Отправлено 23 янв. 2010 г., 2:00 пользователем Davit Chumburidze

ბამბების ნამოსახლარი

ბამბების ნამოსახლარი, მრავალფენიანი ნასოფლარი უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის დასავლეთით. შესწავლა მიმდინარეობს 1958 წლიდან (დ. ხახუტაიშვილი). დასახლება არსებობდა ძვ. წ. VI ს. - ახ. წ. III საუკუნეში, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა გათხრისას აღმოჩნდა კერამიკისა და მინის ნაწარმი, სამკაული, ვაზის სასხლავი დანები, კევრის კოხები და სხვა. გვხვდება კოლხეთიდან შემოტანილი ნაწარმიც. საყურადღებოა ძვ. წ. III - II საუკეების კარ-მიდამო: სახლი, მარანი და ეზო. ამ პერიოდის საცხოვრებელი სახლების ქვეშ აღმოჩნდა ძვ. წ. V - IV საუკუნეების სამარხები. მ. შ. აღსანიშნავია ხელოსანგრავიორის სამარხი (ძვ. წ. IV ს.).

ბამბების ნამოსახლარი წარმოადგენდა ანტიკური დროის უფლისციხის გარეუბანს, რომლის მცხოვრებლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას.

ლიტერატურა

  • ხახუტაიშვილი დ., უფლისციხე, წგნ. 1-2, თბ., 1964-1970;
  • ხახუტაიშვილი დ., ქსე, ტ.2, გვ. 182, თბ., 1977

ბეთანიის სამაროვანი

ბეთანიის სამაროვანი, VI-VIII საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი ბეთანიის ტაძრის სამხრეთით 3 კმ-ზე, სამადლოსა და ვერის ხევებს შორის. შესწავლილია სამაროვნის ნაწილი, ქვიშაქვის ფილებით ნაგები 11 სამარხი. სამარხებში აღმოჩნდა სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები (რკინისა და სპილენძის მშვილდ-საკინძები და ბეჭდები; პასტის, მარჯნისა და სარდიონის თავებიანი საკინძები; სარდიონითა და მარგალიტი გაწყობილი ბრინჯაოს საყურეები).

ლიტერატურა

  • კიკვიძე ი., ჭილაშვილი ლ., ადრეფეოდალური ხანის სამაროვანი ბეთანიასთან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 B
  • ჭილაშვილი ლ., ქსე, ტ. 2, გვ. 268, თბ., 1977

ბიჭვინთის განძი

ბიჭვინთის განძი, წარმოადგენს:

  • ძვ. წ. XV-XIV საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი, აღმოჩენილი 1935 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში. შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტორიპადაა მიჩნეული. დაცულია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.
  • ანტიკური დროის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1958 წელს. შეიცავს II-III საუკუნეების რომის იმპერატორების სახელით მოჭრილ 149 მონეტას, რომელთაგან 10 კესარიული დრაქმა და დიდრაქმაა. 139 კი - ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტა. ბიჭვინთის განძის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია ადრიანეს (117-138) სახელით. უგვიანესი - ფილიპე უმცროსის სახელით (247-249). ბიჭვინთის განძის დაფლვა უკავშირდება გუთების თავდასხმას (256) ბიჭვინთაზე. მონეტები წარმოდგენას გვიქმნიან იმ ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდა ტრაპეზუნტის მოსახლეობა. მონეტების შუბლზე გამოსახულია რომის იმპერატორის პორტრეტი, ზურგზე - რომელიმე ღვთაება (ტიქე, დიონისე, სერაპისი, ჰადესი, ასკლეპიოსი, აპოლონი, აბულანცია, რეა-კიბელე, ჰერაკლე), მონეტების უმრავლესობაზე კი - ადგილობრივი ღვთაება, რომელმაც გააერთიანა მითრასა და კაპადოკიური მთვარის ღვთაების მენის ფუნქციები. მონეტებზე ჩანს ღვთაება მითრას იკონოგრაფიული ცვლილებები II-III საუკუნეების მანძილზე. ეს ღვთაება ადგილობრივ ნიადაგზე უნდა იყოს წარმოქმნილი. ტრაპეზუნტის მფარველ ამ ღვთაებასა და ქართველურ სამყაროში გავრცელებულ მთვარის ღვთაებას შორის გარკვეული მსგავსება ჩანს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საცავებში დაცული ტრაპეზუნტის 315 მონეტიდან 229 აღმოჩნდა ბიჭვინთასა და სოხუმში.
  • IV საუკუნის სპილენძის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (1962). შეიცავს ალექსანდრიაში, ნიკომედიასა და კიზიკოსში მოჭრილ 310 მონეტას. ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის (306-337) სახელით, უგვიანესი - კონსტანციუს II-ის (337-361) სახელით. ბიჭვინთის განძი მიუთითებს ბიჭვინთის ფართო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე IV საუკუნეში. დაფლული უნდა იყოს IV საუკუნის 60-70-იან წლებში სამხედრო საშიშროების გამო.

ბიჭვინთის მოზაიკა

ბიჭვინთის მოზაიკა, V საუკუნის მოზაიკური მხატვრობა, რომლითაც შემკული იყო IV საუკუნისსამნავიანი ბაზილიკის იატაკი (ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს). შედარებით უკეთ იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი და შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქვილი აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ. თავისი ხასიათით ბიჭვინთის მოზაიკა უახლოვდება მახლობელი აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების სირიისა და პალესტინის მოზაიკურ მხატვრობას. საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამია, ე. წ. "ქრიზმა", შემკული "ალფა" და "ომეგას" ნიშნით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რომელიც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზოციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავილებული და ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებებით. კომპოზოცოა გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტით (რომბები, ნახევრად რომბები, წრეები). ნართექსის მოზაიკა დეკორატიული ხასიათისაა. გრეხილებისაგან შექმნილ სხვადასხვა ფორმის მცირე არეებში ჩასმულია ფრინველებისა და თევზების მოზაიკური ფიგურები. კარიბჭესთან გამოსახულია შადრევანი და აქეთ-იქიდან ფრინველები. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ფრაგმენტებად შემორჩენილია ირმებისა და შვლის ნუკრის გამოსახულებები.

ბოლნისის არქეოლოგიური ძეგლები

ბოლნისის არქეოლოგიური ძეგლები, ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის, ადრინდელი რკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლები, აღმოჩენილი ქვემო ქართლში, ახლანდელ ბოლნისის რაიონში. ბოლნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) 1936-1937 წლებში ნაშალი მიწისაგან გაწმინდა ბოლნისის სიონი, დააზუსტა ეკლესიის გეგმა, აღმოაჩინა V-VII საუკუნეების სტელებისა და ქვის ჯვრების ფრაგმენტები, აღმოაჩინა და გაშიფრა ჩრდილოეთის სტოის კარის სააღმშენებლო წარწერა, რომლის საფუძველზე დაზუსტდა ბოლნისის სიონის აშენების თარიღი. ეკლესიის ეზოში გაითხარა XV-XVI საუკუნეების 23 ქვაყუთი.


1957-1962 წლებში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ი. გრძელიშვილი) ბოლნისის სიონის მახლობლად გამოავლინა გვიანდელი ანტიკური ხანის კრამიტსამარხები, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გორაზე აღმოაჩინა ციხესიმაგრის ნანგრევები, ძველი ქ. ბოლნისის ქვითკირით ნაგები ბურჯებიანი გალავანი. ბოლნისის სიონის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ე. წ. "ლამაზ გორაზე", ექსპედიციამ შეისწავლა V-VIII საუკუნეების სამონასტრო ანსამბლი (ეკლესია, სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობანი, გალავანი, სამარხები).


დიდი მნიშვნელობა აქვს ძველ სამთო წარმოებისა და რკინის მეტალურგიული კერების აღმოჩენას ბოლნისის მიდამოებში. სხვადასხვა დროს ექსპედიციამ აღმოაჩინა ანტიკური ხანის რკინის სადნობი სახელოსნოს ნაშთები სოფელ ქვემო ბოლნისში; ფეოდალური ხანის სახელოსნოს ნაშთები მდინარე ჭუღრუღაშენის ხეობაში, ნასოფლარ გომბათთან და სოფელ ფეოდაურის სამხრეთ-დასავლეთით; XVII-XVIII საუკუნეების სახელოსნოების ნაშთები სოფელ ბოლნისთან, მდინარე რკინისწყალზე. აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ძველ საქართველოში ინტენსიურად ყოფილა განვითარებული რკინის მოპოვება-დამუშავება.

ბომბორის განძი

ბომბორის განძი, ძვ. წ. VIII საუკუნის არქეოლოგიიური ნივთების კომპლექსი. აღმოაჩინეს შემთხვევით 1910 წელს, ე. წ. ბომბორის მინდვრის დასავლეთ ნაწილში (გუდაუთის რაიონი), ზღვიდან 1 კმ-ზე. ვარაუდობენ, რომ ბომბორის განძი სამარხის ინვენტარია, განძი შეიცავდა ბავშვიანი ქალის, სავარძელში მჯდარი მამაკაცის, ცხოველების (ცხენის, ძაღლის, თხის, ცხვრის, ვარხევის) რიტუალური დანიშნულების ბრინჯაოს ფიგურებს. ფიგურების მაქსიმალური ზომა 7,6×6,7 სმ. ყველა ფიგურას თან ახლავს 10-13 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ სიგანის ჭვირული ორყურა ფირფიტა. ფიგურები დაკავშირებულია ნაყოფიერების ღვთაების კულტთან. განძში იყო აგრეთვე 2 მძივი და ოქროს 3 ფირფიტა. განძის ნაწილი დაცულია მოსკოვის ისტორიის მუზეუმში, ნაწილი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში.

Comments