ტურიზმი - განხილვა

    თანამედროვე ტურიზმი, რომელიც კომპიუტერული ტექნიკისა და ავტომატიზაციის ფართოდ დანერგვის საფუძველზე საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროცესების სფეროდ გადაიქცა, რომელმაც ულტრათანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებითა და მომსახურებით სულ სხვაგვარი წარმოდგენები შექმნა დროსა და სივრცეზე, ძალზე ფაქიზად რეაგირებს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად ჩნდება ახალი ტენდენციები, მოძრაობები, მიმართულებები. სწორედ აქედან გამომდინარე ”ტურიზმის გლობალური ეთიკური კოდექსი” (მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, სანტიაგო, ჩილე, 1999 წლის 1 ოქტომბერი) ტურიზმს განიხილავს, როგორც:

  •  ინდივიდუალური და კოლექტიური სრულყოფის ფაქტორს;
  •  მდგრადი განვითარების ფაქტორს;
  •  სფეროს რომელიც იყენებს კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას და შეაქვს თავისი წვლილი მის გამდიდრებაში;
  •  საქმიანობას, რომელიც ერთნაირად სასარგებლო და მომგებიანია მასში მონაწილე ქვეყნებისა და ხალხებისათვის.

    აღნიშნული ზოგადი შეფასებებიდან და დასკვნებიდან თუ გადავინაცვლებთ ტურიზმის, როგორც დარგის პრაგმატული, გამოყენებითი მხარის ანალიზზე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მისი განვითარება სახელმწიფოს და რაიონს მთლიანად, როგორც დაინტერესებულ (მონაწილე) მხარეს, უქმნის შესაბამისი სტიმულების ნაირსახეობას:

  •  სამუშაო ადგილები და საწარმოები;
  •  დამატებითი შემოსავლები;
  •  ადგილობრივი პროდუქციისათვის ახალი გასაღების ბაზრები;
  •  ინფრასტრუქტურის, ასევე კომუნალური მომსახურების ობიექტებისა და სამსახურების მოდერნიზაცია;
  •  ახალი პროფესიები და ტექნოლოგიები;
  •  საზოგადოების მიერ გარე სამყაროსა და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებისა და მათი დაცვის აუცილებლობის საფუძვლიანი გაგება;
  •  ახალი მიდგომები მიწათსარგებლობაში.

    ავსტრიელი ექსპერტები თვლიან, რომ ”ტურისტული სიმძლავრეების გაფართოება დასაშვებია მხოლოდ იქ, სადაც სავალდებულო ძალა აქვს რეგიონულ (რაიონულ) დაგეგმვას და სადაც ნებისმიერი პროექტი ერთვება ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმაში”. ამგვარი მიდგომა ნიშნავს საპროექტო აზროვნების შეცვლას კონცეპტუალური აზროვნებით. ამასთან ერთად, იმისათვის, რომ ტურიზმმა ეკონომიკური მოგება მოუტანოს რაიონს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს და ამავე დროს თავისი ბუნებით უნდა იყოს მზოგავი.
ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის განსახლების სისტემას, დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
    საქართველოს ნებისმიერი მხარე, აღნიშნული კუთხით რესურსული პოტენციალის სიმცირეს არ უჩივის.
    ტურიზმის განვითარების დაგეგმვის დროს პოტენციური შესაძლებლობების შეფასებისას აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას - რა საჭირო კომპონენტები უნდა არსებობდეს ტურიზმის განვითარებისთვის? საერთაშორისო ექსპერტები ამ კომპონენტის ქვეშ გულისხმობენ:

  •  ღირშესანიშნაობები და თავისუფალი დროის გატარების ფორმები - სანახავი ადგილები და ის, რითაც ტურისტი შეიძლება გაერთოს ადგილზე ყოფნისას;
  •  მიღებისა და მომსახურების ინფრასტრუქტურა - დაბინავებისა და კვების ადგილები;
  •  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება - საბაზო ადგილამდე ჩასვლისა და შიდა ტერიტორიებზე გადაადგილების საშუალება;
  •  ადგილობრივი საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა - წყალმომარაგება, ელექტროგაყვანილობა, კომუნიკაცია, კანალიზაცია და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა;
  •  მოგზაურობების ორგანიზება - ტუროპერატორები, ტურაგენტები და გიდები;
  •  ტურისტული პროდუქციის წინ წამოწევა და ტურისტული ინფორმაციის სამსახურის არსებობა - ინფორმაცია ტურისტებისათვის იმაზე, თუ რა შეუძლიათ ნახონ და აკეთონ მათ ადგილზე ყოფნის დროს.
  • საქართველოში ტურიზმის განვითარერბის პერსპექტივებზე საუბრისას, საჭიროა განვიხილოთ შემდეგი საკითხები:
  •  არსებობს თუ არა ამ ქალაქში (რეგიონში) ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო რესურსები;
  •  არსებობს თუ არა შესაბამისი ტურისტული ბაზარი, რომელზეც შეიძლება გასვლა;
  •  ეკონომიკური განვითარების მიზნების მისაღწევად ესაჭიროება თუ არა ქალაქს (რეგიონს) ტურიზმის განვითარება;
  •  არის თუ არა საჭირო შრომითი რესურსები ტურიზმის განვითარებისათვის, დამატებითი შრომითი რესურსების შემოყვანის გარეშე;
  •  გამართლებულია თუ არა დანახარჯები სატრანსპორტო ინფარასტრუქტურის განვითარებისათვის;
  •  შესაძლებელია თუ არა კონკურენტების გამოჩენა არსებული ან შესაძლო ტურისტული პროექტებიდან მეზობელ რეგიონებში.

    1992 წლის გაეროს ცნობილი სამიტის (რიო დე ჟანეირო) შემდეგ, ნებისმიერი ქვეყნისა და დარგის განვითარებას საფუძვლად უდევს ეპოქალური მნიშვნელობის დოკუმენტი ”დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის”, რომელშიც გაცხადებული იქნა მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის განვითარებას სწორედ ეს პრინციპები უნდა დაედოს საფუძვლად რამდენადაც მდგრადი ტურიზმი:

  •  ხელს უწყობს ტურიზმის ზემოქმედების გზების გაგებას ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ სფეროებზე;
  •  ხელს უწყობს შემოსავლებისა და ხარჯების სამართლიან განაწილებას. იგი ქმნის სამუშაო ადგილებს უშუალოდ ადგილობრივი ტურიზმისა და მის მონათესავე სფეროებში;
  •  ხელს უწყობს მომგებიანი ადგილობრივი დარგების განვითარებას - სასტუმროები და სხვა სარეკრეაციო ობიექტები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, სატრანსპორტო სისტემები, ხალხური რეწვა და საექსკურსიო-საინფორმაციო საქმე;
  •  ხელს უწყობს რეგიონში უცხოური ვალუტის შემოსვლას და ადგილობრივ ეკონომიკაში კაპიტალის დაბანდებას. ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში, სადაც დასაქმებას შეიძლება ჰქონდეს სეზონური ან შემთხვევითი ხასიათი;
  •  მოითხოვს სივრცით დაგეგმვასა და ზონირებას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივი ეკოსისტემის გამტარუნარიანობას; გადაწყვეტილების მიღების პროცესში რთავს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს;
  •  ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას;
  •  ქმნის რეკრეაციულ ობიექტებს, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს;
  •  ბუნებრივი ტურიზმი ხელს უწყობს იმ მიწების პროდუქტიულ გამოყენებას, რომელთაც არა აქვთ სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა;
  •  კულტურული ტურიზმი ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლებას;
  •  ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმი ნათლად გვიჩვენებს ბუნებრივი და კულტურული რესურსების დიდ მნიშვნელობას სოციალ-ეკონომიკური განვითარების საქმეში და ხელს უწყობს მის დაცვას.
  • ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით ტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებისას აუცილებელია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:
  •  რესურსების მდგრადი მოხმარება (რამდენადაც ბუნებრივი, სოციალური და კულტურული რესურსების დაცვა და მდგრადი მოხმარება ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის საწინდარია);
  •  ტურისტულ ტერიტორიებზე დატვირთვისა და ნარჩენების შემცირება (რადგან რესურსების მოხმარების რეგულირება და ნარჩენების შემცირება ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტის ხარისხის ზრდას და ამასთან ერთად ამცირებს ბუნების კონსერვაციის ხარჯებს);
  •  ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება (რამდენადაც ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება ტურისტული საქმიანობის წარმატებისა და მიმზიდველობის განმსაზღვრელი ფაქტორია);
  •  ტურიზმის ინტეგრირება დაგეგმვის პროცესში (სოციალ-ეკონომიკური კონცეფციის შემუშავებისას, ტურიზმის განვითარების ინტეგრირება გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფს ტურისტული საქმიანობის წარმატებას);
  •  ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა (ტურიზმის მრავალფეროვანი ფორმები ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის კომპლექსურ განვითარებას, ითვალისწინებს გარემოზე მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსაციას, თავის მხრივ იცავს და ამცირებს, როგორც კულტურის ძეგლებზე, ასევე ველურ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას);
  •  ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობა (რადგან ადგილობრივი თემის თანამონაწილეობას არა მარტო ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, არამედ გაცილებით უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის ტურისტულ პროდუქტს);
  •  კონსულტაციები და თანამშრომლობა (რამდენადაც აუცილებელია ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილების უზრუნველყოფა);

    ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ რომ საქართველო თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კარგ საშუალებას იძლევა ტურიზმის განვითარებისათვის.
Comments