები უნდა ყოფილიყო. მეცნიერთა ვარაუდით ამ მოსახლეობას აღნიშნული ტერიტორია მას შემდეგ უნდა დაეტოვებინა, რაც რკინის დამუშავების დიდმა მასშტაბებმა გარემოს გაუკაცრიელება და გაუდაბურება გამოიწვია.

ამავე II-I ათასწლეულების მიჯნაზე კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება უნდა ყოფილიყო თრიალეთშიც, რომელიც ასევე მოიცავდა ქართლს.

ქართლი და კოლხეთი ძვ.. VI-I ს.ს.
მოყოლებული VIII საუკუნიდან ვიდრე VI საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა შესახებ წყაროები თითქმის დუმან. მხოლოდ ძვ.წ. V ს. ბერძენ ავტორებთან იწყება ცალკეული ცნობების გაჩენა მათ შესახებ.

ამ პერიოდში საქართველოს სამხრეთით ძირეული ცვლილებები მოხდა: მცირე აზიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 676 წ. ბოლო მოეღო ფრიგიის მუშქთა სამეფოს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველური ტომები - მესხები, რომელთაც ძველი წყაროები მოიხსენიებდნენ როგორც მუშქებს. ისინი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე (მცირე აზიის ტერიტორიაზე) და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად, ცნობილია, რომ მუშქებმა მონაწილეობა მიიღეს ხეთების ძლიერი სახელმწიფოს ფორმირებაში. ხეთურ კულტურას ზიარებული მუშქები ძვ.წ. XIII ს. ხეთის განადგურების შემდეგ იწყებენ მოძრაობას სხვა ტერიტორიებისკენ. ასურული წყაროების მიხედვით დაახლოებით ძვ.წ. XII საუკუნიდან მათ სამხრეთისაკენ უნდა დაეწყოთ მოძრაობა. ისინი შედიან და მკვიდრდებიან ჩრდილო შუამდინარეთში მდინარე ევფრატის ზემო წელში, სადაც ისინი ეჯახებიან ასურელებს. მიუხედავად მუშქთა არაერთი მარცხისა, ასურეთის მეფეებმა ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ მუშქთა უფრო სამხრეთით გაჭრას და მოგვიანებით მათი მონაწილეობით ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ძვ.წ. X ს. მუშქების მიერ შექმნილმა მუშქთა სამეფომ, რომელსაც ბერძნები ფრიგიის სამეფოს ეძახდნენ, ძვ.წ. 676 წლამდე იარსება, ვიდრე იგი ურარტუს მეფე რუსა II-მ კიმირიელთა დახმარებით არ გაანადგურა. მუშქთა სამეფოში დამპყრობთა ამ დამანგრეველი ლაშქრობის გაგების შემდეგ ფრიგიის ლეგენდარულ მეფე მითას (ბერძნები მას მიდასს უწოდებენ) თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე. სწორედ მუშქთა სამეფოს განადგურების შემდეგ დაიწყეს მუშქებმა ჩრდილოეთისკენ სვლა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. თავდაპირველად ისინი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მკვიდრდებიან, სადაც ძვ.წ. IV საუკუნისათვის უნდა შეექმნათ პოლიტიკური გაერთიანება. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.) მას მოსხიკეს (მოსხთა ქვეყანას) უწოდებს. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ეს უნდა იყოს სწორედ ის გაერთიანება, რომელიც ,,მოქცევა ქართლისა”-სეულ არიან-ქართლს შეესაბამება. ამას გარდა, მესხები უფრო ჩრდილოეთითაც იწყებენ გავრცელებას და სახლდებიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. იმ ადგილებში სადაც მესხთა ანუ მუშქთა ტომი დამკვიდრდა, დღემდე შემორჩა მათი სახელის აღმნიშვნელი ტოპონიმები. მაგალითად, მესხეთი, სამცხე, მცხეთა (რაც მესხთა ქალაქს ნიშნავს). აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი გაერთანებების დასაწყისი და მშენებლობა სწორედ მესხების ტომთანაა დაკავშირებული. მათ სახელს უკავშირებს მეცნიერთა ნაწილი კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქების ქართლში გამოჩენასაც. პირველ რიგში ასეთ ქალაქთა შორის იგულისხმება უფლისციხე, რომელიც ქართლის ტერიტორიაზე არსებული გაერთიანების ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ამას გარდა, 625 წ. ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მიდიის სამეფო, რომელმაც ქალდეურ ბაბილონთან ერთად 605 წ. გაანადგურა ასურეთის სამეფო. 590 წ. დაეცა ურარტუს სახელმწიფოც, რამაც განაპირობა ურარტუელთა გარკვეული ნაწილის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში აითქვიფნენ და კვალად მხოლოდ ცალკეული სიტყვები დატოვეს (ყირამალა - ყირა მიწას ნიშნავს, ხოლო მალა – თავს; ივრი არალე, თარი არალე - არალე მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება იყო ძველ აღმოსავლეთში, ხოლო ივრი და თარი მისდამი ლოცვის მანიშნებელი სიტყვებია – უფალო არალე, მოგვეც არალე).

მაგრამ მიდიელთა ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ.წ. 550-549 წ. სპარსეთის პროვინციის აქემენიდური დინასტიის წარმომადგენელმა კიროს II დიდმა (558-530 წწ.) შესძლო, დაამარცხა მიდიის მეფე და ბოლო მოუღო მიდიის სამეფოს. მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ახალი აქემენიდური ირანი, რომლის ტერიტორია მალე გადაიჭიმა შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე.

ამ უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში, როგორც ჩანს, არ შესულა მთელი საქართველო. ირანის ბატონობის უღელი უფრო მეტად მძიმე იყო სამხრეთ ქართული ტომებისათვის, რომლებიც ირანის სამეფოს XVIII ადმინისტრაციულ ერთეულში, სატრაპიაში მოექცნენ და როგორც დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათაც დაეკისრათ განსაზღვრული რაოდენობის გადასახადი. ეს სატრაპია ქართულ წერილობით წყაროებში ,,არიან ქართლად” იწოდება. ჰეროდოტე მასში შემავალ ტომებს შორის ასახელებს მაკრონებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მოსეხებს და მარებს (III,94). ძვ.წ. V ს. ბერძენი ისტორიკოსის ცნობით ჩანს, რომ თავად კოლხეთი სატრაპიად არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ იგი მაინც იხდიდა გარკვეულ გადასახადს, რაც გამოიხატებოდა ნებაყოფლობით საჩუქარში - კოლხები ირანელებს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მიართმევდნენ ას ჭაბუკსა და ას ქალწულს.

ამ პერიოდისთვის კოლხეთის სამეფოში, რომლის პოლიტიკური ცენტრი მდინარე ფაზისზე (თანამედროვე რიონი) უნდა ყოფილიყო, უკვე დაარსებულია ბერძნული ახალშენები. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისევე, როგორც მის სხვა ნაწილებში, ბერძნული ქალაქების დაარსებაში მთავარ როლს თამაშობდა მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე წარმოშობილი ბერძნულ-იონური ქალაქი მილეტი. უკვე ძვ.წ. VIII ს. ბერძნული ახალშენები უნდა გაჩენილიყო სინოპში, ამისოში, ტრაპეზუნტში, კოტიორაში, კერასუნტში. შემდეგ კი თანდათან ახალშენები ჩნდება საქართველოს ტერიტორიაზეც. ასეთი ახალშენებიდან ცნობილია ფაზისი (დღევანდელი ფოთის მიდამოებში), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (იგივე სებასტოპოლისი, სოხუმი). მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ბერძნული ახალშენი ერთნაირი მნიშვნელობის ცენტრად ვერ იქცა. ჩვეულებრივ, ბერძნული ახალშენები ახერხებდნენ თავიანთი გავლენა გაევრცელებინათ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც გამოხატულებას ჰპოვებდა როგორც კულტურულ თუ რელიგიურ, ისე პოლიტიკურ სფეროშიც. ზოგჯერ ქმნიდნენ პოლიტიკურ გაერთიანებებსაც. მაგალითად, ასე მოხდა ჩრდილო შავიზღვისპირეთში, სადაც ბერძნულმა ახალშენებმა მალე ძლიერი სახელმწიფო - ბოსფორის სამეფო ჩამოაყალიბეს, დედაქალაქით პანტიკაპეაში. ამ სამეფოში ბერძნებს გარდა შედიოდნენ სკვითები, სარმატები, სინდები, მეოტები და სხვ.

მსგავს, თუმცა არა ასეთი მაშტაბის მქონე როლს თამაშობდნენ ბერძნები სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთში, სადაც ასევე არსებობდა პოლიტიკური კავშირი სინოპის მეთაურობით.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, აქ ბერძნულმა ახალშენებმა მსგავსი ძალაუფლების ხელში აღება ვერ მოახერხეს, რაშიც დიდი როლი ითამაშა გარემო ფაქტორებმა. კოლხური მოსახლეობა გაცილებით მაღალი კულტურის, სოციალ-ეკონომიკური განვითარების საფეხურზე იდგა, თუნდაც იგივე ჩრდილო შავიზღვისპირა ტომებთან შედარებით. შორს იყო წასული ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური და ეთნიკური კონსოლიდაციაც. შავი ზღვის აღმოსვლეთ სანაპიროზე ბერძნების პირისპირ აღმოჩდნენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ზღურბლზე მდგარი ქართველური ტომები, რომლებთანაც ელინებს ალბათ მძაფრი ბრძოლა უნდა გადაეტანათ. ასეთ ვითარებაში, როგორც მეცნიერები მიუთითებენ, კოლხეთში ახალშენების დაარსება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ თუ ეს კოლონიები ადგილობრივი მოსახლეობის საქალაქო ცენტრებად ჩამოყალიბდებოდნენ, რომელთა ცხოვრებაშიც ბერძნებს ნაკლები როლი დაეკისრებოდათ. მეორე მხრივ კი ადგილობრივ ტომობრივ არისტოკრატიას ასევე უნდა ჰქონოდა ბერძენთა კოლხეთში დასახლების ინტერესი, როგორც ვაჭრობის ხელშემწყობი საშუალებისა. ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ კოლხეთის საზღვაო ქალაქები შერეული ტიპის ქალაქებად ჩამოყალიბდა. ეს პოლისები თავიდანვე უნდა მოქცეულიყვნენ ადგილობრივ ტომთა გაერთიანების გავლენის ქვეშ და ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც კოლხეთის სამეფოს დამორჩილებოდნენ.  ისინი კოლხეთის სამეფოს საქალაქო ცენტრებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ბერძნულ სავაჭრო ქალაქებთან მაკავშირებლის ფუნქცია ჰქონდათ.

ამ სავაჭრო ქალაქების გზით ხორციელდებოდა კოლხეთის მოსახლეობის ცხოველი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ბერძნულ სამყაროსთან, ისე სირიასთან, ეგვიპტესთან და ბოსფორის სამეფოსთან. რაც მთავარია, ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათის იყო. კოლხეთიდან გაჰქონდათ სახელგანთქმული სელი, თაფლი, ფისი, ცვილი, ხე-ტყე, რომელიც საუკეთესო იყო გემთმშენებლობისთვის, რკინა, ხოხობი (რომელმაც თავისი განსაკუთრებულობის გამო სახელიც კი ფაზისიდან მიიღო - ,,ფაზისური”). იმპორტის სახით კოლხეთში შემოდიოდა სხვადასხვა ფუფუნების საგნები - ძვირფასი ჭურჭელი, სამკაულები, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ნელსაცხებლები. ეს იმპორტული საქონელი მიმოქცევაში იყო არა მხოლოდ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში, არამედ გადადიოდა იბერიაშიც (მაგალითად, შავლაკიანი ჭურჭელი). კოლხეთიდან გაჰყავდათ მონებიც. ანტიკურ წყაროებში არაერთხელ იჩენს თავს კოლხი მონების სახელდება. ბერლინში, მაგალითად, დაცულია ატიკაში ნაპოვნი ძვ.წ. VI ს. ჰიდრია – თიხის ჭურჭელი, რომელზე შესრულებული წარწერა ამბობს, რომ ,,კოლხმა გამაკეთა”-ო. მსგავსი შემთხვევა სხვა ჭურჭელზეც დაფიქსირდა, მაგალითად, ათენში აღმოჩენილ ამფორაზე შესრულებული წარწერა ამბობს, რომ ამფორა კოლხმა მოხატა.

კოლხეთისა და გარესამყაროს ამ ინტენსიურ ურთიერთობაზე მოწმობენ შავი ზღვის ბერძნულ ქალაქებში აღმოჩენილი კოლხური მონეტები – კოლხური თეთრი 9, ათენიდან, იონიიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან შემოტანილი ამფორები, შავლაკიანი კერამიკა, ფერადი მინისა და პასტის მძივები, ნელსაცხებლები და სხვ.

ძვ.წ. V ს. ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიხედვით კოლხეთის სამეფოს სათავეში მეფე მდგარა, რომელიც აიეტის შთამომავალი იყო. სამეფო, რომლის ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახლდათ, დაყოფილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - სკეპტუხიებად, რომელთაც არისტოკრატიული ფენის წარმომადგენლები მართავდნენ. სკეპტუხიების მთავარი ქალაქები შიდა პოლიტიკური და რელიგიური ცენტრები უნდა ყოფილიყო. ასეთ ქალაქთა შორის იყო ვანი და საირხე. წლების მანძილზე აქ წარმოებულმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაკეთებულმა აღმოჩენებმა კოლხეთის სამეფოს კულტურული, რელიგიური და სოციალური ცხოვრების ფურცლები დაწერეს.

ძვ.წ. IV ს. ბოლოს კოლხეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა.

ძვ.წ. IV ს. ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის აქემენიდური სამეფოს განადგურებამ ქართულ ტომებს თავისუფლება მოუტანა, მეორეს მხრივ კი ეს თავისუფლება ადგილობრივ ბელადებს სამემკვიდრეო მამულების გაფართოების შესაძლებლობას აძლევდა. ამ ბრძოლაში შესაძლოა მათ გამოეყენებინათ გარეშე ძალაც. ერთი მხრივ შინა ვითარების მომწიფებასა და მეორე მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარ ცვლილებებს ერთგვარად უნდა დაეჩქარებინა ქართლის სამეფოს წარმოქმნა.

323 წ. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს - დიადოხოსებს შორის დაიწყო ალექსანდრეს იმპერიის დანაწილება და ახალი ქვეყნების მიტაცება. ამ ბრძოლის შედეგად ძვ.წ. III ს. 80-იან წლებში სამი დიდი ელინისტური სახელმწიფო ჩამოყალიბდა: თრაკიის, რომელიც მოიცავდა ელინისტური სახელმწიფოს ევროპულ ნაწილსა და შავი ზღვის სამხრეთ ტერიტორიას, მას სათავეში ედგა ლისიმაქე; სირიის სელევკიდური სამეფო, რომელიც გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ირანამდე და მას მართავდა სელევკი; და ეგვიპტის სამეფო, რომელსაც სათავეში ედგა პტოლემაიოსი. დიადოხოსებს შორის ტერიტორიების გადანაწილების დროს ალქსანდრეს სახელით საქართველოში უნდა ელაშქრა ლისიმაქეს, რაც აისახა სწორედ “ქართლის ცხოვრებაში”. ქართული წყაროების მიხედვით ამ ლაშქრობას ტომთა ბელადების დიდი ნაწილი წინააღმდეგობით შეხვდა, ბევრი ბრძოლაშიც დაიღუპა (მაგალითად მცხეთის მამასახლისი სამარა და მისი ძმა), მაგრამ მეორე ნაწილი არიან-ქართლის მმართველის აზონის სახით მტრის მხარეზე გადავიდა და მის სამსახურში ჩადგა. სანაცვლოდ მან დაპყრობილი ქართლის მმართველობა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ აზონი ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ბელადი გახლდათ, მოსახლეობისთვის იგი მაინც დამპყრობელი იყო, რომელიც ძალისმიერი საშუალებით ცდილობდა ტახტის შენარჩუნებას. მაგალითად, ლეონტი მროველის მიხედვით აზომ ბრძანება გასცა ვისაც კი საჭურველს უპოვიდნენ ყველა მოეკლათ.

ასეთ ვითარებაში ქართლის განთავისუფლებისათვის ჯერ, და შემდეგ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის ბრძოლას იწყებს მცხეთის ყოფილი მამასახლისის სამარას ძმისშვილი ფარნავაზი, რომელიც ასპარეზზე გამოდის აზოსთან დაახლოებით და თავის გამოჩენით, როგორც კარგი მონადირე.

XI ს. ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრების” მიხედვით, ფარნავაზი 3 წლის იყო როცა დაობლებული დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. იგი კარგი მონადირე დადგა, და ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს (საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქართველთა ცხოვრებაში ნადირობა ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია და მთავარი გმირების, შესაბამისად საქართველოს ისტორიაშიც, რაღაცის სასრულად და საწყისად გვევლინება. ასე იყო ფარნავაზის შემთხვევაში, ასე იყო მირიანის, ვახტანგ გორგასლის და სხვათა შემთხვევაშიც. აქვე შეიძლება დასახელდეს ასურელი მამების ცხოვრებებიც) მან იპოვა განძი, რომელიც გამოიყენა ჯარის დასაქირავებლად და აზოს წინააღმდეგ კამპანიის წარსამართავად.

ალექსანდრე მაკედონელის დიადოხოსთა შორის ამტყდარი ომების უკანასკნელ ეტაპზე, ლისიმაქეს დამარცხების შემდეგ, ქართველ ტომებზე გავრცელდა თრაკიის სახელმწიფოში ჩამოყალიბებული პონტოს სამეფოს იურისდიქცია, ამდენად ფარნავაზის გამოსვლა აზოს წიმააღმდეგ პონტოსთან დაპირისპირებასაც ნიშნავდა. ამიტომ ფარნავაზმა, ჯერ კავშირი გააბა ეგრისის მმართველთან ქუჯისთან, რომელმაც მას არათუ დახმარება აღუთქვა ბრძოლაში, არამედ აღიარა კიდეც იგი, როგორც უპირატესი და ქართლის სამეფოს მომავალი მეფე. ფარნავაზისა და ქუჯის მოწოდებას ქვეყნის სხვა კუთხეებმაც დაუჭირეს მხარი. ფარნავაზმა და ქუჯიმ ლეკებისა და ოსების სახით დამხმარე ძალა  გადმოიყვანეს ჩრდილო კავკასიიდანაც. ამას დაემატა აზონის მომხრეებში განხეთქილების ჩამოგდება, რის შედეგადაც აზოს ჩამოსცილდა 1000 მებრძოლი და ფარნავაზს მიემხრო. აზო მიხვდა, რომ ბრძოლას ვერ შეძლებდა, კლარჯეთში - თავის სამემკვიდრეო მამულში გადავიდა დად ა აქედან გააგრძელა მზადება ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.

ფარნავაზი მცხეთაში შევიდა და მთელი ქართლი დაიკავა. მან კარგად იცოდა, რომ ომი ჯერ არ დამთავრებულიყო. აზოსთან, როგორც პონტოს სამეფოს მომხრესთან დაპირისპირებისთვის მას სჭირდებოდა ასეთივე დიდი მოკავშირე, რომელიც თავისი მორალური დახმარებითაც კი დიდ სამსახურს გაუწევდა ქართველებს. ასეთ მოკავშირედ ფარნავაზმა “აირჩია” დიადოხოსების ომიდან ტრიუმფით გამოსული სელევკიდების სამეფო. ფარნავაზმა წარავლინა მოციქული ანტიოქოს I-თან, აღუთქვა მას მორჩილება და დახმარება სთხოვა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. ცხადია, ქართველი დიდებულის ,,მსახურება” ანრიოქოს I-ს გავლენის სფეროს გაფართოების საშუალებას აძლევდა, ამიტომ ბუნებრივია სირიის მეფემ სიხარულით ,,შეიწყნარა” ფარნავაზის თხოვნა და თანხმობის ნიშნად მას სამეფო ინსიგნიები გამოუგზავნა, ხოლო სომხეთის ერისთავებს ქართველთა დახმარება უბრძანა. ქართული წყაროს თანახმად, სომხების ერთმა ნაწილმა მართლაც მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში, მაგრამ ფარნავაზისთვის მთავარი მაინც სელევკიდური სამეფოს, როგორც მისი მოკავშირის ფიგურირება იყო.

გადამწყვეტ შეტაკებაში, რომელიც ერთი წლის შემდეგ არტაანთან მოხდა, აზო ბრძოლის ველზე დაიღუპა და კლარჯეთიც ფარნავაზს დაექვემდებარა. პონტოს მეფე მითრიდატე, რომელსაც რომაელებიც პრობლემად ქცეოდნენ, იძულებული გახდა ეცნო ქართული მიწების დაკარგვა.

გამარჯვების შემდეგ ფარნავაზმა ერთგულება დაუფასა იმ 1000 ქართველ მებრძოლს, რომლებიც აზოს გადაუდგნენ და ფარნავაზის მოკავშირენი გახდნენ და ისინი აზნაურობამდე აამაღლა.

ქართლის განთავისუფლების შემდეგ 27 წლის მეფე ფარნავაზი ქვეყნის გაძლიერებას შეუდგა, რისთვისაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება მოუხდა:

1. ადმინისტრაციული რეფორმა: XIს. ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით, მეფემ ქართლის სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - საერისთავოებად. სულ შვიდი საერისთავო იყო: 1. ეგრის-სვანეთის (რომელსაც ქუჯი მართავდა); 2. არგვეთის; 3. კუხეთი და კახეთი; 4. გარდაბანი; 5. ტაშირი და აბოცი; 6. ჯავახეთი, კოლა და არტაანი; 7. სამცხე და აჭარა; 8. კლარჯეთი. ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად იყო გამოყოფილი შიდა ქართლის ტერიტორია, რომელიც საგამგებლოდ გადაცემული ჰქონდა საქართველოს ჯარების მეთაურს - სპასპეტს. საერისთავო წარმოადგენდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ და სამხედრო ერთეულს, რომლის სათავეშიც მეფის მოხელე – ერისთავი იდგა. ისინი ექვემდეარებოდნენ ქართლის გამგებელს – სპასპეტს. თავის მხრივ ერისთავების ხელქვეითნი იყვნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობითაც ქართლის სამეფოში იკრიბებოდა სამეფო და საერისთავო გადასახადი.

2. რელიგიური რეფორმა: ერთიანი სახელმწიდო ერთ მთავარ კულტს საჭიროებდა, რომელიც ადგილობრვი მრავალი ღვთაების გვერდით იარსებებდა, მაგრამ იმავ დროს იქნებოდა ყველაზე აღმატებული და უმთავრესი. ასეთ ღმერთად მეფემ არმაზი გამოაცხადა, რომელიც ლეონტი მროველის სიტყვებით, სპარსულად ფარნავაზს ნიშნავდა. არმაზი გახლდათ მთვარის ღვთაება, რომლის თაყვანცემა ქართველ ტომებში მიწათმოქმედების განვითარების კვალდაკვალ ჩაისახა და გავრცელდა. ღვთაებათა ანთროპომორფიზაციის შედეგად მთვარის ღვთაება ქართველებში მამაკაცის სახით ჩამოყალიბდა. ასეთივე გარეგნობა ჰქონდა არმაზის ღვთაებასაც: იგი გახლდათ ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მეომრის გამოსახულება, რომელსაც ოქროს აბჯარი და მუზარადი ჰქონდა, ხელში ხმალი ეჭირა, ხოლო თვალებად ლალისა და ზურმუხტის თვლები ჰონდა ჩადგმული. რაც შეეხება სიტყვა არმაზს, იგი საქართველოში უნდა შემოეტანათ ხეთურ კულტურას ზიარებულ მესხურ ტომებს. სწორედ ხეთურ პანთეონში იყო ცნობილი ასეთივე მთვარის ღვთაება (ხეთურად Aრმას მთვარის ღვთაებას ნიშნავს). ფარნავაზმა მთავარი ღვთაება ქართლის უმთავრეს მთაზე, მცხეთის მოპირდაპირედ, ქართლის ქედზე აღმართა, რომელსაც ამიერიდან არმაზის მთა ეწოდა.

3. კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა: ლეონტი მროველის გადმოცემით მეფე ფარნავაზმა შექმნა დამწერლობა ქართული, განავრცო ენა ქართული ,,და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული ენა გახდა სახელმწიფო ენა.
ფარნავაზმა გაამაგრა და გააშენა მცხეთა. ქართლის მთის ძირში ააგო ახალი რეზიდენცია არმაზციხე, რომელიც ერთი მხრიდან “მოზღუდული” იყო მთებით, ხოლო მეორე მხრივ - მდინარე მტკვრით.

მეფის თავდაცვითი სისტემის მშენებლობა ამით არ დასრულებულა. მის დროს აიგო შორაპანი და დიმნა, რომელნიც, მეფის პოზიციების განმტკიცების გარანტნი უნდა ყოფილიყვნენ დასავლეთ საქართველოში. ამავე დროს ქუჯის მიერ აშენდა, შემდეგში ეგრისის ცენტრად ქცეული, ციხეგოჯი (იგივე ნოქალაქევი, ბერძნების მიერ არქეოპოლისად წოდებული).

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა დინასტიურ ქორწინებასაც, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩრდილო კავკასიელებთან კავშირისთვის მან ცოლად შეირთო დურძუკთა ბელადის ასული, ერთი და მიათხოვა ოსთა ბელადს, ხოლო მეორე ეგრისის ერისთავის, ქუჯის მეუღლე გახდა.

ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზმა 65 წელი იმეფა. 92 წლის გარდაცვლილი მეფე არმაზის ფეხებთან დაკრძალეს.

ფარნავაზის შემდეგ ქართლის მეფე გახდა მისი ვაჟი საურმაგი, რომელმაც გააგრძელა მამის საგარეო პოლიტიკა და ,,მსახურებდა მეფესა ასურასტანისასა (სელევკიდებს)”, თუმცა პრობლემები შეექმნა ქვეყნის შიგნით. ქართლის ერისთავთა ერთ ჯგუფს, როგორც ჩანს, ძალაუფლების გაზრდისათვის, გადაეწყვიტა მისი თავიდან მოცილება. ამ მოძრაობას იმდენად ფართო ხასიათი მიუღია, რომ საურმაგს გაცლა უმჯობინებია. მაგრამ მისთვის დახმარება შეუთავაზებიათ იმ გააზნაურებულ დიდებულებს, რომლებიც აზოს განუდგნენ და ფარნავაზის მხარეს დადგნენ, ხოლო ფარნავაზმა იმით დაუფასა თავდადება, რომ მათ პატივი და წოდება მისცა. იმედმიცემულმა საურმაგმა შემოიერთა ჩრდილოკავკასიელებიც და ერთიანი ლაშქრით აჯანყებულები დაამარცხა. საურმაგმა გარკვეულ პოლიტიკას მიმართა, იმისთვის რომ მომავალში შეემცირებინა ასეთი შემთხვვების ალბათობა, და ასევე დასაყრდენის გაზრდისათვის საქართველოში გადმოასახლა ჩრდილო კავკასიელთა ერთი ნაწილი (დურძუკები), რომელთა მოკავშირეობა დამყარებული იყო ნათესაურ კავშირზე (ლეონტი მროველი ამ საყრდენად ასახელებს იმას, რომ საურმაგის დედა თავად დურძუკი იყო).

ფარნავაზის და მისი მემკვიდრეების საურმაგისა და მირიან I-ის დროს ქართლის სამეფოს ტერიტორია მოიცავდა საკუთრივ ისტორიულ ქართლს, კახეთის დიდ ნაწილს, სამცხეს, ჯავახეთს, კოლა-არტაანს, კლარჯეთს, აჭარას, არგვეთს, ეგრისსა და სვანეთს, მაგრამ უკვე ძვ.წ. II საუკუნიდან ვითარება შეიცვალა.

ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისში ძირეული ცვლილება მოხდა წინა აზიაში. 190 წ. მაგნეზიასთან ბრძოლაში რომის ლაშქარმა სელევკიდების არმია დაამარცხა და სამეფოსაც ბოლო მოუღო. დასუსტებულ სირიას პირველი სომხეთი ჩამოსცილდა, სადაც ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის თქმით ანტიოქოსის სარდლები არტაქსია და ზარიადნე გამეფდნენ. მემატიანეთა გადმოცემით, ქართველებსა და სომხებს შორის (მირიან მეფესა და არტაშეს I-ს შორის) სამოყვრო კავშირი დამყარებულა, მაგრამ, უკვე მირიანის მომდევნო მეფის - ფარნაჯომის დროს ურთიერთობა სომხებთან ძირეულად შეცვლილია. იმდენად, რომ ქართლში სომხები ლაშქრობენ. ლეონტი მროველის თქმით, ფარნაჯომმა დაივიწყა ქართული პანთეონი და მაზდეანობის თაყვანცემა დაიწყო. ამისთვის განუდგნენ მას ქართველი დიდებულები და სომხეთის მეფეს მის წინააღმდეგ დახმარება სთხოვეს. სანაცვლოდ ფარნაჯომმა დახმარება სპარსელებს – პართიას  სთხოვა. ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, მეფე დამარცხდა და ბრძოლის ველზე დაიღუპა. ქართლის ტახტზე ავიდა სომხეთის მეფის ძე არშაკი. შემდგომი ისტორია ქართლის სამეფოსი უფერულია და უღიმღამოდაა მოთხრობილი მატიანეებში, რაც საერაშორისო ასპარეზზე მომხდარი ცვლილებებითაც უნდა ყოფილიყო განპირობებული.

ძვ.წ. IIს. ბოლოსათვის აღზევებას და ექსპანსიას იწყებს პონტოს სამეფო, რომლის დაპყრობებს ვერც ქართული სამყარო აიცდენდა თავიდან.

პონტოს სამეფო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ჯერ კიდევ თრაკიის სამეფოს ფარგლებში ჩამოყალიბდა, რომლის სათავეში მითრიდატიდების დინასტია იდგა. ამ დინასტიის დამფუძნებელი იყო სპარსეთის მეფის დარიოს III-ის სატრაპი მითრიდატე. ძვ.წ. 301 წ. ამ მითრიდატეს ვაჟმა, ასევე მითრიდატემ, პონტოს სამეფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მეფის ტიტული მიიღო. ძვ.წ. 111 წ. პონტოს მეფე ხდება ძლევამოსილი მითრიდატე VI ევპატორი, რომელმაც მოახერხა და თავის სამეფოს შეუერთა ბოსფორის სამეფო, კოლხეთის ზღვისპირა ზოლი და ,,მცირე არმენია”. ამის შემდეგ მითრიდატეს გაუჩნდა სურვილი მთელი მცირე აზიის დაუფლებისა. წამოწყებულ ბრძოლაში მისი მოკავშირე გახდა დიდი არმენიის მეფე ტიგრან II, რომელმაც ამ კავშირით ისარგებლა და ადრე დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა. რაც შეეხება მითრიდატეს, მან მოახერხა მცირე აზიის დაკავება, მაგრამ მისი სამეფოს ძლიერება და დაპყრობილი ხალხის მორჩლება იარაღზე იყო დამყარებული, ამიტომ, როგორც კი დამორჩილებული ხალხები დამპყრობლის შეცდომას იგრძნობდნენ, მაშინვე ცდილობდნენ განთავისუფლებას. ასე აჯანყდნენ რომთან პონტოს პირველი მარცხის შემდეგ კოლხებიც (ეს ომი ძვ.წ. 89-84 წწ. მიმდინარეობდა), მაგრამ შემდეგ მითრიდატეს სადამსჯელო ექსპედიციას მოლაპარაკება ამჯობინეს. კოლხების მოთხოვნა კი იმაში გამოიხატა, რომ მითრიდატეს თავისი შვილის კოლხეთში გამეფება სთხოვეს. მითრიდატემ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მაგრამ უმცროსი მითრიდატეს მეფობა მალე დასრულდა. მეფემ იეჭვა რომ ეს აჯანყება თავად მითრიდატე უმცროსის ინსპირირებული იყო მეფობის მისაღებად, ამიტომ იგი ჯერ დააპატიმრა, ხოლო შემდეგ მოაკვლევინა.

პონტოს აღზევებას დაემთხვა რომის ინტერესების ზრდა აღმოსავლეთისკენ, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა მათ შორის დაპირისპირება და ასეც მოხდა. პონტოსა და რომს შორის ამტყდარი ომის ტალღამ, ბუნებრივია, მეზობელ ქვეყნებსაც გადაუარა. მათ შორის იყო იბერიაც.

მიუხედავად იმისა, რომ ძვ.წ. I ს. ქართლი დამოუკიდებელი სამეფოა, მასაც უნდა განეცადა პონტოს დაწოლა. რომთან ომში, ქართლი, ალბანეთსა და სომხეთთან ერთად პონტოს მოკავშირეა. ყოველ შემთხვევაში, რომაელი ისტორიკოსის პლუტარქეს ცნობით, როდესაც რომაელებმა ალყა შემოარტყეს სომხეთის დედაქალაქ არტაშატს, იბერიელი მშვილდოსნები სომხების გვერდიგვერდ იბრძოდნენ, და რაც მთავარია, ტიგრან II-ს მათი ერთგულების იმედი სხვებზე მეტად ჰქონდა.

ძვ.წ. 66 წ. პონტოს მეფის მითრიდატეს წინააღმდეგ გამოიგზავნა რომის სარდალი გნეუს პომპეუსი. მითრიდატეს ამ დროისთვის ბრძოლის რესურსები აღარ გააჩნდა და ამიტომ ,,მცირე არმენიაში” მომხდარ ბრძოლაში დამარცხდა. ევპატორმა პონტო მიატოვა და მცირე ამალით კოლხეთის მიწას შეაფარა თავი. აქ მას დიოსკურიაში მოუხდა გამოზამთრება, რადგან, ბოსფორის სამეფო, საითკენაც მეფე მიდიოდა, მისმა ვაჟმა, მახარემ, მიისაკუთრა. მართალია მეორე წელს მითრიდატემ ბოსფორი დაიბრუნა, მაგრამ მისი მეორე ვაჟის, ფარნაკის მიერ ძვ.წ. 63წ. მოწყობილი აჯანყების შედეგად ძალაუფლება დაკარგა და სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“მცირე არმენიაში” მითრიდატეს დამარცხების შემდეგ პომპეუსი არმენიაში შევიდა და ტიგრან II დაიმორჩილა. ამ ლაშქრობის შემდეგ ტიგრან II-ის მიერ შექმნილი არმენიის ვრცელი იმპერია დაიშალა და ამიერიდან კარგა ხნით იქცა მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელიც რომსა და პართიას შორის ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა.

არმენიიდან პომპეუსმა გეზი ქართლის დედაქალაქის მცხეთისკენ აიღო. გარდა იმისა, რომ ქართლი ამ ომში პონტოს მოკავშირედ გამოვიდა და ამდენად საჭირო იყო მისი, როგორც მტრის დამორჩილება, რომს კარგად უნდა სცოდნოდა ქართლის, როგორც სტრატეგიული ქვეყნის როლიც, რომელიც აკონტროლებდა ჩრდილოეთის ბუნებრივი მცველის - კავკასიონის გადასასვლელებს. ამ მხრივაც ქართლი საინტერესო ხდებოდა რომისთვის.

უკვე ძვ.წ. 65 წ. იდგა.

რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მონათხრობით, ქართლის მეფე არტაგი ერთგვარ დიპლომატიურ თამაშს თამაშობდა პომპეუსის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ სომხეთში მყოფს ელჩების პირით მეგობრობას აღუთქვამდა, პარალელურად კი თავდასხმისთვის ემზადებოდა. მაგრამ რომაელი სარდალი მიუხვდა ჩანაფიქრს და ქართლში შემოვიდა. როგორც ჩანს, ეს თავდასმა მოულოდნელი იყო მაინც, მეფემ მომზადება ვერ მოასწრო, დატოვა მცხეთის მთავარი ციტადელი - არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და შემდეგ მცხეთის ხიდიც დაწვა. პომპეუსმა მიტოვებული არმაზციხე აიღო, და დაიწყო მზადება მტკვარზე გადასასვლელად. არტაგმა ისევ მოითხოვა დაზავება, ამასთან მეფემ აღადგენინა ხიდიც, მაგრამ, როცა პომპეუსი ხიდზე გადავიდა, მეფე ისევ გაიქცა და თავი არაგვის ხეობას შეაფარა. დიონ კასიუსის თქმით არაგვის ხეობაში პომპეუსს ქართველებმა არნახული მამაცობით გაუწიეს წინააღმდეგობა, ქალები და ბავშვებიც კი იბრძოდნენ ხის ტოტებში შეფარებულნი. რომაელი ისტორიკოსის პლუტარქეს გადმოცემით, ამ ომში ქართველებმა 9000 მოკლულის და 10000 ტყვის სახით ადამიანი დაკარგეს. მალე პომპეუსის უპირატესობა აშკარა გახდა. მეფემ ისევ ითხოვა ზავი და საჩუქრებიც მიართვა, მაგრამ პომპეუსმა არტაგს მძევლად შვილები მოსთხოვა. ბოლოსდაბოლოს მეფე იძულებული გახდა შვილები მძევლად გაეგზავნა და ზავიც დაედო. ამ ზავის თანახმად იბერია ცხადდებოდა რომის მოკავშირედ და მეგობრად, რომელსაც ევალებოდა დახმარება მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამაგიეროდ, არანაირი ვალდებულება არ დაკისრებია რომს, რის გამოც ხელშეკრულება არათანასწორუფლებიან დოკუმენტს წარმოადგენდა. თუმცა, იბერიამ მაინც შეძლო გარკვეული უპირატესობის შენარჩუნება: თავისი მდებარეობის გამოყენებით იგი ხშირად ახერხებდა-ხოლმე თავი აერიდებინა რომის მორჩილებისგან და მხოლოდ ფორმალურად ეცნო თავი რომის მეგობრად და მოკავშირედ.

ზავის დადების შემდეგ პომპეუსი კოლხეთში გადავიდა. აქ მას მითრიდატე VI ეგულებოდა, მაგრამ იგი უკვე ბოსფორში იყო. ფაზისში პომპეუსმა თავისი მოხელე, როგორც ჩანს, ადგილობრივი სკეპტუხი, არისტარქე დატოვა და თავად სომხეთის გავლით ალბანეთზე გაილაშქრა. რაც შეეხება არისტარქეს, მისი დამოკიდებულება რომზე მალევე უნდა შესუსტებულიყო, მაშინ როცა პომპეუსსა და კეისარს შორის ომი დაიწყო. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ არისტარქე საკუთარ მონეტასაც კი ჭრის.

ძვ.წ. 49წ. დაიწყო სამოქალაქო ომი იულიუს კეისარსა და გნეუს პომპეუსს შორის, რომელშიც პომპეუსი დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა. აქ იგი მოკლეს და მალევე ეგვიპტეში ჩამოსულ კეისარს, საჩუქარივით დაახვედრეს მისი მოკვეთილი თავი. აქ, ალექსანდრიაში მყოფ და ეგვიპტურ პარტიულ ხრიკებში ჩართულ კეისარს ამბავი მიუვიდა, რომ მცირე აზიაში ბოსფორის მეფე ფარნაკი შეჭრილიყო.
ფარნაკი გახლდათ მითრიდატე VI-ის ვაჟი, რომელიც ძვ.წ. 63 წ. მითრიდატე VI-ის დაღუპვის შემდეგ, პომპეუსმა გაამეფა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ბოსფორის სამეფოში. ახლა რომში მიმდინარე სამოქალაქო ომი ფარნაკმა ხელსაყრელად მიიჩნია ტერიტორიების დასაბრუნებლად და მოახერხა კიდეც ხელში ჩაეგდო კოლხეთი, არმენია, კაპადოკიის ნაწილი და ბითვინიის რამდენიმე ქალაქი. ძვ.წ. 47 წ. თავად კეისარი და ფარნაკი შეხვდნენ ერთმანეთს საბრძოლო ველზე. ფარნაკი დამარცხდა და ბოსფორში გაიქცა, სადაც ტახტისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ჩვენთვის ამ ომში საინტერესო ისაა, რომ ძვ.წ. 48 წ. კოლხეთში ფარნაკის შემოჭრამ არისტარქეს მმართველობას მოუღო ბოლო. ჯერ მისი, ხოლო მომდევნო წელს კეისრის სარდლის მითრიდატე პერგამონელის ლაშქრობას ბოსფორზე კოლხეთის ნგრევა მოჰყვა. კოლხეთზე გავლისა და მორბევის დროს დანგრეულა ლევკოთეას ტაძარი, ქალაქი ვანი.

ძვ.წ. 40 წ. ახლო ხანებში კოლხეთი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მის მეზობლად ჩამოყალიბდა პონტოს ახალი სამეფო, რომლის მეფედ რომის მმართველმა ანტონიუსმა დანიშნა პოლემონ ლოადიკიელი და კოლხეთი პოლემონის პონტოს შემადგენლობაში შევიდა. რომზე ვასალური დამოკიდებულება ამერიდან კარგა ხნის მანძილზე სწორედ ამ ქვეყნის საშუალებით ხორციელდებოდა.

მოამზადა - ქეთი დიღმელაშვილმა

1.
ოქროს სასმისი
ოქროს სასმისი. ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრული. თრიალეთის #5 ყორღანი. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სასმისი დამზადებულია სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისგან. აქვს ორმაგი კედელი, რომელიც ძირისკენ თანდათან ვიწროვდება და დაბალ ქუსლში გადადის. სასმისის გარეთა კედელი შემკულია წვრილი გრეხილი მავთულის სპირალებით, რომელშიც ჩასმული სერდოლიკის, ლაჟვარდისა და კერამიკული მასის მრგვალი თვლები. ასეთივე თვლების ერთი მწკრივი დაუყვება სასმისის პირს, ხოლო ორი – ქუსლს. ქუსლის ძირი დაფანჯრულია – გამოხატულია მალტური ჯვარი.

2.
ვერცხლის სასმისი

ვერცხლის სასმისი. ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრული. თრიალეთის #5 ყორღანი. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ზომები: სიმაღლე - 10.8 სმ, პირის დიამეტრიც – 9.9სმ. სარიტუალო სასმისი გაკეთებულია მთლიანი ფურცლისგან, ცილინდრული მოყვანილობისაა და მირჩილული აქვს შემაღლებული ფეხი. ზედაპირი სამ სარტყლადაა გაყოფილი. ზემოდან პირველი სარტყელი ერთმანეთის მომიჯნავე ჩვიდმეტ მართკუთხედს გამოსახავს. შუალა სარტყელში ორ იარუსად დაბალი რელიეფური სიუჟეტია მოცემული. გამოსახულებათა ზომების სიზუსტე და სიმეტრიულობა იმაზე მიანიშნებს, რომ ნაკეთობათა საბოლოოდ დამუშავებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო შემოჭიმვა, დაუთოება და ხეხვა. სიუჟეტი ქვემოდან ზემოთ იკითხება. მის ცენტრს წარმოადგენს სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხე, რომელთანაც ზურგიან სკამზე დაბრძანებულია მამაკაცი (ღვთაება). მის წინ დგას მაღალფეხიანი საკურთხეველი (სასმისი?), რომელსაც ორი მწოლიარე ცხოველი დარაჯობს. ამავე ზედა იარუსზე ერთმანეთის უკან გამოსახულია საკურთხევლისკენ მიმართული 22 მამაკაცის ფიგურა. მსგავსად ტახტზე მჯდომისა მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ, ხელში კი სასმისები უპყრიათ. გამოსახულების ქვედა იარუსზე მოცემულია ხარ-ირმები, რომლებიც ასევე საკურთხევლისკენ არიან მიმართულნი. ქვედა ფრიზს წარმოადგენს დაბალი ქუსლგამოყვანილი ფეხი, რომელიც ორმაგი კონტურით ამოკვეთილ, ვარდულით შემკულ კონუსურ ნაწილში ზემოთ მოქცეული კანელურების წვეროების სახით იშლება. სიუჟეტის თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული. მეცნიერთა ნაწილი მასში ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ რელიგიურ რიტუალს ხედავდა. ბოლო დროს გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც თასზე წარმოდგენილია მითიურ სამოსში გახვეული სინამდვილე. ასახულია ადგილობრივი თრიალეთური კულტურის მატარებეი სოციუმის ყოფა, რომლის მეფე-ღვთაებასთან მისალოცად მიდიან ქვეყნის ცალკეული კუთხის მმართველები. ამ ხალხის შეჯახება მომხდურ ინდოევროპულ მოდგმის ჯგუფთან უნდა ასახულიყო თრიალეთის ვერცხლის სასმისის მსგავს ყარაშამბის თასის რელიეფში.

იხ.: სადრაძე ვ., ხოხობაშვილი თ., კახიანი კ., ღლიღვაშვილი ე., სადრაძე თ., წინაპართა გზავნილი. თბ., 2009.

3.
კოლხური ცული
კოლხური ცული. ძვ,წ, II ათასწლეულის ბოლო – I ათასწლეულის დასაწყისი. ამ ტიპის ცულებისთვის დამახასიათებელია ოვალური სატარე ნახვრეტი, რომელიც უზრუნველყოფს ტარის უძრაობას და დაწახნაგებული ტანი. ზოგიერთი ცული ორჯერაა მოხრილი. ამ ტიპის ცულების დიდი ნაწილი შემკულია ჩამოსხმის შემდეგ ამოკვეთილ-ამოჭრილი გეომეტრიული ორნამენტით, რომელსაც ხშირად ემატება ცხოველთა (ირემი, ხარი, ფანტასტიკური არსებები) ქვეწარმავალთა, თევზებისა და ასტრალურ ნიშანთა გამოსახულებები, რომლებიც ნაყოფიერების ქალღვთაების სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებულად ხშირად გამოსახავდნენ ირმებს, რომელთა რქები სიცოცხლის ხის განსახიერება იყო. გარდა ამ გრაფიკული ორნამენტისა, ზოგირეთი ცულის ყუაზე დასმულია ამათუიმ ცხოველის ქანდაკება. მათში ხშირად განირჩევა დათვის, მგელ-ძაღლის ფიგურები. აღნიშნულ ცულს სხვა ცულებისაგან ის გამოარჩევს, რომ მას ბრინჯაოსავე მთლიანად გრავირებული ტანი აქვს. უმეტესობა ამ ცულებისა საკულტო-სარიტუალო დანიშნულების გახლდათ, თუმცა მათი ნაწილი საბრძოლო და სამუშაო (ხე-ტყის საჭრელი) ფუნქციასაც ატარებდა.

4.
ბრინჯაოს სარტყელი
ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნა. მცხეთა. იგი წარმოადგენდა სარიტუალო ინსიგნიას. დამზადებულია ბრინჯაოს თხელი ფირფიტისგან, რომელიც დაკრული უნდა ყოფილიყო ტყავზე. სარტყლის მთელი ზედაპირი დაფარულია რელიგიური სიუჟეტით, რომელიც ჩასმულია გეომეტრიულ ჩარჩოში. სიუჟეტი წარმოდგენილია: ირმებზე ნადირობის სცენები. ხშირ შემთხვევაში ზედაპირი გრავირებული იყო სხვადასხვა რთული სიუჟეტებით, რომლებიც ასახავდნენ ნადირობის, საწესო, მითოლოგიურ ანდა მიწის დამუშავების სცენებს. გამოისახებოდა კოსმოგონიური სამყაროც - ზესკნელი, სკნელი, ქვესკნელი,რომელიც ქართველთა რელიგიურ წარმოდგენებს შეესაბამებოდა. საერთო ჯამში ეს სარტყლები ნაყოფიერების ღვთაებისადმი შეწირულ ნივთებს წარმოადგენდნენ.
5.
ხეთების სამეფო

ხეთების სამეფო მცირე აზიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა ტომებმა ძვ.წ. XVIIIს. შექმნეს. ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის მცირე აზიაში არსებობდა პროტოხეთებისა და ინდოევროპელების თანაარსებობის შედეგად წარმოშობილი რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო, რომელთაგან დაწინაურდა ქუსარა. მისმა მმართველმა (ერთი ტრადიციის მიხედვით ეს იყო ანითა) ძვ.წ. XVIIIს. შუა ხანებისთვის (მეორე ტრადიციის მიხედვით ეს პიროვნება იყო ლაბარნა I, რომელიც ძვ.წ. XVIIს. II ნახევარში ცხოვრობდა) მოახერხა დანარჩენი ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და ერთიანი ხეთური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ხეთების სამეფოს ისტორია სამ პერიოდად იყოფა: ძველი შუა და ახალი სამეფოები. ძველი სამეფოს დროს (ძვ.წ. XVIIს. II ნახევარი) ხეთები მნიშვნელოვან ძალად გადაიქცნენ წინა აზიაში. ამ პერიოდში ხათის დედაქალაქმა ქუსარადან ხათუსაში გადაინაცვლა, რომელიც მის ცენტრად დარჩა ქვეყნის დაცემამდე. აღნიშნულ პერიოდში ხათის მეფეებმა დაპყრობითი ლაშქრობები განახორციელეს ჩრდილო სირიაში, ბაბილონსა და ხურის სამეფოში, რისი წყალობითაც ხათი ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე გადაიჭიმა. შუა სამეფოს ხანაში (ძვ.წ. XVIს.-XVს. I ნახევარი) ხათის სამეფო განაგრძობდა დაპყრობით პოლიტიკას და ზოგჯერ წარმატებასაც აღწევდა, მაგრამ ხათი მაინც დასუსტების გზას ადგა. იგი იმდენად შეავიწროვეს მეზობელმა ხალხებმა, რომ ხათუსას გადაწვაც კი შეძლეს. ახალი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ. XVს. II ნახევარი-XIIIს.) ხათი გაძლიერებას ახერხებს და ანადგურებს მითანს. ამას გარდა აღიდგენს გავლენას ჩრდილო სირიაზე, რაც გამოიწვევს ეგვიპტის სამეფოსთან დაპირისპირებას და ძვ.წ. 1312წ. კადეშის ველზე საბრძოლო შეტაკებას. ძვ.წ. XIIIს-იდან თანდათან დაიწყო ხათის დასუსტება. გაუთავებელმა ომება დაღი დაასვა ეკონომიკას. შექმნილი რთული ვითარების გამო ხათმა ვერ შეძლო გამკლავებოდა ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან მოსულ ,,ზღვის ხალხებს” და დაახლ. ძვ.წ. 1200წ., სუფილულიუმა II-ის მეფობის დროს საბოლოოდ დაეცა.
პროტოხეთებისა და ინდოევროპული ტომების შერევამ საფუძველი ჩაუყარა ხეთურ კულტურას, რომელსაც პროტოხეთური კულტურული ელემენტების სიჭარბე ახასიათებდა. ხეთები იყენებდნენ ჩრდილო სირიაში გავრცელებულ ძველ აქადურ ლურსმულ დამწერლობას, რომელზედაც მათი არაერთი ძეგლი შეიქმნა. ხეთური რელიგია წარმოადგენდა იმ რელიგიების ნაზავს, რომლებთანაც ურთიერთობა უხდებოდათ ხეთებს.
http://annals.xlegio.ru/i_hett.htm
http://www.hittites.info

6.
ასურეთი

ასურეთის სახელმწიფო მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. იგი ძვ.წ. III ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდიდან ასურის საქალაქო-თემ-სახელმწიფოს სათავეში ედგა პირი, რომელიც მეფედ არ იწოდებოდა. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისის ჩათვლით ასურეთის ქალაქები ბაბილონის ძლიერ ხელისუფალთ ემორჩილებოდნენ. ძვ.წ. XVIIIს. კი ასურეთში სამეფო ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე ჩამოყალიბდა ხურიტების სამეფო – მითანი, რომელმაც მოახერხა და ასურეთი დაიპყრო. ძვ.წ. XVს. ასურეთმა თავი დაიხსნა მისგან და შეტევაზე გადავიდა. ასურეთი განსაკუთრებით გაძლიერდა XIIს. ტიგლათფილესერ I (1115-1077წწ.) დროს, რომელმაც ლაშქრობების გზით ჩრდილოეთის ზღვამდე მიაღწია. ძვ.წ. XI-IXსს. ასურეთი დასუსტებულია. დროდადრო იგი ახერხებდა ცალკეული ლაშქრობების მოწყობას, მაგრამ ურარტუს დარტყმებმა მას არ მისცა გაძლიერების საშუალება. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს სირიისა და მცირე აზიისკენ მიმავალი გზები, რითიც მოსწყვიტეს რკინის საბადოების მხარეს. ასურეთი ხელახლა გაძლიერდა ტიგლათფილესერ III დროს (VIIIს. II ნახ.), რომლის რეფორმებმა ხელი შეუწყო ქვეყნის გაძლიერებას (მაგალითად, მან სამხედრო რეფორმის შედეგად შექმნა მუდმივი ჯარი). თუ აქამდე ასურეთის მეფეები დამორჩილებულ ხალხს ჟლეტდნენ, ახლა მათ ასახლებდნენ დაAსამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ. გაძლიერებულმა ასურეთმა მოახერხა და დაიპყრო ეგვიპტე, დაამარცხა ურარტუც, რომელსაც ტერიტორიები წაართვა, მაგრამ ძვ.წ. VIIს. ასურეთს უხდება სკვითებისაგან თავდაცვა, აჯანყებული ბაბილონელების მოგერიება, კარგავს ეგვიპტესაც. საბოლოოდ დასუსტებულმა ასურეთმა ვეღარ გაუძლო მიდიისა და ბაბილონის კოალიციურ შემოტევას და 605წ. არსებობა შეწყვიტა. სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ასურელები არამეულ ტომებში აითქვიფნენ.
http://www.third-millennium-ibrary.com/readinghall/UniversalHistory/THE_OLD_WORLD/ASSYRIA/Door.html

7.
ურარტუ
ურარტუ მდებარეობდა ვანისა და ურმიის ტბის მიდამოებში, სადაც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ურარტუს სამეფოს შემქმნელი ხურიტული ტომები. მათ ძვ.წ. IX ს. შექმნეს ძლიერი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი გახლდათ ქ. ტუშპა. ძვ.წ. IX ს. დასასრულსა და ძვ.წ. VIII ს. ურარტუს მეფეების იშფუინის, მენუას, არგიშთი I და სარდურ II მიერ წარმოებული ბრძოლების შედეგად სახელმწიფოს ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. ურარტუ დაეუფლა ჩრდილოეთ მესოპოტამიას, ჩრდილოეთ სირიას, დაიკავა არარატის ველი, სევანის ტბის მიდამოები, სადაც ურარტუელებმა დააარსეს თავიანთი ქალაქები (მათ შორის იყო თეიშებაინი, დღევანდელი კარმირ-ბლური).
590 წ. ირანის ტერიტორიაზე წარმოშობილმა მიდიის სამეფომ, როგორც ჩანს სკვითების აქტიური დახმარების შედეგად, ბოლო მოუღო ურარტუს და მისი ცენტრალური ნაწილი მიისაკუთრა. მიწების დაკავება დაიწყეს სხვა მეზობლებმაც. მათ შორის იყვნენ სომხური ტომები, რომლებიც აქამდე ურარტუს დასავლეთ პერიფერიაზე ცხოვრობდნენ. მათ მიერ ურარტუს მიწების დაკავების შემდეგ ურარტელთა ნაწილი სომხებში გაითქვიფა, ნაწილმა კი უფრო ჩრდილოეთით აიწია, ქართული ტომების ჰეგემონობის ქვეშ მოექცა და მათ შეერწყა.
http://annals.xlegio.ru/i_urart.htm
http://www.livius.org/arl-arz/armenia/urartu.html

8.
მითი არგონავტებზე
კონკრეტულად როდის უნდა შექმნილიყო მითი ოქროს საწმისის შესახებ უცნობია. მხოლოდ ვიცით, რომ მასში მოთხრობილი ჰეროიკული ისტორია ძვ.წ. XIIIს. უნდა მომხდარიყო. მითი საგუძვლად დაედო ძვ.წ. Vს. ბერძენი ტრაგიკოსის ევრიპიდეს პიესას ,,მედეა”, ხოლო ძვ.წ. IIIს. ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის თხზულებას ,,ატგონავტიკა”-ს.
მითის სიუჟეტი ასეთია: თესალიის ქალაქ იოლკოსს განაგებდა მეფე ესონი, რომელსაც მისმა ნახევარძმა პელიასმა ტახტი წაართვა. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მან თავისი ძმისშვილის იასონის მოკვლაც განიზრახა, მაგრამ შეშინებულმა მამამ ხმა გაავრცელა, თითქოს ბავშვი მკვდარი დაიბადა და იასონი მთებში გახიზნა, სადაც აღსაზრდელად კენტავრს მიაბარა. სიჭაბუკეში შესული იასონი, რომელმაც არაფერი იცოდა თავისი წარმომავლობის შესახებ, თავგადასავლების საძიებრად გაემართა. გზად მან უშველა მოხუცი ქალბატონის სახით წარმომდგარ ქალღმერთ ჰერას მდინარის გადალახვაში, რის დროსაც დაკარგა ცალი სანდალი.
მალე იასონი ქალაქ იოლკოსს მიადგა, სადაც მეფე და ქურუმები მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებდნენ. პელიასმა უკვე იცოდა, რომ გამოჩნდებოდა უცხო კაცი ცალი სანდლით, რომელიც მისთვის საშიში იქნებოდა.
მეფემ მალე შენიშნა ხალხში მდგარი უცხო ახალგაზრდა, რომელსაც ერთი სანდალი ეცვა. იასონმა პირდაპირ განუცხადა პელიასს ვინ იყო და რას აპირებდა. მან მამის ტახტი მოითხოვა. პელიასმა ტახტის დაბრუნება აღუთქვა თუ იოლკოსში დააბრუნებდა ოქროს საწმისს. მეფე დარწმუნებული იყო, რომ იასონი დავალებას ვერ შეასრულებდა.
მაინც რა იყო ასეთი ეს ოქროს საწმისი?
ძველად, ბეოტიის ქალაქ ორქომენოს მეფე ათამასს ღრუბლის ღვთაება ნეფელესაგან შეეძინა ფრიქსოსი და ჰელე. მაგრამ მეფის მეორე ცოლმა გერების დაღუპვა განიზრახა. მან შეძლო და ხელოვნურად გამოიწვია მოუსავლიანობა, რისგან თავდაღწევისათვის ღმერთებმა ვითომდა ფრიქსესა და ჰელეს მსხვერპლად შეწირვა ითხოვეს. და-ძმას ჰერმესმა მხსნელად ოქროს ვერძი მოუვლინა, რომელმაც ბავშვები კოლხეთისკენ გააფრინა. ევროპისა და აზიის გზაშესაყართან ჰელემ თავი ვერ შეიმაგრა, წყალში ჩავარდა და დაიღუპა. მას შემდეგ იმ ადგილს ჰელესპონტი ანუ ,,ჰელეს ზღვა” ეწოდა. ფრიქსოსი კოლხეთში ჩავიდა და იქ დასახლდა. მაშინ კოლხეთს განაგებდა ჰელიოსის ძე აიეტი. ფრიქსოსმა შეასრულა ვერძის დარიგება, იგი ზევსს შესწირა, ოქროს ტყავი კი არესის ჭალაში მუხის ხეზე დაკიდა და დარაჯად გველი დაუყენა.
იასონმა მშვიდად მიიღო დავალება და მისი შესრულებისთვის მზადებას შეუდგა. იასონის მიწვევას თავგადასავლის საძიებლად არაერთი ბერძენი გმირი გამოეხმაურა, მათ შორის იყვნენ ჰერაკლე, თესევსი და სხვ.
აიგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი არგო (სწრაფმავალი), რომელსაც თავად ათენა მფარველობდა.
არგონავტები ჯერ კუნძულ ლემნოსს მიადგნენ, სადაც მათ 2 წელი დაჰყვეს. ლემნოსის დედოფალზე შეყვარებულ იასონს აღარც კი ახსოვდა ოქროს საწმისი, მაგრამ ჰერაკლემ მას ძველი სული გაუღვიძა.
არაერთი განსაცდელის გადატანის შემდეგ ისინი შავი ზღვის ნაპირებს მიადგნენ. მდინარე ფაზისის ნაპირზე მათ ხომალდი ლერწმის ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს. აქედან ისინი ფეხით აუყვნენ გზას, ვიდრე კოლხეთის ქალაქ კვიტაიამდე არ მივიდნენ. გმირების წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა, რომელსაც გაოცებულნი შეჰყურებდნენ არგონავტები. აიეტის სასახლეს გარშემო ფართო ჭიშკრებითა და სვეტებით დამშვენებული გალავანი ერტყა. სპილენძის ქონგურებზე კოშკი იდგა. სასახლის შესასვლელში აყვავებული ვაზის ხეივანი ამართულიყო. ეზოში ოთხი წყარო მოდიოდა: რძის, ღვინის, სურნელოვანი ზეთისა და ანკარა წყაროსი, რომელიც ზამთარში თბილი იყო, ხოლო ზაფხულში - ყინულივით ცივი. სასახლე ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთში თავად მეფე და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, ხოლო მეორე მის ვაჟს, ტახტის მემკვიდრე აფსირტეს ეკავა.
მეფე აიეტმა თავაზიანად მიიღო სტუმრები და მას შემდეგ რაც მათი მოსვლის მიზეზი გაიგო, თქვა: კეთილი, მივცემ იასონს ოქროს საწმისს, მაგრამ იცოდეთ, იგი ჩემი ქვეყნის ბედმნიერების თილისმაა. ვიდრე ამ საწმისს წაიღებდეს თქვენი რჩეული, თავის ძალაში დამარწმუნოს. მყავს ორი ხარი - ჰეფესტოსგან ძღვნად მიღებული. მათ სპილენძის ფეხები აქვთ და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევენ. იასონმა ეს ხარები უღელში უნდა შეაბას, არესის ველი გადახნას, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილები ჩაყაროს და აქედან აღმოცენებული იარაღასხმული მეომრები გაანადგუროს. ამის შემდეგ კი მიმართოს დრაკონს, რომელიც იცავს ოქროს საწმისს.
მეორე დილით ყველამ არესის ველს მიაშურა. მოედანზე ძლივს აკავებდნენ ჰეფესტოს ხარებს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ ალმასის ნესტოებიდან. იასონი უშფოთველად მიუახლოვდა ხარებს, უღელში შეაბა და სხვა დავალებებიც დაუბრკოლებლად შეასრულა. აიეტი მიხვდა, რომ იასონს თავისი გრძნეული ასული მედეა ეხმარებოდა და მართალიც იყო. რადგან იასონს ღმერთები მფარველობდნენ, მათი ნებით ეროსმა ისარი სტყორცნა მედეას და იასონის სიყვარულით აავსო. შეყვარებული ქალი წინა ღამით შეხვდა იასონს და წამალი გადასცა, რომლის ძალითაც მას ვერანაირი იარაღი ვერ მიეკარებოდა. სამაგიეროდ, ბერძენი გმირი დაპირდა, რომ მედეას თან წაიყვანდა, ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე მასთან იქნებოდა.
აიეტმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა დაეცვა ოქროს საწმისი, ამიტომ მან ბერძნების დაღუპვა გადაწყვიტა. გმირებს მხსნელად ისევ მედეა გამოუჩნდა. მან იასონი არესის ჭალაში წაიყვანა და წამლების ძალით გველი მიაძინა. ამასობაში იასონმა ოქროს საწმისი აიღო და მედეასთან ერთად არგოსკენ გასწია. გაქცეულ ბერძნებს, რომელთაც თან მიჰქონდათ ოქროს საწმისი და მიჰყავდათ მედეა, მეფის ფლოტი დაედევნა. ხანგრძლივი დევნის შემდეგ გემების ერთმა ნაწილმა აიეტის მემკვიდრის აფსირტეს მეთაურობით გზა გადაუჭრა ბერძნებს და წინ დაუხვდა. მდევრების თავიდან მოსაშორებლად მედეამ ისევ ხრიკს მიმართა: აფსირტე არტემიდეს ტაძარში მოსალაპარაკებლად მიიწვია, სადაც იგი ვერაგულად მოკლა იასონმა. მითის ერთი ვარიანტის მიხედვით მედეამ მოკლული ძმის სხეული აკუწა და ზღვაში გადაყარა. აიეტმა ხომალდები შეაჩერა შვილის ნაწილების შესაგროვებლად, რითიც ისარგებლეს ბერძნებმა და სწრაფად გაშორდნენ ცოდვილ ადგილს.
მედეას ამ საზარელი ქმედების გამო ზევსმა მიატოვა გმირები. არგოს ხეტიალის დრო დაუდგა, გზა კოლხეთიდან საბერძნეთამდე მრავალწლიანი და ფათერაკებით სავსე აღმოჩნდა.
შინ მისულ იასონს მამა მომაკვდავი დაუხვდა. მაშინ მედეამ თავისი ძალა გამოიყენა და სასწაული მოახდინა: მოხუცი ახალგაზრდად აქცია. მედეას ამ ძალის შესახებ ხმამ მეფე პელიასამდეც მიაღწია. იგი მოხუცი იყო უკვე და მისმა ქალიშვილებმა მედეას მამის გაახალგაზრდავება სთხოვეს. მედეამ იცოდა რა ტკივილი მიაყენა პელიასმა იასონს და შურისგება განიზრახა. მან მოამზადა წამლები და პელიასის ქალიშვილებს მამის აკუწვა უბრძანა. როცა მისი ბრძანება შესრულდა, მედეამ ნაწილები ქვაბში ჩაყარა და წავიდა. შეძრწუნებულმა მოსახლეობამ იასონი აიძულა მედეასთან ერთად იოლკოსს გასცლოდა.
დევნილები კორინთოს მეფე კრეონმა შეიფარა, სადაც მედეამ და იასონმა ათი წელი დაჰყვეს. მათ სამი შვილი შეეძინათ, მაგრამ შემდეგ იასონმა უღალატა მედეასათვის მიცემულ ფიცს. იასონს მედეასთან დარჩენა კარგ მომავალს არ უქადდა, რადგან ბერძნებისთვის იგი ბარბაროსი იყო, მიუხედავად მეფური და ღვთაებრივი წარმომავლობისა. ამიტომ, იასონმა გადაწყვიტა კრეონის ასულზე დაქორწინებით მიეღო მეფობა.
როცა მედეამ ქმრის გადაწყვეტილება შეიტყო, გააფთრდა, ზევსს მიმართა ვედრებით აღედგინათ სამართალი.
მალე ერთ უბედურებას მეორეც დაერთო: კრეონმა უბრძანა მედეას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ქალაქი. მედეამ კრეონი დაითანხმა, ერთი დღით დარჩენილიყო კორინთოში, რათა მგზავრობისთვის მომზადებულიყო. ეს დრო კი მედეამ შურისგებისთვის გამოიყენა. მან იასონს შესთავაზა სათანადო ძღვენით მოემადლიერებინათ კრეუსა, რათა მათი შვილების მიმართ კეთილგანწყობილი ყოფილიყო. მედეამ შვილების ხელით კრეუსას მოსასხამი და გვირგვინი გაუგზავნა. ქალმა სიხარულით მიიღო ძღვენი და მარტო რომ დარჩა საჩუქრები სარკის წინ მოირგო. მოსასხამი და გვირგვინი ქალის სხეულს მიეკრო და შხამმა დადაგა იგი. შვილის ძახილზე ოთახში შესული კრეონი შეეცადა მოსასხამი აეგლიჯა სხეულიდან, მაგრამ ალი მასაც მოედო. მამა-შვილი ტანჯვით გარდაიცვალა.
მედეას კი დრო აღარ რჩებოდა იმისთვის, რომ ქალაქი შვილებთან ერთად უვნებლად დაეტოვებინა. მისმა სიამაყემ და მეფურმა ბუნებამ არ მისცა ნება შვილები ბედის ანაბარას მიეტოვებინა კორინთოში, ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა თავად გამოესალმებინა შვილები სიცოცხლეს, რათა დაცინვას და შეურაცხყოფას გადაერჩინა ისინიც და თავისი თავიც. მახვილით განგმირვის შემდეგ მედეამ ცხედრები წაიღო და ქალაქს გაეცალა (ეს ვერსია ევრიპიდეს ეკუთვნის. მეორე ვერსიის თანახმად კი კრეონის სიკვდილის შემდეგ დევნილმა მედეამ თავი შეაფარა ჰერას საკურთხეველს, სადაც ბერძენმა ქალებმა ზედ საკურთხეველზე დაუხოცეს შვილები).
მედეა ჩავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგეოსს და მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. მაგრამ შემდეგ, როცა მან ამაოდ სცადა მოეკლა ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი, მედეა იძულებული გახდა შვილთან ერთად დაეტოვებინა ათენი და კოლხეთში დაბრუნებულიყო. იგი შეურიგდა მამას, რომელიც უკვე აღარ მართავდა კოლხეთს, დაეხმარა მას მეფობის დაბრუნებაში. მამის სიკვდილის შემდეგ მან შეძლო თავისი შვილი მედოსი გაემეფებინა კოლხეთში.
ამბობენ, გარდაცვალების შემდეგ მედეას სული აქილევსის სულს გაჰყვაო ცოლად.
იხ.:
1. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა. თარგმანი და შესავალი წერილი ა. გელოვანისა. გამომცემლობა: ,,მეცნიერება”. თბილისი, 1975.
2. ევრიპიდე. მედეა. თარგმანი ძველი ბერძნულიდან პ. ბერაძისა. გამომცემლობა: ,,საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1969.
3. კიკნაძე ზ., ტონია ნ. მითოლოგია. გამომცემლობა: ,,ლოგოს პრესი”, თბილისი, 2001.

9.
კოლხური თეთრი
კოლხური თეთრი მცირე ზომის ვერცხლის მონეტაა, რომელიც კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებში უნდა მოჭრილიყო ძვ.წ. VI-IVსს. კოლხური თეთრის ცალკეული შემთხვევები თუ განძები აღმოჩენილია როგორც კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში, კოლხეთის ცენტრალურ რაიონებსა თუ ქართლის ზოგიერთ წერტილებში, ისე ზოგადად შავიზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში, რაც მის ფართო მიმოქცევაზე მიანიშნებს. დღესდღეობით, მისი 7 ნომინალია ცნობილი: 1. ოთხდრაქმიანი, რომლის შუბლზე მოცემულია ლომის თავი, ზურგზე კი - კვადრატში ჩასმული ფრთოსანი ცხენი; 2. ორდრაქმიანი, რომლის ავერსზე გამოსახულია ლომი, ხოლო რევერსზე - ოთხკუთხედში ჩასმული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანი; 3. ორდრაქმიანი. მის ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი პროფილში, რევერსზე - ოთხკუთხედებში ჩასმული ადამიანების თავები ერთმანეთის პირისპირ; 4. ერთდრაქმიანი. მის შუბლზე მოცემულია ლომის თავი, ხოლო ზურგზე - ოთხკუთხედში ჩასმული ლომის თავი; 5. ნახევარდრაქმიანი, რომლის ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი პროფილში, ხოლო რევერსზე - ხარის თავი; 6. ნახევარდრაქმიანი. მის შუბლზე მოცემულია ლომის თავი პროფილში, ხოლო ზურგზე ასევე ლომია ოთხკუთხედში ჩასმული; 7. უმცირესი დრაქმა, რომლის ავერსზე მოცემულია ადამიანის თავი პროფილში, რევერსზე კი - ფრინველი.
მონეტებს წარწერები არ ახლავს, მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ბერძნული ასოები MO, A, O, Ф.
რა სემანტიკის მატარებელი იყო კოლხურ თეთრზე მოცემული გამოსახულებები? მეცნიერები თანხმდებიან, რომ გამოსახულებები ღვთაებათა და წმინდა ცხოველთა ფიგურებია, მაგრამ კონკრეტულად რომელი ღვთაების, ამაზე უკვე მოსაზრებები განსხვავებულია. ერთი ნაწილის მოსაზრებით კოლხურ ნომინალებზე გამოსახული ადამიანი კოლხთა ნაყოფიერების ღვთაებაა, რომლის წმინდა ცხოველს ხარი წარმოადგენდა. მეორე ნაწილის აზრით კოლხურ თეთრზე მოცემული ღვთაება შესაძლოა აპოლონი იყოს ოღონდ ადგილობრივ მზის ღვთაებასთან შერწყმული. ო. ლორთქიფანიძის მოსაზრებით კოლხურ ნომინალზე გამოსახული მუხლმოდრეკილი მამაკაცი ხარის თავით მდინარე-ღვთაების, ფასისის, გამოსახულება უნდა იყოს (მკვლევარი ამ მოსაზრებას ამყარებდა იმაზე, რომ მსგავსი გამოსახულებები ბერძნულ იკონოგრაფიაში სწორედ მდინარე-ღვთაებას გამოსახავდა).
კოლხური მონეტის მოჭრა ძვ.წ. IVს. ბოლოს უნდა შემწყდარიყო, როცა მას ჩაენაცვლა ალექსანდრე მაკედონელისა და მისი ერთ-ერთი მემკვიდრის, თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს სტატერები.


მოამზადა - ქეთი დიღმელაშვილმა

Comments