იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:48 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 23 янв. 2010 г., 7:18 ]

2008 წლის მონაცემებით საქართველოში 3 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 878 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 0,34  % საქართველოს ძეგლებია.

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მათი დამატების მიხედვით.

# სურათი სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმი
1 Sweticxoveli.jpg მცხეთის ისტორიული მონუმენტები — სვეტიცხოველი მცხეთა 1010—1029  1994 708 iii, iv
- Jvari monastery, outside Mtsketa.jpg მცხეთის ისტორიული მონუმენტები — ჯვრის მონასტერი მცხეთა 586 — 604 1994 708 iii, iv
2 Bagrati cathedral, georgia.jpg ბაგრატის ტაძარი ქუთაისი 1003, XII საუკუნე 1994 710 iv
- Gelati Monastery, Georgia.jpg გელათის მონასტერი ქუთაისი XII საუკუნე 1994 710 iv
3 Ushguli Svaneti 1822.jpg უშგული ისტორიული თემი ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის ხეობაში
1996 709 iv, v

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:46 пользователем Davit Chumburidze

ხიზანაანთ გორა

ხიზანაანთ გორა, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლში, ურბნისის ნაქალაქარის უძველესი სამოსახლო გორა. მდებარეობს სოფ. ურბნისში (ქარელის რაიონი), მტკვრის მარცხენა ნაპირას.

გორა ნამოსახლარს (ზედაპირის ფართობი 340 მ²) ორივე მხრიდან ხევები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხელოვნური თხრილი შემოუყვება.ხიზანაანთ გორა ნაწილობრივ გათხარა ს. ნადიმაშვილმა (1953). 1954 წელს ჩრდილოეთ ფერდობზე გ. ლომთათიძემ გაავლო სადაზვერვო თხრილი. 1960-1964 წლებში მთლიანად გათხარა ურბნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (პ. ზაქარაია, ა. ჯავახიშვილი, ი. კიკვიძე). ხიზანაანთ გორაზე გამოვლენილია ადრინდელი ფეოდალური, ანტიკური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 12 კულტურული ფენა რომელთა საერთო სისქე 8 მ არწევდა. აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 1 სამარხიც. ამ ხანის 9 ნამოსახლარი ფენიდან (სულ გაითხარა 19 სახლი) ზედა ექვსი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრით. აქ გაითხარა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ოთხკუთხა სახლები, რომელთა ცენტრში თიხის შვერილებიანი კერები აღმოჩნდა. გამოვლინდა კერამიკა, კაჟის ნამგლის ჩასართები და ისრისპირები, ძვლის იარაღი, სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბები და სპილენძის იარაღი, მ. შ. ნამგლის ნამზადი და სხვა. ხიზაანთ გორის ქვედა 3 კულტურული ფენა ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება და მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი საფეხურს განეკუთვნება. აქ, ქვევიდან მესამე ფენაში, მრგვალი შენობები გაითხარა. ქვედა ორ ფენაში კი თიხით მოლესილი მრგვალი უშვერილო კერები და სამეურნეო ორმოები გამოვლინდა. ხიზაანთ გორის ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ურბნისის გაქალაქების შემდეგ, ელინისტურ ხანაში (ძვ. წ. III-I სს.), ხიზაანთ გორაზე ტაძარი იდგა.

გათხრებით გამოვლინდა 2,75 მ სიგანის საზეიმო კიბის 18 საფეხური, რომელსაც ჩრდილოეთიდან პანდუსი მიუყვებოდა. გაითხარა აგრეთვე სამეურნეო სათავსები, სადაც წითლად გამომწვარი და მოხატული ქვევრებია ნაპოვნი. აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კრამიტი, თიხის ჭურჭელი, ლითონისა და ძვლის ნივთები. ტაძარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა. გვიანდელი ანტიკურ ხანაში ხიზაანთ გორას ქვიტკირის კონტრფორსებიანი გალავანი შემოარტყეს. VI საუკუნეში აქ ქალაქის შიდაციხე იყო. გამოვლინდა ალიზის გალავანშემორტყმული დიდი ზომის ექვსსათავსიანი კოშკი (შემორჩენილი სიმაღლე 2,5 მ). კოშკსა და გალავანს შორის მოქცეული ფართობი მოკირყწლული იყო. გალავნის ჩრდილოეთი კედელი ეყრდნობა ქვისსაფეხურებიან კედელს, რომლითაც გამაგრებული იყო გორის ფერდობი. კოშკში მდიდარი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა, მ. შ. 10 ცალი სასანური ვერცხლის მონეტა, რომლებიც პეროზის (458-488), კავად I-ისა (488-531) და ხოსრო I-ის (531-579) სახელითაა მოჭრილი. კოშკი, VII საუკუნის დასაწყისში ხანძარს გაუნადგურებია, რის შემდეგაც იგი მიწით დაუფარავთ.

ლიტერატურა

  • გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 11 , გვ. 481, თბ., 1987

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:43 пользователем Davit Chumburidze

ჭალადიდის არქეოლოგიური ძეგლები

ჭალადიდის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის (ძვ. წ. II ათასწლ. ნახ. დასასრულის, ძვ. წ. VII ს., ძვ. წ. VI-IV სს., ძვ. წ. III-II სს., ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ჭალადიდის თემის ტერიტორიაზე, საბაჟოში (ხობის რაიონი). არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა 1961 წლიდან (ხელმძღვანელი თ. მიქელაძე).

აღმოჩენილია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის 3 ფენა, ასევე ადრინდელი რკინის ხანის კულტურის ფენები, კოლხეთისათვის დამახასიათებელი ადგილობრივი და იმპორტული ნივთები, შუა საუკუნეების მასიური ქვევრები და სხვ.

ლიტერატურა

  • მიქელაძე, თ., ქსე, ტ. 11, გვ. 380. თბ., 1987

ჭახათი (ნამოსახლარი)

ჭახათი, პალეოლითური ხანის ნამოსახლარი დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისის მიდამოებში მდ. წყალწითელის ხეობის მარჯვენა ნაპირზე. მღვიმის სიღრმეა 7 მ, სიგანე — 9 მ, სიმაღლე თაღოვან ჭერამდე — დაახლოებით 4 მ.

ნამოსახლარი აღმოაჩინეს 1954 წ., გათხარეს 1960-62 წწ. (ხელმძღვანელი ნ.ზ. ბერძენიშვილი). დადგენილია 5 ლითოლოგიური ფენა (სისქე 1,75 მ). გვიანდელი მუსტიეს ხანის არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა II კულტურულ ფენაში (IV-V ლითოლოგიური ფენები). მასში მოპოვებულია ლევალუაზურ ანატკეც-ლამელებზე ნაკეთები წვეტანები, სახოკები, დაკბილული იარაღი. I კულტურულ ფენაში (I, II, III ლითოლოგიური ფენები) აღმოჩენილია ადრეული მეზოლითის დროის კაჟის ქვისგან ნაკეთები სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტის ტიპის დანები, გეომეტრიული მოყვანილობის იარაღი, ძვლის სადგისი და სხვ. მოპოვებულია განათხარი ხარის, გარეული ღორის, მღვიმური დათვის, კავკასიური ჯიხვის, მგლის, წყლის თახვის, მაჩვის და მელას ძვლების ნაშთები.

ლიტერატურული 

  • თუშაბრამიშვილი, დ., ქსე, ტ. 11, გვ. 387. თბ., 1987

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:40 пользователем Davit Chumburidze

წონა (ძეგლი)

წონა, ბუბას კლდე, მრავალფენიანი (აშელის, მუსტიეს, მეზოლითის, ბრინჯაოს და ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლის (ახლანდელი ჯავის რაიონი) ტერიტორიაზე, მდ. ყვირილის სათავესთან, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს კარსტული წარმოშობის მღვიმეს, რომლის სიგანეა 90 მ, სიმაღლე შესასვლელთან — 15 მ.

აღმოაჩინეს და სწავლობდნენ 1958-1961, 1965, 1968 (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე), 1977-1978 (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია 20 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 4,5 მ). აშელური ხანის ზედა ფენაში ნაპოვნია სხვადასხვა დამზადებული ქვის ნივთი (მათ შორის ხელცულები, საჩეხი იარაღი, სახოკ-საჭრელები, წალდისებრი იარაღი და კლივერი). აშელური ხანის II ფენაში ძირითადად ნაპოვნია ანატკეცები. წონის მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილი ქვის ნაწარმი განეკუთვნება ლევალუაზურ, ლამელურ ინდუსტრიას და ჯრუჭულის, კუდარო I-II, ხვირათის ძეგლებთან ერთად გარკვეულ ჯგუფს ქმნის. მეზოლითური ხანის ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია ზურგდაბლაგვებული (გრავეტის ტიპის) დანები.

აშელური, მუსტიეური და მეზოლითური ნასახლარი მონადირეთა ჯგუფს ეკუთვნოდა. წონის მღვიმის ფაუნა ქვეწარმავალთა და ცხოველთა 22 სახეობითაა წარმოდგენილი. გამოვლინდა მგლის, ტურის, მღვიმის დათვის, მღვიმის ლიმოს, ღორის, ირმის, კავკასიური ჯიხვის, ცხვრის, ბიზონის და სხვა ნაშთი. წონის მღვიმის ფაუნასათვის დამახასიათებელია ცივი ჰავის მოყვარული ცხოველების არარსებობა. აშელური ფენები წარმოქმნილია რის-ვიურმის გამყინვარებათაშორისო ეპოქის დასაწყისში ან რისის გამყინვარების რომელიღაც პერიოდში. მუსტიეური ფენა ვიურმია I ნახევარს განეკუთვნება. მეზოლითური ფენის წარმოქმნა პოლოცენის ეპოქაში უნდა მომხდარიყო.

წოფი I

წოფი I, გვიანდელი აშელისა და ადრინდელი მუსტიეს ხანის ძეგლი სოფ. წოფის (მარნეულის რაიონი) მახლობლად. ბანასწყლის მარცხენა ნაპირზე. წარმოადგენს გამარმარილოებული კირქვის ნაპრალში მოწყობილ ღია ტიპის ძეგლს, სადაც ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა. აღმოჩენილის 1957 (აკად. ნ. ბერძენიშვილი), გათხრილია 1957-1958 (გ. გრიგოლია). კულტურული ფენის საერთო სისქე 3 მ-ზე მეტია. გამოვლინდა 5 საცხოვრებელი ჰორიზონტი, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ შეფერილობით განსხვავდება. მოპოვებულია 2800 ქვის ნივთი (მათ შორის ნუკლეუსები, ანატკეცები, სახოკები, წვეტანები და სხვა). წოფი I-ის ქვის ინდუსტრია არალევალუაზური, არაფაცეტირებულია, ახლოს დგას მუსტიეს კულტურის ვარიანტთან და ჯერჯერობით ცალკეა საქართველოს პალეოლითურ ძეგლებს შორის. წოფი I-ში დადგენილია ცხოველთა 11 სახეობა. წოფი I-ის ფაუნა: ბეწვიანი მარტორქა, ნამარხი ცხენი და ვირი, ნიამორი, დაღესტნური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, დომბა, დათვი და სხვა.

წოფის ინვეტარში აღმოჩენილია "შომუ–თეფეს ტიპის" შემადგენელი ნამგლის ჩანართები. არის აგრეთვე ამ ნამოსახლარზე ცნობილი დაკბილული მსხვილრეტუშიანი სამკელი დანა. აქვე ნაპოვნი ორი დიდი ზომის ობსიდიანის ლამელა.

ლიტერატურა

  • გრიგოლია გ., ქვემო ქართლის პალეოლითი (დამარხული გამოქვაბული წოფი I), თბ., 1963;
  • Тушабрамишвили Д. М., Палеолит в Грузии, «საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები», 1981, ტ. 9;
  • თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 11, გვ. 344, თბ., 1987

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:37 пользователем Davit Chumburidze

ქვაცხელები

ქვაცხელები ტვლეპია ქოხი - ადგილი სოფელ ურბნისის აღმოსავლეთით 2,5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, სადაც 1953 წელს ნ. ბერძენიშვილმა აღმოაჩინა და 1954-1965 წლებში ა. ჯავახიშვილმა და ლ. ღლონტმა გათხარეს ერთიმეორეზე მდებარე 3 კულტურული ფენის (B და C - ადრინდელი ბრინჯაოს ხანა, A - ადრინდელი ფეოდალური ხანის) ნასოფლარი და 2 სამაროვანი. ხანძრისაგან განადგურებულ C ფენაში (ძვ.წ. 2800 წ.) აღმოჩნდა 25 შენობის ნაშთი, ადგილზევე იყო დარჩენილი საყოფაცხოვრებო და საწესო მოწყობილობანი. ალიზით ნაგები ან თიხით შელესილი შენობები იდგა კომპაქტურ ჯგუფებად პატარა „მოედნების“ და „ქუჩების“ ირგვლივ, ფასადი მიქცეული იყო იმ ადგილებში გაბატონებული ქარების საწინააღმდეგოდ. ერდოიან-გვირგვინიანი ბანური გადახურვა დედაბოძს ეყრდნობოდა. კვადრატულ კუთხეებმომრგვალებულ სახლს ფასადის მხარეზე გრძელი სამეურნეო დერეფანი ჰქონდა. სახლის ცენტრში, ერდოს ქვეშ, მოწყობილი იყო წრიული, შიდაშვერილებიანი კერა უქრობი ცეცხლისათვის, რომელიც ოჯახის ნაყოფიერების სიმბოლოდ ენთო. მხოლოდ ერთ წრიულ შენობას, რომელიც შესაძლებელია იყო ტაძარი, არ გააჩნდა დერეფანი. B და C ფენები შეიცავდნენ ანალოგიური შენობის ნაშთებს. ზედა A ფენაში გადარჩენილი იყო ურბნისის ქალაქობისდროინდელი (VI-VIII სს.) შენობის რიყის ქვის საძირკვლის, სარტყლებიანი ქვევრების, თიხისა და მინის ჭურჭლის ნაშთები და ინვენტარი და 4 ქრისტიანული სამარხი.

ნასოფლარის ჩრდილოეთით მდებარეობდა ტვლეპია ქოხის სამაროვანი. ნაწილობრივ შენობების ქვეშ მოქცეულ ორსამარხებში მიცვალებულები (1 ან 2) დაკრძალულნი იყვნენ გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცილები. ჩატანებული ჰქონდათ კერამიკული ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის იარაღ-სამკაული (მათ შორის მზის, წეროებისა და ირმების გამოსახულებიანი დიადემა).

ნასოფლარის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა ტვლეპია წყაროს სამაროვანი. გამოვლენილია ქვაყრილიანი 4 ორმოსამარხის ნაშთი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვის, წიდისა და ბრინჯაოს მძივები, ხიშტისებური შუბისპირი.

ნასოფლარის B და C ფენებში და სამაროვნებზე მოპოვებული სამეურნეო იარაღი (ირმის რქის კავისებური სახნისი, კაჟის ნამგლის პირები, ქვის ნავისებური ხელსაფქვავები), ხორბლის, ქერისა და წიპწის ნაშთები, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლები, მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, კერის სხვადასხვაგვარი სადგარი, საწესო ლარნაკები, სანათურები, ქვის ფალოსები, ნაყოფიერების მამაკაცი ღვთაების თიხის ფიგურები, ირმების, წეროებისა და ასტრალური გამოსახულებები მოწმობს, რომ აქ ცხოვრობდა წყვილადი ოჯახებისაგან შემდგარი [პატრიარქატი|პატრიარქალური გვარი]], რომელიც მისდევდა გუთნურ მიწათმოქმედებასა და მწყემსურ მესაქონლეობას, კერამიკის წარმოებას, იცნობდა ბრინჯაოს მეტალურგიას. მის სარწმუნოებრივ წარმოდგენაში ტოტემიზმის გადმონაშთებთან ერთად ჩანს წარმართული პანთეონის მთავარი ღმერთების ტრიადა (მზე, მთვარე და ცისკრის ვარსკვლავი), საფიქრებელია ასევე ნაყოფიერების მცირეაზიური ღვთაების - ტელეფისის - ტვლეფიას - ტვლეპიას კულტი.

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:20 пользователем Davit Chumburidze

სადუღა

სადუღა, ადგილი სოფელ კაჭრეთის მახლობლად (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), სადაც 1972 წელს გათხარეს (ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. 2000-1800) გორასამარხები. ერთ-ერთი მათგანის დასაკრძალავ ორმოში აღმოჩნდა მდიდრული სამარხეული ინვენტარი, მათ შორის შავპრიალა და ღია ფერის სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭელი. ზოგი შემკულია სიმბოლური (მაგ., მზის გამომსახველი დისკო) და დეკორატიული სახეებით. იქვე იყო ოქროს მრავალი ნივთი — შტანდარტის ნაწილები, სამკაული (მძივები, საკიდები, საბნევები და სხვა). განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრინჯაოს ვიწრო მახვილის აღმოჩენა, რაც სიახლეა. შუა ბრინჯაოს ხანის კავკასიური მახვილები უფრო გვიანდელია, მათ წარმომავლობას ვარაუდობემ ეგეოსური მახვილებიდან, სადუღის მახვილი კი კავკასიური რაპირები პროტოტიპია, რაც მის ადგილობრივი წარმოშობას მოწმობს.

სადუღის ბუნებრივ ბორცვზე გამოვლენილი და ნაწილობრივ შესწავლილია აგრეთვე ანტიკური ხანის ნამოსახლარი.

ლიტერატურა

  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 8, გვ. 624-625, თბ, 1984

სამთავროს ველი

სამთავროს ველი კავკასიაში უდიდესი სამაროვანია, მდებარეობს ქ.მცხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საავტომობილო გზის პირას, კალთის ფერდობზე. აქ სხვადასხვა დროის 4000-ზე მეტი სამარხი რამოდენიმე იარუსად არის განლაგებული და ქართველი ხალხის ისტორიის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს - ძვ. წ. XVIII-XVII სს-დან (შუა ბრინჯაოს ხანა) - ახ. წ. VII-VIII სს-მდე.

სამაროვანი

სამაროვანი გამორჩეულია სამარხთა ტიპოლოგიური მრავალფეროვნებით: უძველესი - ბრინჯაოს ხანის გორა და ორმო-სამარხები, გვიანანტიკური ქვევრ-სამარხები, გამორჩეულად მდიდრული კრამიტ-სამარხები, წარჩინებულ ქალბატონთათვის განკუთვნილი ორფერდსახურავიანი და ჩვეულებრივი ბრტყლად დახურული ქვაყუთები, რომელთაგან უგვიანესი ახ.წ. VIII-IX სს-ს განეკუთვნება.

აკლდამა 905

ამ აკლდამაში ერთმანეთის პირისპირ ორი ჩონჩხი ესვენა. თავდაპირველად 45-50 წლის ქალბატონი დაუკრძალავთ, მოგვიანებით - 25-30 წლის ახალგაზრდა ქალი. ძვირფასი ნივთების სიმრავლე, რომლებიც გარდაცვლილთ ჩაატანეს (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში), მეტყველებს ამ ქალბატონების წარჩინებულობაზე. ვერცხლის ლანგარი პართულ არამეულზე გამოყვანილი წერტიოვანი წარწერით:


«უფლისწული თირიდატი [ეს ლანგარი] მისი საკუთარია»

მიუთითებს, რომ განსვენებულნი ქართლის სამეფო ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.

საცხოვრებელი

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის საცხოვრებლის ნაშთები, რომლებიც გვიან ანტიკური სამარხების კულტურული შრის ქვეშ აღმოჩნდა, ქართველთა იმდროინდელი ყოფისა და ჩვეულებათა არაერთ საიდუმლოს გვიზიარებს.

სამთავროს სამაროვანი
ფაილი:Samtavros samarovani 1.jpg

სამთავროს სამაროვანი
ფაილი:Samtavros samarovani 2.jpg

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:12 пользователем Davit Chumburidze

პასიეთის გორასამარხი

პასიეთის გორასამარხი, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანა ან II ნახევარი) გორასამარხი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის ერთ-ერთ უბანში - პასიეთში. არქეოლოგიურად შესწავლილია 1955 (ხელმძღვანელი ო. ჯაფარიძე). პასიეთის გორასამარხის სიმაღლე 3 მ, დიამეტრი 30 მ აღწევდა. ქვატეხილის ნაყარი ქმნიდა სამაროვანს. მასში სხვადასხვა დონეზე მოწყობილი იყო მჭიდროდ განლაგებული ინდივიდუალური სამარხები, რომლებიც დაზიანებული იყო, ქვაყრილის ცენტრალურ ნაწილში კი — სრულიად დაშლილი. მიცვალებულის დამხრობის (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ) დადგენა შესაძლებელი გახდა მეტ-ნაკლებად შემონახული 3 სამარხის მიხედვით. ძვლები ცუდად იყო დაცული. სამარხებში აღმოჩნდა სპილენძის ყუამილიანი ცულები, ყუნწიანი ბრტყელი სატევრები, სხვადასხვა ტიპის საკინძები, მრავალნაირი საკიდი, მძივები, რგოლები, ხვიები, ნიჟარები და ეშვები. ნაპოვნია შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი თიხის ქილები, დერგები, ბადიები, კოჭბები და სხვა ნივთები. ზოგი მათგანი შემკულია ღარებიანი და გრავირებული სახეებით. პასიეთის გორასამარხი შედის ამავე ტიპის საჩხერული ძეგლების ჯგუფში (ნაჩერქეზევი, ცარცის გორა და სხვა). ეს ძეგლები მტკვარ-არაქსის კულტურის ბოლო საფეხურს ეკუთვნის და მთელ ამიერკავკასიაში სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის უძველე4ს მძლავრ კერას წარმოადგენდა.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 703-704, თბ., 1984

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:05 пользователем Davit Chumburidze

ოჟორის სამაროვანი

ოჟორის სამაროვანი, ზემოლისას სამაროვანი, განვითარებულია რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ოჟორიდან დაახლოებით 2 კმ-ზე, ადგილობრივ ზემოლისაზე. გაითხარა 1951 წელს (ხელმძღვანელი ო. ჯაფარიძე) 14 ორმოსამარხი. დაკრძალვის წესი არ დადგინდა, ვინაიდან ბავშვის 1 კბილის გარდა ადამიანთა ძვლები არ შემორჩენილა. სამარხებში აღმოჩნდა მრავალნაირი თიხის ჭურჭელი, ძირითადად რკინის იარაღი (შუბისპირები, მოკლე ხიშტისმაგვარი იარაღი, სატევრები, ცალპირა მოხრილი დანები და სხვა). ერთგან იყო ბრინჯაოს კოლხური ცული, რომლის ყუაზე ხარის ქანდაკებაა. № 1 ორმოსამარხში კი მხოლოდ ბრინჯაოს იარაღი იყო. სამკაული ნაკეთებია ბრინჯაოსაგან. მძივების ძირითადი ნაწილი სარდიონისაა. ბევრია ცისფერი პასტის მძივებიც. მცირე რაოდენობითაა თეთრი პასტის ცილინდრული ე. წ. „დომინოს“ ტიპის, ლურჯი მინისა და ქარვის მძივები.

სამაროვანი ძირითადად ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება, ხოლო № 1 ორმოსამარხი გვიანდელი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები სოფელ ოჟორაში, «თსუ შრომები», 1955, ტ. 65;
  • მენაბდე მ., ქსე, ტ. 7, გვ. 551, თბ., 1984

ორბეთი (საწარმო)

ორბეთი, VIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისის მინის საწარმოს ნაშთი, რომელიც აღმოჩნდა სოფელ ორბეთთან (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ტყეში. ძეგლი შესწავლილია გადანაყარში აკრეფილი ნივთების მიხედვით. სახელოსნოში მზადდებოდა მინის ჭურჭელი, სამაჯურები ბეჭდები, მოზაიკის კენჭები, სარკმლის მინები, ნაპოვნია სასმისების, სანელსაცხებლებისა და ბოთლის ნამტვრევები. მრავალფეროვნებით გამოირჩევა სასმისები. აღსანიშნავია მინანქრის საღებავებით მოხატული ჭურჭელი, რომლის აღმოჩენა პირველი შემთხვევაა საქართველოში. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის დანა, რითაც ოსტატებს მინის ჭურჭელზე სხვადასხვა ორნამენტი გამოჰყავდათ. ორბეთის მინის საწარმოში ამზადებდნენ ფერად (წითელი, ლურჯი, ცისფერი, სხვადასხვა ელფერის მწვანე, შავი, თეთრი, ყვითელი, ჭრელი) მინას. დიდი რაოდენობითაა შავი და ფერადი მინის ბეჭდები. შედარებით ნაკლებია ფერადი მინის სამაჯურები (გრეხილი, სადა), განსაკუთრებით საყურადღებოა ორბეთის მინის საწარმოს გადანაყარში ნაპოვნი კუბური მოყვანილობის სხვადასხვა ფერის (შავი, მწვანე, ცისფერი პქროსფერილი) მოზაიკის კენჭები. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მოზაიკის კენჭების წარმოების პირველი ფაქტობრივი დადასტურება. აქვე გვხვდება ფერადი სარკმლის მინის (ვიტრაჟის) ნატეხები.

ლიტერატურა

  • უგრეხელიძე ნ., მინა ძველ საქართველოში, თბ., 1961;
  • უგრეხელიძე ნ., ქსე, ტ. 7, გვ. 553-554, თბ., 1984

ოჩამჩირის ნაქალაქარი

ოჩამჩირის ნაქალაქარი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ჯიქიმურის შესართავთან. გათხარეს 1935-1936 წლებში (ბორის კუფტინი, მ. ივაშჩენკო, ლ. სოლოვიოვი). აღმოჩნდა 3 სხვადასხვა დროის (ლითონის ინდუსტრიის საწყისი ეპოქის, ანტიკური ხანის და შუა საუკუენნები) ნამოსახლარის ნაშთები. ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნამოსახლარი გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ. წ. IV ს.) „პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქ. გიენოსთან. დასახლებული იყო თხრილით გარშემოტყმული ხელოვნური ბორცვები. დასახლების ეს ტიპი დამახასიათებელი იყო კოლხეთისათვის თავისებური ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო. შემორჩენილია თიხაკეპნილი იატაკებისა და კედლების შელესილობის ნაშთები. აღმოჩენილია თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის (ოქრო, რკინა, ბრინჯაო) სამკაული და იარაღი. გვხვდება აგრეთვე თიხის ბერძნული ნაწარმი, რომლის უადრესი ნიმუშები ძვ. წ. V საუკუნის შუა წლებით თარიღდება.

ლიტერატურა 

  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 2, Тб., 1950;
  • კაჭარავა დ., ქსე, ტ. 7, გვ. 621, თბ., 1984

ოძისის სამაროვანი

ოძისის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ოძისში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1975 წელს შემთხვევით აღმოჩენილ სამარხეულ კომპლექსში იყო შავლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (6 ცალი), ბრინჯაოს 2 სამაჯური, ბალთა, 2 ბეჭედი, საკინძი, ფოთლისებური სატევარი, 7 ღილაკი, სარდიონისა და პასტის 4 მძივი. ნივთები დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 625, თბ., 1984

ოძრხე

ოძრხე, ოძრახე, ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი), დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოძრხისწყლის მარჯვენა მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას. სახელწოდება „ოძრხე“ შესაძლოადაკავშირებული იყოს ქართული ეთნიკური გაერთიანების ვიძერუხ-ვიტერუხის სახელთან.

ძვ. ქართული ტრადიციის თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს. მეფე ფარნავაზის დროიდან (ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენცია იყო. მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) სიკვდილის შემდეგ — სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია. VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ოძრხეს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-მ გავლენიან ფეოდალს — სულა კალმახელს უბოძა. 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა; იყო ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის, ახალციხის ლივის, ერთ-ერთი ნაჰიეს ცენტრი, შემდგომში მცირე დაბა. უფრო გვიან გაუკაცრიელდა. ციხის სიგრძეა დაახლოებით 50 მ, სიგანე — 15 მ. აქვს 2 მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი. მდინარე ოძრხისწყლის ქვემოთ კარგი სამიწათმოქმედო რაიონია, რომელიც ადრიდანვე იყო ათვისებული. აქ რამდენიმე ნამოსახლარი გორაა, რომელთაგან ერთს ზადენ-გორა ჰქვია.

ლიტერატურა

  • ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. 1, თბ., 1968
  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 7, გვ. 625, თბ., 1984

Отправлено 23 янв. 2010 г., 5:38 пользователем Davit Chumburidze

ნავთლუღის სამაროვანი

ნავთლუღის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII საუკუნეები) არქეოლოგიური ძეგლი თბილისის ტერიტორიაზე, ნავთიჭალაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება მდინარე მტკვარი, ხოლო ჩრდილოეთით და ნაწილობრივ აღმოსავლეთით მდინარე ორხევი. აღმოჩნდა 1950 წელს. გათხრილია (ხელმძღვანელი დ. ქორიძე) 8 ორმოსამარხი. ნაპოვნია ბრინჯაოს სხვადასხვა ტიპის იარაღი (სატევრები, შუბები, სამკუთხა თხელი ისრისპირები, აღმოსავლური ქართული ცული, კაუჭი), სამკაული (საკისრე რგოლი, საკინძები, სარდიონის მძივები, სამაჯურები), საოჯახო ნივთები (სპილენძის ქვაბი, თიხის ქოთნები, დერგები, ჯამები, ლანგრები და სხვა).

ლიტერატურა 

  • ქორიძე დ., გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები თბილისიდან (ნავთლუღი), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 18B;
  • მისივე, თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ტ. 1, თბ., 1955;
  • მენაბდე მ., ქსე, ტ. 7, გვ. 289, თბ., 1984

ნამზღვლევის სამაროვანი

ნამზღვლევის (გრემისხევის) სამაროვანი, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში სამაროვანი სოფ. გრემისხევის (დუშეთის რაიონი) სამხრეთით 0,5 კმ-ზე, ადგილ ნამზღვლევზე. აღმოჩნდა შემთხვევით, მიწის სამუშაოების შესრულების დროს (14 ორმოსამარხი). მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდზე, ხელფეხმოკეცილად. ჩატანებული ჰქონდათ 2-4 თიხის ჭურჭელი, სამკაული. მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს ბრტყელი, ქუსლამოღარული ისრისპირი.

მასალა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა

  • Цитланадзе Л. Г., Менабде М. А., Исследования в ущелье р. Нареквани, კრ.: Археологичеслие открытия 1975 г., М., 1976;
  • Цитланадзе Л. Г., Кигурадзе Т. В., Мирцхулава Г. И., Апхеологические работы в ущелье реки Нареквани. კრ.:Полевые археологиыеские исследования в 1975 году, Тб., 1978
  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 308, თბ., 1984

ნარეკვავის სამაროვანი

ნარეკვავის სამაროვანი, ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIII-VI საუკუნეები) სამაროვანი ადგილ ნარეკვავთან, მუხრანის ველზე, მცხეთის ჩრდიოეთით 5-6 კმ-ზე. აღმოჩნდა შემთხვევით (1938-1940). 1960 წელს გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე) გამოვლინდა რამდენიმე ორმოსამარხი და სამარხი ნაშთი. მიცვალებულები იწვნენ მარცხენა გვერდზე მოკრუნჩხულად, თავი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ. სამარხებში აღმოჩნდა საქონლის ძვლებიც (მათ შორის ცხენის თავის ქალა). ნაპოვნია შედარებით ადრეული საფეხურის (ძვ. წ. XIII-X სს.) მასალა:ბრინჯაოს სატევრები, კოლხური ცული, შუბისპირები, მახვილი, აკინაკი, ცულები, ბრინჯაოს ისრისპირები, ბუნიკები, ლაგმები, ქარქაში. კერამიკა შავპრიალა, ლეგა და მოვარდისფროა, უმრავლესობა ჩარხზეა ნაკეთები. შემკულია გრავირებითა და პრიალა ხაზებით. ჭურჭლის ფორმათა მრავალსახეობა მოწმობს სხვადასხვა სამეურნეო დარგის დაწინაურებას. კერამიკა გამოირჩევა ფორმათა მდგრადობით. აღმოჩენილია აგრეთვე ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების თრიალეთური ტიპის თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს მოგრძო სატევარი, რაც იმას მოწმობს, რომ სამაროვანი აქ ადრეულ ხანაშიც არსებობდა.

ნარეკვავის სამაროვანის მასალა სამთავროს სამაროვნის „ქვედა სართულზე“ ნაპოვნი მასალის ანალოგიურია.

ლიტერატურა 

  • ოქროპირიძე ნ., ნარეკვავის სამაროვანი, «ივ. ჯავახიშვილის სახელოის ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1964, ტ. 7;
  • მისივე, მუხრანის ველის არქეოლოგიური ძეგლები ძვ. წ. XVII-VII სს., «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1965, ტ. 4;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 318-319, თბ., 1984

ნასადგომარის სამაროვანი

ნასადგომარის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი ადგილ ნასადგომარზე გურჯაანის რაიონის სოფ. მახარეძესთან (ყოფილი სოფ. გადრეკილი). არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს 1970 წლიდან (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). სამაროვნის ფართობია დაახლოებით 200×50 მ2. შესწავლილია 105 სამარხი და სამარხის ნაშთი. სამაროვანზე დადასტურდა 3 იატუსად განლაგებული ორმოსამარხები. ქვედა იარუსზე ორმოსამარხებთან ერთად მიწაყრილიანი და ორმოიანი გორასამარხებიც გვხვდება. სამაროვანზე აღმოჩნდა ბრინჯაოს იქრაღი და სამკაული, ობსიდიანის ისრისპირები, ძვლის სხვადასხვა ნივთი. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ადგილობრივ მატერიალური კულტურის თანამიმდევრულ ეტაპობრივ განვითარებას ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისამდე. ქვედა სართულის სამარხეული მასალა იმ დროის ცენტრალურ ამიერკავკასიაში გავრცელებული მატერიალური კულტურის იდენტურია. რამდენიმე სამარხში ფირფიტოვანი ბრინჯაოს აბჯრის ნაწილები აღმოჩნდა, რომლებიც წინააზიური წარმომავლობისა უნდა იყოს. თარიღი იქაური წარწერებითაა დადგენილი (ძვ. წ. XIV-XIII სს.), ზედა იარუსის სამარხულ მასალაში კი აშკარად ჩანს ადგილობრივი, კახური ლოკალური ვარიანტის ჩამოყალიბების ნიშნები.

ლიტერატურა

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
  • ფიცხელაური კ., ქსე, ტ. 7, გვ. 323-324, თბ., 1984

ნატბეური

ნატბეური, XIII საუკუნის II ნახევარი — XIV საუკუნის დასაწყისი მინის საწარმოს ნაშთი სოფელ ქვემო ნიჩბისიდან 10 კმ-ზე, დამშრალი ხევის — „წიწილის წყაროს“ შუა წელზე (მცხეთის რაიონი). გათხარეს 1972 წელს (ხელმძღვანელი ნ. უგრეხელიძე). ნაგებობა პატარაა (ფართობი 24 კვ. მ). ერთი მხრიდან კლდეზეა მიშენებული. გამოვლინდა ნატეხი ქვებით ამოშენებული მინის სალღობი ქურა — თაკარა. მისი შემადგენელი ნაწილებიდან შემორჩენილი იყო საცეცხლე, ჰაერსადენი საკანი, მინის სალღობი აბაზანა და აბაზანის წინ გამოყვანილი საკვამლე ხვრელი. გამოწვის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: კაზმს ათავსებდნენ აბაზანაში, საცეცხლეში შენთებული ძლიერი ცეცხლიჰაერსადენ საკნიდან გადადიოდა და ადნობდა კაზმს, კვამლი კი აბაზანის წინ მოთავსებულ საკვამლეში გადიოდა. მზა ნაწარმის გაცივება ალბათ თაკარის ზედა სართულში ხდებოდა (ამ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია). ნატბეურის თაკარა თავისი კონსტრუქციით გაცილებით რთულია შუა საუკუნეებში ყველა ცნობილ მინის სალღობ ქურასთან შედარებით. მინის წარმოების ნედლეულიდან საყურადღებოა სახელოსნოში ნაპოვნი კაჟი და მანგანუმი. იქვე აღმოჩნდა ქვესანაყი, რკინის კავი და დანა. ნატბეურის მინის საწარმოში მზადდებოდა მინის ჭურჭელი და სამაჯურები. მინა შედარებით მდარე ხარისხისაა, ტიპები ერთფეროვანი. მაგებობის სამხრეთ კედელში კარი იყო, საიდანაც ფერდობზე იყრებოდა საწარმოს წუნდებული ნაწარმი. ნატბეურის საწარმო მინისნივთბით ამარაგებდა მისგან ორიოდე კმ-ზე მდებარე სოფელ ლელობთან არსებულ სამოსახლოს, სადაც ამ სახელოსნოს ნაწარმი აღმოჩნდა. ნატბეურის მინის საწარმოს არსებობა შეუწყვეტია მონღოლთა ერთ-ერთი შემოსევის დროს.

ლიტერატურა

  • უგრეხელიძე ნ., ქსე, ტ. 7, გვ. 327, თბ., 1984

ნაცარგორა (ნამოსახლარი)

ნაცარგორა, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ქ. ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 - 2 კმ-ზე. გათხარეს 1945-1948 წლებში (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი). მდებარეობდა ბუნებრივ ბორცვზე. ძირითადად გამოვნინდა 3 კულტურული ფენა და მათ ქვეშ მდებარე ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 5 ორმოსამარხი. სამარხებში აღმოჩნდა მიცვალებულთა ჩონჩხები და ღარიბებული ინსევტარი. ქვედა კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნა) შეიცავდა ხელით ნაძერწ მორუხო-მოვარდისფრო თიხის ქოთნების ფრაგმენტებს, ცხოველის ძვლებს, ობსიდიანის ნატეხებს და სხვა. II კულტურულ ფენაში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლები) აღმოჩნდა ხით ნაგები და თიხით შელესილი საცხოვრებელი ნაგებობის, პირველყოფილი ტაძრებისა და საკულტო შენობების ნაშთები, რიყის საძირკვლები, თიხით შელესილი საკურთხეველ-სამსხვერპლოები, ჩარხზე ნაძერწი შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ბრინჯაოს სატეხის ჩამოსასხმელი ყალიბი, კაჟის ნამგლისპირები, ძვლის ნივთები, თიხის ქანდაკებები და ურმის ბორბლის მოდელები, შინაური ცხოველებისა და ირმის ძვლები და სხვა. ჭურჭლის ნაწილი თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკას უკავშირდება, ნაწილი კი — კოლხურ კერამიკას. III კულტურული ფენა უშუალოდ აგრძელებს II ფენის კულტურას. მასში აღმოჩნდა რიყის ქვის საძირკვლებზე ხის მსხვილი ძელებით ან ფაცხისებურად ნაგები და ბზენარევი თიხით შელესილი სამლოცველოების ნაშთები. ისინი ნაგები იყო სპეციალურად მოწყობილ მოედანზე. მათში საფეხურებიანი საკურთხევლები და შეწირულებანი იყო. გამოვლენილია რქისგამოსახულებიანი ნალისებური და ოთხკუთხა კერები, გამოუწვავი თიხისაგან ნაძერწი ხარის დიდი ზომის ქანდალებანი, მინიატურული ცულის, სატევრისა და სატეხის ყალიბები, ხორბლის, ქერისა და ფეტვის დანახშირებული ფრაგმენტები, შავპრიალა კერამიკა და სხვა. თიხის ჭურჭლის შემკულობაში გაჩნდა კოლხურისა და ცენტრალურ-ამიერკავკასიის კერამიკისათვის დამახასიათებელი ორნამენრი. ამ ფენის კერამიკა ძირითადად დაკავშირებულია წარმართულ ტაძრებთან და საკულტო სენაკებთან. ზოგი მეცნიერი (გ. გობეჯიშვილი) III ფენას ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულითა და I ათასწლეულის I ნახევრით ათარიღებს. უკანასკნელი აღმოჩენების მიხედვით კი ძვ. წ. 1350-1250-ით თარიღდება (კ. ფიცხელაური). ნაცარგორის ნამოსახლარი განეკუთვნება ბრინჯაოს ხანის დაწინაურებული მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეჭურჭლეობის, მელითონეობისა და სხვ დარგების მქონე ხალხს. III ფენაში ჩაშვებული იყო ადრინდელი ქრისტიანული ხანის 10--მდე უინვენტარო სამარხი.

ლიტერატურა

  • გობეჯიშვილი გ., სტალინირის ნაცარგორა, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 338, თბ., 1984

ნესოსი

ნესოსი (ბერძნ. Nesos — კუნძული), ისტორიული სტრატეგიული პუნქტი დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით იქ, სადაც მდინარე ტეხური ერთვის მდინარე რიონს. მოიხსენიებს აგათა სქოლასტიკოსი (VI ს.) ბიზანტია-სპარსეთის 552-556 ომის აღწერის დროს. ნესოსი ხელოვნურ კუნძულს წარმოადგენდა. აქ იყო ბიზანტიისა და ეგრისის ჯარების ერთ-ერთი მთავარი ბანაკი. ისტორიოგრაფიაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ნესოსი ახლანდელ სოფელ ისულასთან (სენაკის მუნიციპალიტეტი) მდებარეობდა, რაც არ დასტურდება (სოფ. ისულა მდინარეების აბაშისა და ტეხურის შესართავშია). ამჟამად ძველი ნესოსის მიდამოები დაუსახლებელია; ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა მას კოდორეს ეძახის.

ლიტერატურა

  • უჩანეიშვილი დ., ნესოსის ადგილმდებარეობის შესახებ «საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1967, ტ. 75, № 3;
  • უჩანეიშვილი დ., ქსე, ტ. 7, გვ. 396, თბ., 1984

ნოსირის ნამოსახლარი

ნოსირის ნამოსახლარი, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ნოსირში, მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირას (სენაკის მუნიციპალიტეტი). გათხარეს 1967-1970 წლებში (ხელმძღვანელი დ. ქორიძე) და 1971-1977 წლებში (ხელმძღვანელი ე. გოგაძე). ნოსირის ნამოსახლარის ნაწილი მდინარეს გაუნადგურებია, შესწავლილია სამოსახლო ბორცვი (დაახლოებით 2000 მ2), რომელიც კოლხეთის დაბლობის გორანამოსახლარების (დიხა გუძუბა, ნაოხვამუ და სხვა) ტიპს განეკუთვნება. მასზე დადგენილია 4 კულტურული ფენა: I და II (ძვ. წ. II ათასწლეულის II მეოთხედი), III და IV (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის დასაწყისი). სამოსახლოს ცენტრში თავდაპირველად აგებული ყოფილა ხელოვნური შემაღლება - ხის ძელებით ნაგებ დიდი ჯარგვალის ტიპის ნაგებობაზე დაყრდნობილი თიხაზვინული. I ფენაში გამოვლინდა ხის შენობები. აქვ მოპოვებულია ძვლისა და კაჟის იარაღები, საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების ქვის ნივთები (ხელსაფქვავები, სანაყები და სხვა), მცენარეულის (ვაზის, წაბლის, თხილის) ნაშთები, მარცვლეულის ნარჩენები, საქონლის ძვლები და სხვა. II ფენა ძლიერი ნახანძრალის ნაშთებს შეიცავდა. შეიმჩნევა კერამიკის ევოლუცია. I და II ფენები გამოირჩევა ორნამენტის მრავალფეროვნებით (ღარული, გრავირებული და რელიეფური სახეები). III კულტურულ ფენაში ნაპოვნია დიდი რაოდენობით კერამიკა, ცხოველის ძვლები, საოჯახო დანიშნულების ქვის ნივთები, აგრეთვე ბრინჯაოს ბრტყელი ცული, საჭრეთლი, დანისპირი და სხვა. ბორცვის განაპირა ადგილებში დადგენილია IV კულტურული ფენა. სათავსები ნაგები ყოფილა ძვლებით (ჯარგვალური წყობის კედლები) ან წნულებით (ფაცხის ტიპისა). შნობები განლაგებული იყო ტერასულად, თიხაზვინულის საფუძველზე. ნოსირის ნამოსახლარზე ნაპოვნია სქლად გამოთლილი და თხელი (ყავრის მსგავსი) ფიცრები. ნოსირის ნამოსახლარის მოსახლეობა ეკუთვნოდა მიწათმოქმედ საზოგადოებას, სადაც განვითარებული იყო მესაქონლეობა და ხელოსნობის დარგები.

ლიტერატურა

  • გოგაძე ე., კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა, თბ., 1982;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ., 1-5, თბ., 1969-1977;
  • გოგაძე ., ქსე, ტ. 7, გვ. 481, თბ., 1984

ნოქალაქევი

ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. ”ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა”), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი“-ნაქალაქევი), ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ამჟამად სოფელი ნაქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა სენაკის რაიონში, სამეგრელო, მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
ნოქალაქევის აღმ. კარიბჭე.

ისტორია

ამ ადგილას უწინ მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი მდებარეობდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც არქეოპოლისს , თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხე) უწოდებენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები (542-562) სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში განხორციელდა. ომის დროს სპარსელებმა ციხეგოჯზე იერიში სამჯერ მიიტანეს და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554), თუმცა ქალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება (შედარებით) ჰპოვა მე-16 საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.                                                                                          ნოქალაქევის აღმ. გალავანი (შიდა ხედი)

არქეოლოგიური გათხრები

ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1930-1931 წლებში აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის ინიციატივით. გათხრები მიმდინარეობს 1973-დან. ნოქალაქევის ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ჩანს ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან. ცხოვრება ინტენსიური გახდა ძვ. წ. V-IV საუკუნეებიდან.

ქალაქი 3 ნაწილისაგან შედგებოდა (საერთო ფართობი 15 ჰა) და გალავნით იყო გარშემორტყმული. მთავარი ნაწილი განლაგებული იყო მდინარის ნაპირას, გარნიზონის სამყოფელი მდებარეობდა ფერდობზე, ხოლო შიდა ციხე (ციტადელი) - მთის წვერზე. ქვედა ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლისა და V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. VI საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოგვიანებით გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთდა, იმავე ხანის მეფეთა სასახლის, კოშკიანი ჭიშკრის, 2 აბანოსა და სხვა ნაშთები. ყველა შენობა ნაგები იყო ქვათლილებით ან მცირედ დამუშავებული ქვით. გრანდიოზულობით გამოირჩევა ეგრისის მეფეთა მეორე, სამსართულიანი სასახლე. ქალაქში 2 აბანოს არსებობა კომუნალური მეურნეობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ერთი მათგანი დიდი მასშტაბის და რთული კომპოზიციის კაპიტალური ნაგებობაა. საქართველოში გათხრილ ამ პერიოდის აბანოთა მსგავსად, იგი ცენტრალური გათბობის სისტემაზეა აგებული. ქალაქის სიმაგრეთა სისტემა რელიეფის შესაბამისად იყო გადაწყვეტილი. მდინარის მხარეს სამხრეთით და დასავლეთით ციცაბო კლდეებს მხოლოდ ერთი კედელი გასდევს. მტრისთვის ადვილად მისადგომ აღმოსავლეთ მხარეს კი პარალელურად განლაგებულია 3 კედელი. ციტადელს 3 ჰა-ზე მეტი ფართობი უჭირავს. გალავანში ჩართულია 2 კოშკი, რომელთაგან ერთ-ერთი (ახლა "ჯიხად" წოდებული) კოლხეთის დაბლობსა და ჩრდილოეთ მხარეს უწევდა კონტროლს. ციტადელის ეზოში ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. გათხრებმა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოავლინა ნოქალაქევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერამიკა ძირითადად ადგილობრივი წარმოშობისაა, თუმცა ბევრია იმპორტულიც (მათ შორის IV-VII საუკუნეების ამფორები).Nokalakevi10.jpg

გათხრილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების სამაროვანი. მიცვალებულები იწვნენ ქვევრსამარხებში, ჩვეულებრივ, პირში ედოთ კოლხური თეთრი. ადგილობრივი და შემოტანილი კერამიკის გარდა აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, მონეტები და სხვა. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია ხელოვნური იშვიათი ნიმუშები: ელინისტური კანთაროსი, შავლაქიანი კერამიკული სასმისი. ცალკეულ აღმოჩენებთაგან გამოირჩევა ტყვიის დასაკიდი საბეჭდავი, რომელსაც ჯვრისებრი მონოგრამა აქვს, ისრისწვერები, შუბისპირები, სპილენძისა და ოქროს მონეტები და სხვა. აღსანიშნავია ბიზანტიის იმპერატორის მავრიკიოსის (582-622) სახელით მოჭრილი 23 ოქროს მონეტის განძი. ადგილობრივ კერამიკასთან ერთად უცხოურის აღმოჩენა ეგრისისა და ნოქალაქევის უცხო ქვეყნებთან განვითარებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს. ნოქალაქევის ტერიტორიაზე შედარებით მცირე რაოდენობით არის მოპოვებული XVI-XVIII საუკუნეების მასალა.

ორმოც მოწამეთა ეკლესია.

ფოტოგალერეა

ფაილი:Nokalakevi101.jpgფაილი:Nokalakevi102.jpgფაილი:Nokalakevi3.jpgფაილი:Nokalakevi4.jpg


ფაილი:Nokalakevi23.jpgფაილი:Nokalakevi12.jpgფაილი:Nokalakevi19.jpg

ნულის სამაროვანი

ნულის სამაროვანი, ბრინჯაოს ხანის (ძირითადად შუა ბრინჯაოს ხანის) სამაროვანი მდინარე ფრონის მარჯვენა ნაპირას (ადგილ ლაშეებში, სოფელ ნულთან, ყოფილი ზნაურის რაიონში). გათხრები ჩატარდა 1931 წელს (ე. ფჩელინა, ა. სმირნოვი), 1949 (ბორის კუფტინი), 1954 (ო. ჯაფარიძე). სამარხები კოლექტიური იყო. ქვებით ამოყვანილ კედლებიან ორმოებში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ესვენენ ხელფეხმოკიცელი მიცვალებულები. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ერთ ქვაყრილიან ორმოსამარხში აღმოჩნდა ერთი ჩონჩხი, შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი, ე. წ. მტკვარ-არაქსის ტიპის თხიხის ჭურჭელი. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVI-XV სს.) კოლექტიურ სამარხებში გამოვლინდა მრავალნაირი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღი, სამკაული, ობსიდიანის ისრისპირები, ქვის ლახტისთავები, თრიალეთის ტომთა ბელადების გორასამარხებისაგან განსხვავებით, ნულის სამაროვანზე საოჯახო სამარხები საგვარეულო სასაფლაოზეა განლაგებული. მათ საზოგადოების რიგით წევრთა სამარხებად თვლიან. აღმოჩენილი მასალა გამოხატავს შიდა ქართლის კულტურის მჭიდრო კავშირს თრიალეთის კულტურასთან. ნულის სამაროვნის ტერიტორიაზე დადგენილია შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კულტურის ფენებიც. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • Куфтин Б. А., Археологическая маршрутная экспедиция, 1945 г. в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ.486, თბ., 1984


Отправлено 23 янв. 2010 г., 4:27 пользователем Davit Chumburidze

მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები

მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია მარტაზისხევში, სადგურ მცხეთიდან 4 კმ დაშორებით, არმაზისხევის დასავლეთით 2 კმ-ზე. ხეობა 2 სახელითაა ცნობილი: სანგრისხევი და მარტაზისხევი (მათ შორის უძველესი სახელწოდებაა მარტაზისხევი).

1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გათხარა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხები. 1945 წელს იქვე აღმოჩნდა (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე) VI-VII საუკუნეების მრავალრიცხოვანი ინვენტარის შემცველი 2 სამარხი. 1963 წელს გათხარეს (ხელმძღვანელი ნ. უგრელიძე) ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასახლართა ნაშთები (საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი, ქვევრები, თონეები) და გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხები. 1967-1969 წლებში მარტაზისხევის მარცხენა ნაპირას, ხევის შესართავთან 300 მ-ზე მდებარე პატარა ბორცვზე გათხარეს (ნ. უგრელიძე) სამაროვანი. 47 ქვისსამარხი ადრინდელი ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. დაკრძალვის წესისა და ინვენტარის მიხედვით გამოყვეს 2 ქრონოლოგიური ჯგუფის სამარხები: IV-V საუკუნეებისა და VI-VII საუკუნეებისა. 2 სამარხი კი ელინისტური (ძV. წ. III-II სს.) ხანისაა.

ლიტერატურა

  • უგრელიძე ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 456

მატნის არქეოლოგიური ძეგლები

მატნის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისარქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც მდებარეობა სოფ. მატანსა და მისა შემოგარენში. მატნის არქეოლოგიური ძეგლებს შორის საყურადღებოა:

  • იაღსრის სამაროვანი, V-VII საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს იაღსრის ქედის სამხრეთ ბოლოზე. სამაროვანზე აღმოჩნდა კურქვისა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები ქვის სამარხები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. ამ უკანასკნელში კიდევ გვხვდება გვერდზე დასვენებული, ხელფეხმოკეცილი მიცვალებული (წინაქრისტიანული წესით დაკრძალვა). სამარხთა უმრავლესობა ინდივიდუალურია. გვხვდება კოლექტიური სამარხებიც. მათში აღმოჩნდა ბრინჯაოს წვრილღერძიანი, მარჯნისთავიანი საკინძები, ბეჭდები და სხვა.
  • „ერელაანთ ეკლესია“, V-VI საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს მატნის ველზე. იაღსრის სამაროვნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 მ-ზე. აღმოჩნდა 1966 წელს. გაითხარა 1967-1968 წლებში. ეკლესია ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით დუღაბზე. ცენტრალური-გუმბათიანი ნაგებობა გეგმით ტოლმკლავება ჯვარს წარმოადგენს. ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიაში და მის ეზოში გამოვლინდა შუა საუკუნეების სამარხები.
  • იაღსრის მარანი, XII-XIII საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს იაღსრის სამაროვნის ზემოთ. შემორჩენილია შენობათა ნაშთები, კოშკი და შედარებითგვიანდელი ეკლესია. გაითხარა 1 კომპლექსი. ორსართულიანი სახლის 1 სართული (სარდაფი) მარანია, შედგება 2 სათავსისა და მიშენებული დერეფნისაგან. ერთ სათავსში (55 მ2) აღმოჩნდა 2 საწნახელი და დაახლოებით 2 ქვევრი. ქვევრები მეორე სათავსში და დერეფანშიც იყო. როგორც ჩანს, მარანი გვიანდელი შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა. გაუქმებულია ძლიერი ხანძრის შედეგად, სავარაუდოა შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს.
  • მლაშების გორის მარანი და კოშკი, IX-X საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს სოფ. მატანსა და იაღსრის სამაროვანს შორის მთის ძირში. მარანი სწორკუთხა შენობაა (100 მ2), რომლის კედლები ნაგებია კლდისა და კირქვის ლოდებით დუღაბზე. ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია ორგანყოფილებიანი საწნახელი (8,6-1,4 მ). ფორმით იყალთოს საწნახელს მიაგავს. იქვე გაითხარა იმავე დროის ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები.
  • ჟამთა საყდარი (ჯანთა საყდარი). IX-X საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს სოფ. მატნის ჩრდილოეთ-დასავლეთით. გაითხარა 1967-1969 წლებში. დარბაზული ტიპის ეკლესიაა. კამარა ჩაქცეულია. სამხრეთი მინაშენის გასწვრივ აღმოჩნდა სამაროვანი, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა დროის სამარხებს. გათხრილია IX-X საუკუნეების შირიმის ფილებით ნაგები სამარხები. XI-XIII საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებიც ქვიშაქვითაა ნაგები. გვიანდელი შუა საუკუნეების უინვენტარო სამარხები. საყდრის ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ აღმოჩნდა გალავნიანი ღია ტიპის მარანი.
  • სასახლის გორის „ნამოსახლარი“, მდებარეობს ჟამთა საყდრის ჩრდილოეთ-დასავლეთით. გაითხარა 1967-1969 წლებში. გამოვლინდა ნამოსახლარი, საჯინიბო, გალავნის ნაშთები და სხვა ნაშთები. 1979 წელს სასახლის გორის ძირში აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების სამაროვანი.

მატნის სამხრეთით შემორჩენილია ციხე-გალავნის ნაშთი. იქვეა გვიანდელი არმაზული სამაროვანი. სოფელში არის ჩოლოყაშვილების გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე-დარბაზი, ღვთისმშობლის ეკლესია და სამაროვანი. შემთხვევითი მონაპოვრის მიხედვით აქ სავარაუდოა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ფენების აღმოჩენა.

ლიტერატურა

  • კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის საველე მუშაობის შედეგები, კრ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს, თბ., 1971;
  • Рамишвили Р., Исследование раннефеодального могильника «Иагсари», Труды Кахетинской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969;
  • Чубинашвили Г. Н., Вопросы истории искусства.Исследования и заметки, т. 1, Тб., 1970;
  • რამიშვილი რ., ქსე, ტ. 6, გვ. 494-495, თბ., 1983

მელაანის არქეოლოგიური ძეგლები

მელაანის არქეოლოგიური ძეგლები, სოფელ მელაანში (გურჯაანის რაიონი) და მის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები. სოფლის ტერიტორიაზე მრავლადაა დადასტურებული პალეონტოლოგიური მასალა. აქვე გამოვლინდა ძველი ქვის ხანის (მუსტიე) იარაღები. სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია აგრეთვე ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალაც.

განსაკუთრებით საყურადღებოა გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ნამოსახლარი ბორცვები:„მაიაკი“, „ტინის სერი“, „მოჭრილი გორა“, სოფლის სამხრეთ განაპირა უბანში შესწავლილი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის სამლოცველოს ნაშთი. გადამწვარი რიყის ქვების ქვეშ ორმოებში და თიხის ჭურჭლებში ნაპოვნია ასობით ბრინჯაოს ნივთი (იარაღი, ცხენის აღკაზმულობა).აქვე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ბრძოლისა და შრომის რკინის იარაღი, ლაგმები და თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლებზეც უმეტესად ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებია. აქვე იყო ითიფალური, ზოგჯერ შეიარაღებული შიშველი მამაკაცის ქანდაკებები. სამლოცველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა ე. წ. სკვითური ისრისპირები, რაც გვაფიქრებინებს რომ სამლოცველოს განადგურებაში სკვითური ისრისპირებით შეიარაღებულ მტერს მიუღია მონაწილეობა.

სამლოცველოს დასავლეთით, „ჩალიანხევის“ მარცხენა ფერდზე, გამოვლინდა სამლოცველოს თანადროული სამაროვანი. შესწავლილია 6 ორმოსამარხი. დადასტურდა 2 სართულის არსებობა.

ლიტერატურა

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
  • მისივე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბ., 1965;
  • ფიცხელაური კ., ქსე, ტ. 6, გვ. 554, თბ., 1983

მელი-ღელე

მელი-ღელე, არქეოლოგიური ძეგლი სოფ. მელაანის სამხრეთით დაახლოებით 7 კმ-ზე, მელი-ღელეს მარჯვენას ნაპირას (გურჯაანის რაიონი). გათხრილია სხვადასხვა დროის 2 სამლოცველო.

მელი-ღელე I თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებით. იგი წარმოადგენს 60 მ დიამეტრის შემაღლებულ მოედანს, რომელსაც რიყის ქვები აქვს შემოვლებული და გამოყოფილია 2 მ სიგანის და 0,60 მ სიღრმის თხრილით. სამლოცველო მოედანზე აღმოჩნდა 2 დიდი ორმო, რომელშიც იყო ხის წმინდა ნაცარი და მასში შერეული სხვადასხვა ნივთი. ორმოების ცენტრში, ფსკერზე ნაცრით სავსე თიხის დიდი ჭურჭლები იდგა. მელი-ღელე I-ზე ნაპოვნია მრავალი ნივთი. თიხის ჭურჭლის ნაწილი შემკულია ნადირობის სცენებით. აღმოჩენილია ობსიდიანის ისრისპირები (მათ შორის იმიტაციებიც), სამკაული, რამდენიმე მახვილის იმიტაცია, თიხის საბეჭდავები (მათზე გამოსახულია მნათობით სიმბოლოები: სვასტიკა, ჯვარი, სპირალი და სხვა), თიხისა და ბრინჯაოს შიშველი ქალის ქანდაკებები, რომელთაგან ზოგს ნიღაბი უკეთია. ძეგლის შემაღლებული მოედნის ცენტრალურ ნაწილში ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებები გამოვლინდა, რომლებიც ნაცარითა და დამწვარი ძვლით იყო ინკრუსტირებული.

მელი-ღელე II უშუალოდ ებჯინება მელი-ღელე I-ს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან და ერთგან ფარავს მას. მელი-ღელე II თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით. სამლოცველოს დიამეტრი 80 მ-ია, რომელიც შემოზღუდულია 1 მ სიმაღლისა და 10 მ სიგანის კედლით. ზღუდე შედგება ტერასებად სამრიგად განლაგებული რიყის ქვებისაგან. წრეებს შორის ასეთივე კონსტრუქციის ტიხრებია. ქვებს შორის ჯგუფებად განლაგებულია რკინის ნივთები (იარაღი და სამკაული). აქვე გამოვლინდა ობსიდიანის ანატკეცების რამდენიმე ჯგუფი. მსგავსი კონსტრუქციისა არაშენდასთან აღმოჩენილი ამავე დროის სამლოცველოს ზღუდე. მელი-ღელეს ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა რამდენიმე ბრტყელძირა ქვევრის ფსკერი, მამაკაცისა და ცხენის მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკება. ერთ ადგილას გამოვლინდა რიყის ქვების წრე, რომლის ცენტრალური ნაწილი შევსებული იყო წმინდა ნაცრით. მელი-ღელე II-ზე მოპოვებული მასალის მსგავსი მრავლადაა აღმოცენილი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
  • ფიცხელაური კ., ქსე, ტ. 6, გვ. 559, თბ., 1983

მთისძირის არქეოლოგიური ძეგლები

მთისძირის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლები (ძვ. წ. VI ს. – ახ. წ. VII ს.) მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას სოფ. მთისძირის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ვანიდან 8 კმ-ზე.

ნამოსახლარები დადატურებულია რამდენიმე გორაზე და მათ შორის მდებარე დაბლობზე. აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკის ნაწარმი, აგრეთვე კრამიტი და აგური. ნაპოვნია იმპორტული (ატიკური, ქიოსური, სინოპური) კერამიკის ნაწარმიც. აღმოჩნდა ქვევრსამარხების ნაშთებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილობრივი წაბლაღელეში 1952 წელს შემტხვევით აღმოჩენილი (ნ. ხოშტარია) მდიდრული სამარხის ნაშთი (ძვ. წ. V ს. ბოლო - IV ს.), რომელშიც ნაპოვნია სამკაული — (ოქროს „სხივანა საყურე“, საკისრე რგოლი), ჭურჭელი (ვერცხლის ყანწ-რიტონი, ბრინჯაოს და კერამიკის ჭურჭელი), რკინის ლურსმანი და სხვა ნივთები.

აღსანიშნავია აგრეთვე ადეიშვილების გორა, სადაც 1974 წელს აღმოჩნდა (გ. გამყრელიძე) ძვ. წ. V-IV საუკუნეები სასიმაგრო ნაგებობების ნაშთი. მშენებლობაში გამოყენებული ყოფილა ქვა, ხის (თლა) ძელები და თიხა-მიწა. ნაგებობა ოთხკუთხაა და შედგება 2 სხვადასხვა ზომის (26, 88 მ2 და 13,44 მ2) სათავსისგან. გარე კედლების სიგანეა 2,80-2,60 მ, ხოლო შიდა კედლისა — 1 მ. ნაპოვნია ძვ. წ. V-IV საუკუნეების ადგილობრივი კერამიკის ნაშთები (კოლხური ქვევრები, დერგები, სასმისები), იმპორტული კერამიკის ნაშთები, აგრეთვე ბრინჯაოს ზანზალაკი, ისრისპირი, 3 სალესი ქვა და ოსტეოლოგიური მასალა (ღორის ეშვი, ძროხისა და ცხენის ძვლები). ამგვარი ძვლებიანი ნაგებობა დამახასიათებელია ძვ. წ. V-IV საუკუნეების კოლხეთისათვის. მისი დანერგვის დროს განსაზღვრულია რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის მეთოდით — ძვ. წ. 330 ± 40 წ. ადეიშვილების გორის თავზე აღმოჩნდა IV-III საუკუნეების ნაგებობა (საერთო ფართობი 145,75 მ2). საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, აგური, კრამიტი. კირხსნარს ხმარობდნენ კედლის შესალესად, იატაკის გასაკეთებლად და შემაკავშირებლად. ნანგრევებში ნაპოვნია ამავე დროის კერამიკა.

მთისძირის არქეოლოგიური ძეგლების მასალა ახლოს დგას ვანის, დაბლაგომის, დაფნარისა და კოლხეთის სხვა სინქრონულ არქეოლოგიურ ძეგლებთან.

ლიტერატურა

  • გამყრელიძე გ., ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები (სოფ. მთისძირი), თბ., 1982;
  • Хоштариа Н. В., Археологические исследования в Вани и Ванском районе в 1982 году, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1959, ტ. 2;
  • გამყრელიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 672

მლაშეს სამაროვანი

მლაშეს სამაროვანი, ადრინდელი ფეოდალური ხანის (VI-VII სს.) სამაროვანი სოფ. მლაშესთან (დუშეთის რაიონი) ადგილობრივ ორხევში. გათხარეს 1974 წელს (ლ. წითლანაძე). მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ბრტყელი ქვით ნაგებ ქვაყუთებში. სამარხები კოლექტიური იყო. მიცვალებულების ძვლებთან ერთად აღმოჩნდა გვიანდელი სასანური (V საუკუნე) გემა, რომელზეც ცხოველია გამოსახული, ბრინჯაოს ღეროიანი ქინძისთავი, ბეჭედი, თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვა ნივთები. მასალა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტიტში, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა

  • წითლაძე ლ., მირცხულავა გ., გოჩიაშვილი მ., არქეოლოგიური კვლევა სოფ. მჭადიჯვარში, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 39;
  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 50, თბ., 1984

მოდინახე

მოდინახე, მოდიმნახეს ციხე — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთ კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.”

სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენჯერმე სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშოდებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა.

თხუთმეტიოდე წლის წინ მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახვლზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.

მოდინახე ცნობილი არქეოლოგოური ძეგლიცაა. აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა 1967-1975 წლებში ქართველი მკვლევარი ხელმძღვანელები შ. ამირანაშვილი და ჯურხა ნადირაძე 3 ეპოქის ნამოსახლარი: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გვიანდელი საფეხურის (ძვ. წ. XXV-XX სს.), გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VII სს.) და ადრინდელი ანტიკური ხანისა (ძვ. წ. VI-V სს.) დასახლება გაფართოებულია ძვ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. მოდინახეს ციხე გორანამოსახლარია და აქ უძველესი მოსახლეობის გაჩენა მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული. ციხის შიდა ეზოში აღმოჩნდა ანტიკური ხანის ქვათლილები, უცხოური და ადგილობრივი კერამიკა.

გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI-XV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV-X სს.), ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. III-II სს.) და გვიანდელი ანტიკური ხანისა (ახ. წ. IV ს.).

ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების ქვაყრილიანისამარხები უმთავრესად კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ამ ნარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილად. დაკრძალვის ეს წესი შეცვლილა ადრინდელ ანტიკურ და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებით უნდა აიხსნას.

ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.

ლიტერატურა 

  • ნადირაძე ჯ., ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1975;
  • სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966;
  • ბერაძე. თ., ნადირაძე ჯ., ქსე, ტ. 7, გვ. 61, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

მოჭრილი გორა

მოჭრილი გორა, ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნისა და I ათასწლეულის დასაწყისში სამოსახლო გორა სოფელ ჩალაუბნის (გურჯაანის რაიონი) დასავლეთ განაპირა უბანში. ამ ხანაში გარე კახეთში მოსახლეობამ მთის ფერდობიდან საცხოვრებლად ხელოვნურ ბორცვებზე გადაინაცვლა. მოჭრილი გორა წარმოადგენს დაბალ, ბუნებრივ, 50 მ სიგრძის ბექობს, რომელსაც თავდასაცავი ღრმა, საფეხურებიანი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. თხრილიდან ამოყრილი მიწა გამოყენებულია გარე ძრუდისთვისაც და თვით სამოსახლოსათვისაც. მიწა შეზვინებულია 2 მ-ზე და ქმნის 1000 მ2 ფართობს. თხრილს ნასახლარის მხარეს საფეხურებიანი შვეული კედლები აქვს, ყრილის მხარეს კი ისეთივე დამრეცი კედლები ისეა გათვალისწინებული, რომ მომსვლელი რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო სამოსახლოზე მყოფი ადამიანი ხედვით არეში.

მოჭრილი გორა წარმოადგენს ორფენიან სამოსახლოს. ქვედა ფენის (ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნა) სიმძლავრეა 2 მ. იგი შეიცავს ქვის საძირკვლებისა და თიხის კედლების ნაშთებს, ბანური გადახურვის ნანგრევებს. სათავსებში მცირე რაოდენობით აღმოVნდა ამოღარული კონცენტრული ზოლებით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. ზედა ფენის (ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი) მშენებლებს გამოუყენებიათ ქვედა ნამოსახლარის მასალა. კულტურული ფენის სიმძლავრე 0,5-0,7 მ. ზედა ნამოსახლარს თხემის კიდეზე დაჰყვება რიყის დიდი ქვების ზღუდე. ამავე ფენაში გამოვლინდა მრავალი სათავსი და პურის საცხობი თონე.

ნამოსახლარის უეცარ მიროვებაზე მიგვითითებს იატაკზე აღმოჩენილი მრავალი ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთი (ცული, ისრისპირი და სხვა ნივთები), ხოლო ზედა შრეებში ბრინჯაოს ე. წ. „სკვითური“ ორფრთიანი ისრისპირების აღმოჩენა საშუალებას იძლევა დადგინდეს ნამოსახლარის განადგურების თარიღი (ძვ. წ. VII საუკუნის დასასრული - VI საუკუნე) და მტრის ვინაობა.

ლიტერატურა 

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII საუკუნეები), თბ., 1973;
  • ფიცხელაური კ., ქსე, ტ. 7, გვ. 158, თბ., 1984

მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახავრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არეზის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი (ღია ნაცრისფერი) და გვიანდელი (ურარტუს) კულტურა (მუქი ნაცრისფერი).

კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არეზის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.

ისტორია 

მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზოგადოების დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთ-დასავლეთი ირანი. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან საქონელს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ კერამიკა აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.

მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიუთეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფე, იანიქთეფე), თურქეთში (ქარაზი, ფულურუ) და სხვა.

ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.

მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზაანთ გორა, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.

შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის რაიონამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.

მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.

თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.

მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.

მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდონაკლებ დასაშვებია.

კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მისა დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიის ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ და სამხრეთითაც საკმაოდ შორის გავრცელდნენ.

ლიტერატურა

  • კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ჩუბინიშვილი ტ., ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის, თბ., 1963;
  • ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ., ურბნისი, ტ. 1, თბ., 1962;
  • ჯავახიშვილი ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • მისივე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, т. 13 Б;
  • Кушнарева К. Х., Чубинишвили Т. Н., Древние культуры Южного Кавказа (V—III тыс. до н. э.), Л., 1970;
  • Мунчаев П. М., Кавказ на заре бронзового века, М., 1975;
  • Ханзадян Э. В., Культура Армянского нагорья в III тыс. до н. э., Ер., 1967;
  • ჯაფარიძე ო., ქსე, ტ. 7, გვ. 185-186, თბ., 1984

მუხურის არქეოლოგიური ძეგლები

მუხურის არქეოლოგიური ძეგლები, ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები სოფ. მუხურჩასთან (მარტვილის რაიონი). გათხრები მიმდინარეობს 1974 წლიდან (ხელმძღვანელი ე. გოგაძე). შესწავლილია ბრინჯაოს ხანის სამოსახლო ბორცვი („კეკელური ზუგა“). მდინარე აბაშის მარჯვენა ნაპირას გათხარეს ადრინდელი კრინის ხანის (ძვ. წ. VIII—VI სს.) სამაროვანი. ნაპოვნია ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, სამკაული, საკულტო-სარიტუალო ქანდაკებები და სხვა საგნები. ოქრო-ვერცხლის და კალის სამკაული, ფერადი ქვის, გიშრის, ქარვის, მინისა და პასტის მრავალნაირი მძივი, ავგაროზ-საკიდები და სხვა. მდინარის მარცხენა ნაპირას (ძვ. წ. VI — IV სს.) დიდი ნამოსახლარის ნაშთები. აღრიცხული და დაზვერილია სხვა ძეგლები და კულტურული ფენები.

ლიტერატურა

  • გოგაძე ე., კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა, თბ., 1982
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 233, თბ., 1984

მცხეთის აკლდამა

მცხეთის აკლდამა გვიანდელი ანტიკური ხანის არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია მცხეთის რკინიგზის სადგურთან, მთა ქართლის ჩრდ. ციცაბო კლდის ძირას. გაითხარა 1951 წელს. ერთსენაკიანი, სწორკუთხა ნაგებობაა. აგებულია ქვატეხილით.
მცხეთის აკლდამა

შიდა პირი კედლებისა, ნახევრად წრიული თაღი, იატაკი და გარეთა აღმოსავლეთის ფასადი მოპირკეთებულია თლილი ქვიშაქვის ფილებით. შიგნიდან შელესილია მოვარდისფრო ჰიდრავლიკური ბათქაშით. ორფერდა სახურავი აქვს. გადახურულია მცხეთური ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარისებრი ქიმიანი კრამიტით. კარი ამოქოლილი იყო მასიური ლოდით. მცხეთის აკლდამა მსგავსებას ავლენს ხმელთაშუა ზღვის აღმ. და ჩრდ. შავი ზღვისპირეთის საკულტო ძეგლებთან. იგი დგას 1,6-2 მ. სიმაღლის გალავნით შემოზღუდულ ეზოში, რომლის ჩრდ.- აღმ. კუთხეში ცხენი აღმოჩნდა ჩაფლული. მცხეთის აკლდამაში ასევე აღმოჩენილი იქნა ქალისა და ბავშვის ძვლები, ხის სარკოფაგის ფიცრებისა და ლითონის ნაწილები. იქვე იყო მძარცველებს გადარჩენილი მდიდრული სამარხეული ნივთები: მათ შორის, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა.                                                                                                                                     კამერა

რესურსები ინტერნეტში

  • ეს უნდა ნახოთ/ მცხეთის რაიონი – მცხეთა - მთიანეთის მხარის სამთავრობო ვებგვერდი;
  • მცხეთა - მთიანეთის მხარე, ღირშესანიშნაობები – ქართული დიასპორა;                                                                                                                                                                                  

მჭადიჯვრის გორანამოსახლარები

მჭადიჯვრის გორანამოსახლარები, მრავალფენიანი 2 ნამოსახლარი ბორცვი დუშეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით, დაახლოებით 17 კმ-ზე, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. საძიებო სამუშაოები ჩატარდა 1953, 1955 (ხელმძღვანელი აკად. ნ. ბერძენიშვილი), გაითხარა 1969, 1974-1977 წლებში (ხელმძღვანელი ლ. წითლანაძე). გორები დასახლებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი ფეოდალურ ხანამდე. შესწავლილია ქვედა გორა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა სარ-ლასტზე ნაგები ოთხკუთხა შენობის ნაშთები, კეტები (ან საკურთზევლები), იატაკში ჩაჭრილი ორმოები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვისა და ძვლის იარაღი, ცულის ყალიბი.

შუა ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოირჩევა 2 ჰორიზონტი: ქვედაში იყო მიწური შენობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები. შავად გამომწვარი კერამიკა, ზედაში — ხის მორებით ნაგები, ორმხრივ შელესილი შენობები, მოწითალო ფერის კერამიკა, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ანთროპომორფული ქანდაკებანი, ძვლისა და ლითონის ნივთები. გვიანდელ ანტიკურ-ადრინდელ ფეოდალური ხანის ფენაში გამოვლინდა დიდი ქვებით ნაგები და კრამიტით გადახურული შენობის, სამეურნეო სათავსისა და ქვევრებიანი მარნის საძირკვლის ნაშთები.

მასალა დაცულია დუშეთის მრეთმცოდნეობის მუზეუმში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა 

  • ბერძენიშვილი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;
  • მუსხელიშვილი დ., ცქიტიშვილი გ., შიდა ქართლის 1955 წ. დაზვერვითი ექსპედიციის შედეგები, იქვე;
  • წითლანაძე ლ., მირცხულავა გ., გოჩიაშვილი მ., არქეოლოგიური კვლევა სოფ. მჭადიჯვარში, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 39;
  • Цитлинадяе Л., Менабде М. А., Исследование в ущелье р. Нареквани, კრ. Археологические открытия 1975 г., М., 1976;
  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 268, თბ., 1984

1-10 of 30