მაიას კალენდარი


 ბულდოზერმა      ამოაგდო  მრგვალი მაგიური ქვა
ყველანი მიხვდნენ, რომ წარსული საუკუნეების შესანიშნავ მხატვრულ ნაწარმოებს წააწყდნენ, მაგრამ იმას კი ვეღარ წარმოიდგენდნენ, რომ შემთხვევით აღმოჩენილი ქვა გაცილებით მეტი ღირებულებისა იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი უძველესი და მაღალმხატვრული ჩუქურთმა ან ბარელიეფი.

როდესაც მისი შესწავლა დაიწყეს, ჩუქურთმებში ნიშანთა რაღაც გარკვეული კანონზომიერებანი ამოიკითხეს. არქიტექტორები და მხატვრები მიხვდნენ, რომ ეს არ იყო არც ჩუქურთმა, არც ბარელიეფი. უმალვე იხმეს მრავალი დარგის სპეციალისტი.

არც მოტყუებულან.

ეს იყო მაიას ტომის კალენდარი.

საოცარი, განსაცვიფრებელი, საიდუმლოებებით აღსავსე ასტრონომიული კალენდარი.

როგორც შემდგომში გაირკვა, იგი ყველაზე რთულია და ყველაზე ზუსტი წარსული საუკუნეების კალენდართა შორის. იგი შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი ”ბორბლისაგან”, რომლებიც დროის ერთმანეთთან დაკავშირებულ ციკლებს აღნუსხავენ. მაიას წელიწადის გამოთვლის 2 სისტემა ჰქონდა: ”ცოლკინ”, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი ”ჰააბი”, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). ”ჰააბი” ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, ”ცოლკინი” კი რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან იყო დაკავშირებული. ყოველ დღესა და თვეს თავისი საკუთარი სახელი და იეროგლიფი ჰქონდა. მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – ”კინ”. 20 ”კინი” ერთ ”ვინალს” – თვეს ადგენდა. ”ვინალიდან” მოყოლებული კალენდარი შემდეგ ციკლებად იყოფოდა: 18 ვინალი (5 დღის დამატებით) =1 ტუნს, 20 ტუნი = 1 კატუნს (7200 დღეს), 20 კატუნი = 1 ბაქტუნს (144 000 დღეს), 20 ბაქტუნი = 1 პიკტუნს (2 880 000 დღეს), 20 პიქტუნი = 1 კალაბტუნს (57 600 000 დღეს), 20 კალაბტუნი = 1 კინჩილტუნს (1 152 000 000 დღეს), 20 კინჩილტუნი = 1 ალაუტუნს (23 040 000 000 დღეს).

ყველა ციკლს თავისი ნიშანი ჰქონდა. იეროგლიფზე დართული ციფრები უჩვენებდნენ, რომ ეს ციკლი შესაბამის რიცხვზე უნდა გამრავლებულიყო.

ამის გარდა იყო კიდევ დამატებითი ნიშნები, რომლებიც მთვარის კალენდრის დანაყოფებს აღნიშნავდნენ.

მაიას კალენდარი ყველაზე ზუსტად შეესატყვისებოდა ასტრონომიულ კალენდარს. ამის დასასაბუთებლად ალბათ, შემდეგი სქემაც საკმარისია:

წლის ხანგრძლივობა:

იულიუსის კალენდრით – 365,25 დღე;

გრიგორიანული კალენდრით – 365,242 დღე;

მაიას კალენდრით – 365,242179 დღე;

ასტრონომიული გამოთვლით – 365,242198 დღე.

”მაიას კალენდარში ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად რჩება საწყისი წერტილის პოვნა, – წერს ჩარლზ გალენკამპი, – საიდანაც ისინი იწყებდნენ წელთაღრიცხვას. აუცილებელია დადგინდეს მაიას კალენდრის მიმართება ჩვენს გრიგორიანულ კალენდართან. როგორც ვიცით, გრიგორიანული კალენდარი დროს ქრისტეს დაბადებიდან აღნუსხავს. მაგრამ ეს ამბავი როგორ უნდა შევუთავსოთ მაიას ქრონოლოგიას? კალენდრის წარწერების შესწავლით დადგინდა, რომ ”საწყისი სერიის” ყოველი ციკლი აღინუსხება საიდუმლო თარიღიდან ”4 ახაუ 8 კუმხუ”. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მაიას ქრონოლოგიის საწყისი წერტილი. ეს თარიღი ”ნულად” აღინიშნება და დაახლოებით ჩვენს ერამდე 4 ათასწლეულს განეკუთვნება. სპინდენის აზრით, იგი შეესაბამება 3373 წლის 14 ოქტომბერს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. გუდმენის, მარტინესისა და ტომპსონის კორელაციური სისტემის მიხედვით კი ეს თარიღი 3113 წელს ემთხვევა. რაგინდ საოცარიც არ უნდა იყოს, იგი 3000 წლით აღემატება ჩვენთვის ცნობილ მაიას ”ლეიდენურ ფირფიტებსა” და ვაშაკტუნის ”სტელაზე” აღნიშნულ თარიღებს. ამიტომ, არქეოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ”4 ახაუ 8 კუმხუ” უფრო ლეგენდარულ ამბავს უნდა აღნიშნავდეს, ვიდრე ისტორიულ ფაქტს”

მორლის აზრით, მაია ამ თარიღს სამყაროს შექმნას ან თავიანთი ღმერთების დაბადებას უკავშირებდა. სწორედ ამ საწყისი წერტილიდან დაუწყიათ დროის აღრიცხვა ქურუმ-ასტრონომებს.

ამ აზრს არ იზიარებს რუმინელი მეცნიერი ხორია მატეი. იგი წერს: ”მეცნიერებისათვის ყველაზე თავსატეხ და საკამათო საგნად მაინც უკანასკნელი კითხვა რჩება – მაიას ქრონოლოგიის პირველი თარიღი, მაიას კალენდრის პირველი დღე. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ეს დღე 3300 წელს იდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბოლო ვაშაკტუნში აღმოჩენილ ყველაზე ძველ სტელაზე 328 წელია (ჩვენი წელთაღრიცხვით) აღნიშნული. ამგვარად, რჩება 36 საუკუნეზე მეტი განსხვავება და მაიას მკვლევარ არქეოლოგთა და ისტორიკოსთა მუშაობა ერთი მიზნისკენ არის მიმართული – ამოავსო ნეს უფსკრული.

სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი ჰიპოთეზაც წარმოიშვა: ეს 3300 წლის წინანდელი დღე მაიას ისტორიში თითქოს არავითარ მოვლენას არ აღნიშნავდა, ჩვეულებრივი დღე იყოო, მაგრამ ამ ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება ის, რომ მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდრის მფლობელი მაიას ხალხი თავის ”სტელებზე” მნიშვნელობას მოკლებულ, შემთხვევით თარიღებს არ ამოკვეთავდა ხოლმე. ესეც არ იყოს, ისტორია გვიდასტურებს, რომ არც ერთ ხალხს არ დაუწყია თავისი წელთაღრიცხვა არც ძველად და არც შედარებით ახლო წარსულში ალალბედზე და სახელდახელოდ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მაიას კალენდრის პირველი დღე – ”4 ახაუ 8 კუმხუ”, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წელს შეესაბამება, მაიას ისტორიის რაღაც მნიშვნელოვან თარიღს უნდა აღნიშნავდეს. ოღონდ ესაა, რომ კოპენის, პალენკეს, ვაშაკტუნისა და ჩიჩენ-იცის ძეგლებზე ”თვალდათხრილ” არქეოლოგებსა და მკვლევარება ჯერაც ვერ ამოუხსნიათ ეს საიდუმლო”.

ამავე აზრს იზიარებს ყოფილი საბჭოთა მეცნიერი ა. გორბოვსკი. იგი მაიას კალენდრის საწყისს წარღვნას უკავშირებს.

”შეიძლებოდა იმასაც ვცდილიყავით, – წერს ა. გორბოვსკი, – რომ უფრო მეტი სიზუსტით დაგვედგინა კატასტროფის ტარიღი. ცნობილმა მკვლევარმა იულიუს ოპერტმა ბრიუსელში გამართულ ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ამ ასიოდე წლის წინათ აუწყა მსმენელებს, თუ რა უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს სხვადასხვა უძველესი კალენდრების სათვალავის დასაწყისები.

ლოგიკური იქნება იმის ვარაუდი, რომ სხვადასხვა უძველეს ცივილიზაციათა წელთაღრიცხვას საფუძვლად რაღაც დიდმნიშვნელოვანი მოვლენა დაედო. ამას ორი კალენდრის – მაიასა და ინდუსების კალენდრების შეპირისპირებაც ადასტურებს.

ძველ ინდოეთში მთვარისა და მზის საკალენდრო ციკლი 2850 წელს შეადგენდა. ”კალიუგას” საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3102 წელს დაწყებულა. ამ თარიღიდან 3 ცილი რომ გადმოვთვალოთ, მივიღებთ 11 652 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე)

მაიას კალენდარი დაიწყო 3373 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. საკალენდრო ციკლი 2760 წელს შეადგენს. 3373 წლიდან 3 ციკლი რომ გადავთვალოთ, მივიღებთ 11 653 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ინდური და მაიას კალენდრების დასაწყისი 1 წლით რომ განსხვავდება, ადვილად ასახსნელი ამბავია: უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე ერთ წელს დაიწყო, მაგრამ თვეები იყო სხვადასხვა.

ამრიგად ხელთ გვაქვს 2 საგულისხმო თარიღი. ამ თარიღებთან ხომ არ არის დაკავშირებული კატასტროფა?

მაიას კალენდარში ბევრი რამ ამოიცნეს მკვლევარებმა, მაგალითად დაადგინეს, რას ნიშნავს ორმოცდათორმეტწლიანი ციკლი, თუმცა კალენდარში ყველაფერი როდია დადგენილი და გარკვეული! მაგალითად, ამოუხსნელი საკითხების რიცხვს ეკუთვნის შვიდიათას ორასდღიანი ციკლი (კატუნი), აგრეთვე 44 000 დღიანი ციკლი, რომელიც მაიას კალენდრის არც ერთ ერთეულზე არ იყოფა. გაუგებარია აგრეთვე მნიშვნელობა ”დიდი ციკისა” და ”უდიდესი ციკლისა” (57 600 000 დღე). მაიას ტომები თავიანთი კალენდრის ტყვეობაში მოექცნენ და ყველაფერს მას უმორჩილებდნენ, ყველაფერს რაღაც გარკვეულ ამბებს უკავშირებდნენ. მაინც რა მნიშვნელობა აქვს ამ ციკლებს? ან რა მოვლენით აღინიშნებოდა ეს 44 000 დღე, რომელიც არც ერთ კალენდარულ დაყოფას არ შეესაბამება?

როგორც ვხედავთ აქ ათას საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტი ერთია, – ყოვლად შეუძლებელია ასეთი კალენდარი შეედგინა ერს, რომელსაც არ გააჩნდა უდიდესი მათემატიკური ცოდნა. მაიას ქურუმები ფლობდნენ ოცნიშნა რიცხვებს, ანგარიშობდნენ მზის დაბნელებას და მრავალ ასტრონომიულ მოვლენას. მაგრამ მაიას ტომების ყველაზე დიდ მიღწევად მათემატიკაში ითვლება 0-ის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ნული – ეს აბსტრაქტული მათემატიკური ცნება – არც ერთი ქვეყნის მათემატიკოსებმა არ იცოდნენ. იგი ”ძველ სამყაროში” (ასე ეძახდნენ მსოფლიოს ამერიკის აღმოჩენამდე) ინდოელებმა გამოიყენეს და მერე თანდათანობით გავრცელდა ევროპაში. მაგრამ მაიას ტომები გაცილებით ადრე იცნობდნენ ნულს, ვიდრე ინდოელი მათემატიკოსები.


YouTube Video


Comments