პოლიტიკა

Отправлено 19 янв. 2010 г., 22:37 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 20 янв. 2010 г., 0:06 ]

პოლიტიკა

პოლიტიკა - ეს არის:

  1. საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,
  2. საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.


პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: (ა) როგორც ”სამეფო ხელოვნებას” ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, (ბ) როგორც უნარს ”ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა” (პლატონი), (გ) როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), (დ) როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი).


პოლიტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს. განასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პირველი მათგანი განისაზღვრება იმ მიზნების შინაარსით, რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა. საშინაო პოლიტიკის მიზანს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი:

  • დინასტიური (მმართველი ოჯახის ინტერესების დაცვა),
  • არისტოკრატიული (დიდგვაროვან ოჯახთა უფლებების და პრივილეგიების დაცვა),
  • სამხედრო (შეირაღებული ჯგუფების წინა პლანზე წამოწევა),
  • სახალხო (მთელი მოსახლეობის სამეურნეო და სულიერი ინტერესების დაცვა).


საგარეო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების საკითხებს, როგორებიცაა: ომი და მშვიდობა, სახელმწიფოთა კავშირები და შეთანხმებები, საერთაშორისო ვაჭრობა, გავლენის სფეროების განაწილება, ზღვების, კოლონიების ფლობა და სხვა.


თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს:

  • კონსერვატიული - ტრადიციების და არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შენარჩუნება,
  • პროგრესული - მისწრაფება სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის გარდაქმნისაკენ,
  • ლიბერალური - მთავრობის ნდობა საზოგადოებრივი ელემენტებისადმი და სხვა.

თუ სახელმწიფო მმართველობას დავყოფთ დარგებად, შესაძლებელია საუბარი სახელმწიფოს ფინანსურ, საბაჟო, სატარიფო, სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალურ, სარკინიგზო პოლიტიკაზე.

პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები

  • ანარქიზმი - (ბერძნ. αναρχία, უხელისუფლეობა) არის მსოფხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა იერარქიული მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ.)
  • დემოკრატია (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, ბიოლოგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
  • კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომლის დროს წარმოების საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ფართოდ გამოიყენება დაქირავბული შრომა.ხშირად, კაპიტალიზმის ქვეშ ასევე გულისხმობენ დასავლურ სამყაროში ფეოდალიზმის შემდეგ, 16-19 საუკუნეებიდან დამკვიდრებულ დომინანტურ ეკონომიკურ სისტემას.
  • კომუნიზმი – საზოგადოებრივი წყობა რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას. მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე იხმარება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.

    მე–20 საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში, მათ შორის 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთერთ ზესახელმწიფოდ. 1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი კომუნისტურ სახელმწიფოებში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა.

    დღემდე გამოხატული კომუნისტური მმართველობა არსებობს ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, ლაოსში და კუბაზე.

    მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმისკენ გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით. ეს გზა არჩეული ჰქონდათ არსებული კომუნისტური რეჟიმების უმრავლესობას, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში შესვლა არ განხორციელებულა არც ერთ მათგანში.

    კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია სამხრეთ ამერიკაში.

  • ლენინიზმი ან მარქსიზმ-ლენინიზმი - მარქსიზმის ნაირსახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ვ. ი. ლენინის შრომები; საბჭოთა კავშირის ოფიციალური იდეოლოგია.
  • ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

    ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

    მრავალი ლიბერალი მხარს უჭერს მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით. ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც პრიორიტეტს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თაფისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.

  • მაოიზმი
  • მარქსიზმი — კარლ მარქსის მიერ დაარსებული ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება.

    მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობლ ნაშრომში Das Kapital.

    კომუნიზმი ემყარება მარქსიზმის იდეებს. როგორც ფილოსოფიური მიმართულება მარქსიზმი ეფუძნება მატერიალიზმს.

  • ნაციონალიზმი არის იდეოლოგია რომელის მიხედვითაც ერი ანუ "ნაცია" (ლათ.: Nacia) არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. თავდაპირველი ნაციონალისტური (ეროვნული) მოძრაობები ჩამოყალიბდა საფრანგეთში მეფის დასამხობად მოწყობილ 1793 წლის რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით 19 საუკუნეში ნაციონალისტუმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. ამ პერიოდში გერმანიაში ოტო ფონ ბისმარკის ნაციონალური მთავრობა მოვიდა, საფრანგეთში ნაპოლეოონმა გაიმარჯვა, იტალიაში ნაციონალისტების წინსვლის შემდეგ ქვეყანა გაერთიანდა. XX საუკუნის ორი მსოფლიო ომის მიზეზი რადიკალური ნაციონალისტური იდეები გახდა. ამის გამო 1945 წლის შემდეგ ევროპაში რადიკალურმა ნაციონალიზმმა კრახი განიცადა. 1988-1991 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელი შეუწყო ნაციონალიზმის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპასა და ამიერკავკასიაში.

    ნაციონალიზმის მაგალითები საქართველოში გვხვდება ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობაში.

    თანამედროვე ევროპაში, განსხვავებით XIX საუკუნის ევროპისაგან, ნაციონალიზმი აღარ წარმოადგენს გაბატონებულ იდეოლოგიას. მიუხედავად ამისა ის რჩება მრავალი პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეოლოგიად. ისინი უმეტესად ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული დემოკრატიის მომხრეებად, ისლამიზაციის წინააღმდეგ და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად გამოდიან. ნაციონალისტურ პარტიებს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს პარლამენტში ყავთ დეპუტატები.

  • ნეოკონსერვატიზმი
  • ნეოლიბერალიზმი მიუთითებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფილოსოფიაზე, რომელიც უარჰყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე. საგარეო პოლიტიკაში ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური და/ან სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა.

    ნეოლიბერალიზმი მულტილატერულ პოლიტიკურ ზეწოლას უჭერს მხარს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. ის ასევე ქადაგებს ეროვნული მთავრობების როლის მინიმუმამდე დაყვანას. ამ ფილოსოფიის საყრდენი თეორიაა კეინსიანიზმი, რომლის "უხილავი ხელი" მთავრობის პირდაპირ ინტერვენციაზე უფრო ეფექტურად მოქმედებს. კორპორაციული ეფექტურობის გადაუმჯობესებლად ის მოუწოდებს ფროფკავშირთა პოლიტიკის ზეგავლენის (მაგ. მინიმალური ხელფასის ზღვარი, ან მუშახელის კოლექტიური მოლაპარაკების უფლება) უარყოფას ან მინიმუმამდე დაყვანას.

    ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება სოციალიზმს, პროტექციონიზმსა და მწვანეთა მოძრაობას უცხოეთის ბაზრებში. ადგილობრივად ის პროტექციონიზმს, როგორც ასეთი, არ უარჰყოფს, თუმცა გამოიყენებს მხოლოდ როგორც მოლაპარაკებებში ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულოს უცხო ქვეყნები საკუთარი ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინონ. ნეოლიბერალიზმი ხშირად წინააღმდეგობაში მოდის თანასწორუფლებიან ვაჭრობასა და სხვა ისეთ მოძრაობებთან, რომლთა აზრით მუშახელის უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში.

  • პარლამენტარიზმი
  • სოციალიზმი — იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.

    სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმების ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანთა უფლებები და თავისუფლება.

  • სოციალ-დემოკრატია
  • სტალინიზმი - ტერმინი, რომელიც ეხება პოლიტიკურ რეჟიმს საბჭოთა კავშირში ი. ბ. სტალნის მმართველობის დროს.
  • ტოტალიტარიზმი - ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელიც გამოიყენება ისეთი თანამედროვე პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, რომლებშიც სახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივი საქმეების თითქმის ყველა ასპექტს.

    ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე: 1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება. 3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს. 4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც. 5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ. არენდი, ზ. ბჟეზინსკი, კ. პოპერი, მ. ჰაიდეგერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.).

  • ტროცკიზმი - მარქსისტული თეორია ლ. ტროცკის ინტერპრეტაციით.
  • ფაშიზმი (იტალ. fascismo) წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.

    სადღეისოდ, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც ამ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ (გნებავთ ტრანსნაციონალურ) ნაციონალიზმს, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას.

    არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში.


Comments